
ზუსტად ერთი კვირაა, საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს, რა იყო ყოფილი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) დაბარების რეალური მიზეზი. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ მიზეზი „სოკართან“ გაფორმებული ერთ-ერთი ხელშეკრულებაა, რომლის ვადაც 2026 წელს იწურება. მეორე ნაწილის ვარაუდით, სრულიად შესაძლებელია, ეს მსხვილი ნავთობკომპანია „გაზპრომიც“ კი იყოს... „რეზონანსის“ კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, დავითაშვილისა და ჩიქოვანის სუს-ში დაბარების მიზეზი „სოკარსა“ და ყულევის ნავთობტერმინალს შორის არსებულ გაუგებრობას უკავშირდება.
სუს-ის ინფორმაციით, ლევან დავითაშვილი და მასთან ერთად, ნავთობისა და გაზის კოპორაციის ყოფილი დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. ეს გამოძიება მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას უკავშირდება. მეტიც, გამოკითხვისას, რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას შეეხო. მაშ, ასე, გვაქვს ორი ირიბი მინიშნება - მსხვილი ნავთობკომპანია და გაზმომარაგების პირობების გაუარესება. ასეთი კი „სოკარია“ - მსხვილი ნავთობკომპანია, რომელიც საქართველოს გაზს აწვდის.
ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ბუნებრივი გაზით მომარაგება ძირითადად ეფუძნება აზერბაიჯანთან („სოკარი“) გაფორმებულ ხელშეკრულებებს, რომლებიც მოიცავს, როგორც სოციალურ, ისე კომერციულ გაზს. აზერბაიჯანულ მხარესთან, გაზის დამატებითი მოცულობების მიღების შეღავათიანი ხელშეკრულება 2026 წელს იწურება.
მთავარი მომწოდებლები და ხელშეკრულებები, რომლებიც საქართველოს გაზმომარაგებას უკავშირდება: პირველ რიგში, ეს არის „სოკართან“ დადებული ხელშეკრულება, როგორც საქართველოს გაზით მომარაგების მთავარ წყაროსთან. ეს ხელშეკრულება უზრუნველყოფს სოციალურ გაზს მოსახლეობისა და ელექტროსადგურებისთვის; გარდა ამისა, გვაქვს შაჰ-დენიზის საბადო - ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობებისთვის. ყველაზე მთავარი, არის კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომელიც აზერბაიჯანთან გაფორმებული დამატებითი შეთანხმებაა და რომელიც 2026 წლამდე მოქმედებს. თუმცა, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები/მსჯელობა 2026 წლის შემდგომი პერიოდის ხელშეკრულებების გაგრძელებაზე.
სავარაუდოდ, სწორედ „სოკართან“ გაფორმებულ ამ უკანასკნელ ხელშეკრულებას უკავშირებს დავითაშვილ-ჩიქოვანის სუს-ში დაბარებას ენერგეტიკოსი, მურმან მარგველაშვილი, თუმცა „რეზონანსთან“ საუბრისას, ენერგეტიკოსმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულებების არა, მაგრამ მემორანდუმების გაფორმება ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდიდან დაიწყო. იმის ნაცვლად, რომ გაზსაცავი აგვეშენებინა, „სოკარს“ მივანდეთ გაზის მომარაგების დაბალანსება, შემდეგ „მახინჯი სტრუქტურა“ შემოვიღეთ სოციალური და ე.წ. კომერციული გაზის სახით.
„მოკლედ, ჩახლართული, გაუმჭვირვალე და არასაჯარო იყო ეს მემორანდუმი. მას შემდეგ, ბევრჯერ გადაიხედა სხვადასხვა ხელშეკრულებები, მაგრამ რთული სათქმელია, ბოლოს რას გადახედეს. ვისურვებდი, რამდენი მემორანდუმიც გაფორმდა ამდენი წლის მანძილზე, ყველა შესწავლილიყო, რათა დაგვედგინა, როგორ გაუარესდა მდგომარეობა იმასთან შედარებით, რაც შეიძლებოდა გაზსაცავის აშენების შემთხვევაში გვქონოდა.
