
„ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კვლავ გამოჩნდა საჯაროდ. ეს 27 თებერვალს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოხდა, სადაც მთავარი საკითხი ბრიტანეთის მიერ ქართული ტელეკომპანიების - „იმედისა" და პოსტვ"-ის დასანქცირება იყო.
ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ტელეარხების დასანქცირება „ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელოვანი საკითხია. ამიტომ პირადად ივანიშვილს მოუწია გამოჩენა და მხარდამჭერების „დამშვიდება, რომ ყველაფერი ძველებურადაა"; ნაწილი კი ამბობს, რომ ივანიშვილის გამოჩენაში „განსაკუთრებულ ინტრიგას" ვერ ხედავს და შესაძლოა სხდომაზე უფრო სერიოზული საკითხებიც იხილებოდა, მაგალითად, რას მოიმოქმედებს „ოცნება", თუ დიდი ბრიტანეთი ამ საქნციებზე არ გაჩერდება.
პოლიტსაბჭოს სხდომა გასულ პარასკევს პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის - „იმედისა" და „პოსტვ"-ის დასანქცირების საკითხზე, პარტიის განცხადება გააცნო.
პოლიტსაბჭოს შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია.
„მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო...
„როგორც კი რადიკალურმა ოპოზიციამ უცხოელი პატრონების მხრიდან „იმედისა" და „პოსტვის" სანქცირებით ერთჯერადი დახმარება მიიღო, ერთიანი „მესიჯბოქსით" დაიწყეს აბსურდის მტკიცება, თითქოს, ხელისუფლება და თავისუფალი ქართული მედია ჩამოშლის პირას იყო. ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია და ამავდროულად, ამ ადამიანების ტრაგედია, რომ მათი შეხედულებით, საქართველოს ბედს არა ქართველი ხალხი, არამედ გარე ძალა უნდა წყვეტდეს", - მიიჩნევს მმართველი პარტია.
რას ნიშნავს ივანიშვილის გამოჩენა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნების" ოპონენტების მიერ შეთხზული ნარატივია, რომ თითქოს ივანიშვილი პოლიტსაბჭოს სხდომაზე სპეციალურად ტელემედიების დასანქცირების საპირწონედ გამოჩნდა.
„ოპოზიციური არხებისა და ექსპერტების მიერ შეთხზული ნარატივია, რომ თითქოს „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე ივანიშვილის გამოჩენა აუცილებლად „პოსტვ"-ისა და „იმედის" დასანქცირებას უკავშირდება.
„არ ვიცით ნამდვილად ასეა თუ არა. შესაძლოა იქ რაღაც გადაუდებელი, ან რაღაც დაგეგმილი საქმეებია, რაზედაც ივანიშვილის დასწრება და მისი უშუალო კონტაქტი იყო საჭირო პოლიტსაბჭოს წევრებთან. მე პირადად ასე პირდაპირ არ დავაკავშირებდი, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ტელევიზიების დასანქცირებაც ყოფილიყო განხილვის საგანი.
- ზაალ ანჯაფარიძე: „ივანიშვილს განცხადების გაკეთება რომ სდომოდა, გააკეთებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, საჭიროდ არ ჩათვალა და თუნდაც მარტო მისი გამოჩენაც „ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის საკმარისი იქნებოდა გარკვეული სიგნალების მისაღებად, რომელიც შეიძლება ვერბალურად არც საჭიროებს გაჟღერებას."
„ბრიტანეთის მიერ დასანქცირების აქტი ორი ტელეკომპანიის მასშტაბებს სცდება, უფრო შორსმავალ მიზნებზეა გათვლილი, რომელიც „ოცნების" დასუსტებას და ოპოზიციის გაძლიერებას ემსახურება.
„იქიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილი გამორჩეული ფიგურაა, გასაგებია, რომ როგორც პროსახელისუფლებო, ისე ოპოზიციური მედიის მხრიდან მომატებულია მისდამი ყურადღება და ამ საკითხის ზედმეტად დრამატიზება უადგილოა", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
კითხვაზე, თუ რამდენად საფუძვლიანია ხელისუფლების ოპონენტთა ვერსია, რომ ივანიშვილის საჯაროდ გამოჩენის მთავარი მიზანი ხელისუფლების მხარდამჭერთა დამშვიდება იყი, ანჯაფარიძემ გვითხრა:
„ნებისმიერი ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ასეთ არაორდინალურ სიტუაციაში თავისი მხარდამჭერები და საზოგადოება დაამშვიდოს. ლიდერების განცხადებებიც ამისკენ იყო მიმართული. ივანიშვილს განცხადების გაკეთება რომ სდომოდა, გააკეთებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, საჭიროდ არ ჩათვალა და თუნდაც მარტო მისი გამოჩენაც „ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის საკმარისი იქნებოდა გარკვეული სიგნალების მისაღებად, რომელიც შეიძლება ვერბალურად არც საჭიროებს გაჟღერებას", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ივანიშვილის გამოჩენა სწორედ მხარდამჭერების დამშვიდებას უკავშირდება.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლისთვისაც ივანიშვილი ეკრანებზე გამოჩნდა, სწორედ „იმედისა" და „პოსტვ"-ის დასანქცირება იყო, საზოგადოების და ძირითადად მათი მხარდამჭერების დამშვიდება, რომ ყველაფერი ძველებურადაა, სახიფათო არაფერია, თითქოს ამით არ შეშინდებიან და უკან არ დაიხევენ. თუმცა, მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოანია. შეიძლება არხების დასანქცირება იმდენად არა, რადგან „რუსთავი 2" და საზოგადოებრივი მაუწყებელი რჩება, რომლებსაც ხელისუფლება აკონტროლებს. თუ იძულებულები გახდებიან, რომ ეს არხები დახურონ, ეს გადაცემები ნელ-ნელა იქით გადავა და ორი პროპაგანდისტული არხიც საკმარისია საქართველოსთვის", - განაცხადა ძაბირაძემ.
შესაძლო გაგრძელება
ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ ბრიტანეთი ამ სანქციებზე არ გაჩერდება და ამაზე პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი.
„პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეიძლებოდა განხილულიყო სხვა უფრო მნიშველოვანი საკითხები, მაგალითად, ის, თუ ბრიტანეთის ხელისუფლებამ კიდევ რა შეიძლება მოიმოქმედოს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ხელისუფლება ამისთვის მზად რამდენად არის.
„პრემიერ მინისტრის განცხადება, რომ ჩვენ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით, ეს სწორედ ერთგვარი სიგნალია როგორც ადგილობრივი, ისე გარე აუდიტორიისთვის, რომ „ოცნება" სარკისებრი ზომების მიღებას არ აპირებს.
„ჩემი ანალიზით, ბრიტანეთი ამ სანქციებზე არ გაჩერდება, რადგან, როგორც ჩანს, მას გადაწყვეტილი აქვს საქართველოში ისეთი პროცესების ინიცირება, რომელიც ოპოზიციას ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში წაეხმარება. დიდი ბრიტანეთი იმიტომ იქნა არჩეული, რომ ევროკავშირში სანქიებს კონსენსუსი და დიდი დრო სჭირდება, ბრიტანეთს კი ეს პრობლემა არ აქვს. იქ ჩადიოდნენ ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რამდენიმემ ეს აღიარა კიდეც და როგორც ჩანს, მიზანს მიაღწიეს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