დავითაშვილისა და ჩიქოვანის სუს-ში დაბარების მიზეზი ვეჭვობ ის ხელშეკრულებაა, რომლის ვადაც წელს იწურება. შესაძლოა, ოფიციალური პირები სწორედ ამას უწოდებენ გაზის მიწოდების გაუარესებას. დიახ, რეალურად, ეს მართლაც მდგომარეობის გაუარესებაა, მაგრამ თავიდანვე იყო ჩადებული ამ ხელშეკრულებაში, ანუ თავიდანვე ვიცოდით, რომ 2026 წელს ეწურებოდა ვადა და ამაში ახალი არაფერია“, - განუცხადა „რეზონანსს“ მურმან მარგველაშვილმა.
კონკრეტულად, რომელ ხელშეკრულებას და მეტიც, რომელ ნავთობკომპანიას გულისხმობენ სუს-ში, ამის დასახელება ენერგეტიკოსს გია არაბიძეს უჭირს. „რეზონანსთან“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ იმდენი ხელშეკრულება ფორმდება ყოველწლიურად, ძალიან ძნელია ზუსტი მიზეზის მიგნება.
„სუს-ში მსხვილ ნავთობკომპანიაზე საუბრობენ და გაზის მიწოდებაზე აკეთებენ აქცენტს. გამოდის, რომ რაღაც ხელშეკრულებაა დადებული იმ კომპანიასთან, რომელიც ნავთობსაც და გაზსაც აწვდის საქართველოს. თუ ამას გულისხმობენ, ვიცით, რომ გაზს მსხვილი ნავთობკომპანია „სოკარი“ გვაწვდის, მაგრამ გარდა ამისა, გვაქვს მრავალწლიანი ხელშეკრულება სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის კონსორციუმთან, საიდანაც გატარების 5% გვრჩება. ამავე კონსორციუმთან გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც 2026 წელს გასდის ვადა. ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული „გაზპრომთანაც“, რომლითაც 400 მილიონ კუბურ მეტრ გაზს ვიღებთ და ესეც კომერციული ხელშეკრულებაა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გია არაბიძემ.
ერთადერთი ხელშეკრულება, რომელმაც გაზმომარაგებაში გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა, „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება იყო, რომლის საშუალებითაც სომხეთისთვის მიწოდებული გაზის რაოდენობიდან 10% გვრჩებოდა ნატურით:
„როდესაც ეს პირობა შეიცვალა, ანუ ნატურა მოიხსნა, გატარების საფასურზე გადავედით, რაც ნიშნავს, რომ გატარებული გაზის საფასურს ვიღებდით. პრობლემაც ამიტომ გაჩნდა. მიზეზი ის იყო, რომ გატარების საფასურით, ბუნებრივია, იმ რაოდენობის გაზს ვერ ვიყიდდით ბაზარზე, რაც ნატურის 10%-ით გვრჩებოდა. თუ ამ ხელშეკრულებაზეა საუბარი, გაუგებარია, დავითაშვილი რა შუაშია ამ ხელშეკრულებასთან? ზუსტად ვიცი, რომ ამ პერიოდში ლევან დავითაშვილი არც ეკონომიკის მინისტრი ყოფილა და მით უფრო, არც ვიცე-პრემიერი“, - აღნიშნა არაბიძემ.
ცხადია, დეტალების დაზუსტებამდე, ნებისმიერი მოსაზრება მხოლოდ ვარაუდია, რომელიც ან გამართლდება და ან - არა. „რეზონანსის“ კარგად ინფორმირებული, კონფიდენციალური წყარო გვიამბობს, რომ მსხვილ ნავთობკომპანიაში, ცხადია, „სოკარი“ იგულისხმება, თუმცა დავითაშვილისა და ჩიქოვანის სუს-ში დაბარების მიზეზი სულ სხვაა. იგი „სოკარსა“ და „ბლექ სი პეტროლიუმს“ შორის არსებულ გაუგებრობას უკავშირდება.
ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პოსტი დატოვა, სწორედ „ბლექ სი პეტროლიუმში“ გადაინაცვლა, ის ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. დიზაინერ მაკა ასათიანის ოჯახის საკუთრებაში არსებული „ბლექ სი პეტროლიუმი“, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ყულევის ტერმინალში აშენებს, რომელიც აზერბაიჯანული „სოკარის“ საკუთრებაშია. აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ყულევის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (თიზ) მსხვილი საწარმოს მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან იგეგმება, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების დროს, „სოკარსა“ და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმება. თუმცა, ეს პროექტი არ განხორციელდა, რის გამოც თიზ-ის ინვესტორი შეიცვალა, ხოლო პროექტის განხორციელების ვალდებულება კომპანია „ფაზის ოილზე“ გადავიდა. ყულევის ტერმინალის განვითარება და იქ მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება ვერც „ფაზის ოილმა“ მოახერხა, რის გამოც ხელისუფლებამ ინვესტორი ჩაანაცვლა.
ის, რომ მაკა ასათიანის კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“, აზერბაჯანული „სოკარის“ მფლობელობაში არსებულ ყულევის ტერმინალში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას აშენებს, დიდი ხანია, ცნობილია. საინტერესოა, რა გაუგებრობა შეიძლება არსებობდეს „სოკარსა“ და „ბლექ სი პეტროლიუმს“ შორის, რაზეც „რეზონანსის“ წყარომ მიანიშნა. ამის პასუხსაც ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციების, ანუ ღია წყაროების საშუალებით მივაგენით.
მაშ, ასე, 2026 წლის იანვარში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სოკარი“ საქართველოში, ყულევის შავი ზღვის ტერმინალში, გაფართოების სამუშაოებს დაიწყებდა. სახელმწიფო კომპანიაზე დაყრდნობით, ეს ინფორმაცია აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა. კომპანიამ ტერმინალის გაფართოება დააანონსა და ოთხი ახალი საცავი ავზის მშენებლობა დაგეგმა. თითოეული ავზი 20 000 კუბური მეტრის ტევადობის იქნება. „სოკარის“ განცხადებით, ყულევის ტერმინალში რეზერვუარების ახალი პარკის მშენებლობა წელს დაიწყება და 2027 წელს დასრულდება. პარალელურად, დაგეგმილია რკინიგზის ახალი ესტაკადისა და ტალღმტეხის კონცეფციის შერჩევის ეტაპის დასრულება და მესამე ნავმისადგომის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ჩატარება.
ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ზუსტად ერთ თვეში, ანუ 2026 წლის თებერვალში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბლექ სი პეროლიუმმა“ მნიშვნელოვანი საინჟინრო და სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა ტექნოლოგიურ გიგანტ, ამერიკულ „ჰანიველთან“. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს ნავთობგადამუშავების ძირითადი დანადგარების დაპროექტებასა და ლიცენზირებას, რაც წინგადადგმული ნაბიჯია, როგორც კომპანიისთვის, ისე საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებისათვის.
„ბლექ სი პეტროლიუმი“ ყულევში აშენებს სრული ციკლის, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომლის ნომინალური წლიური წარმადობა 4.5 მილიონ ტონამდეა. პროექტის ფარგლებში კომპანიამ უკვე წარმატებით დაასრულა ქარხნის პირველი ეტაპი, წლიური ნომინალური სიმძლავრით - 1.2 მილიონი ტონა. ამჟამად მიმდინარეობს მეორე ეტაპის მშენებლობა, რომლის ნომინალური სიმძლავრე, წელიწადში 3.3 მილიონი ტონა იქნება.
შეთანხმების საფუძველზე, „ჰანიველი“ უზრუნველყოფს პროექტს საჭირო ტექნოლოგიური ლიცენზიებით, საბაზისო ინჟინერიით, სპეციალიზებული აღჭურვილობითა და კატალიზატორებით. აღნიშნული თანამშრომლობა საშუალებას მისცემს „ბლექ სი პეტროლიუმს“, აწარმოოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის საავიაციო ნავთი, ბენზინი, დიზელი და საზღვაო საწვავი.
„ბლექ სი პეტროლიუმის“ პროექტი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. კომპანიაში აცხადებენ, რომ „ჰანიველთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საშუალებით, ადგილობრივი წარმოება განვითარდება, შემცირდება იმპორტზე დამოკიდებულება და რაც მთავარია, მნიშვნელოვნად გაძლიერდება, როგორც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება, ასევე დამოუკიდებლობა.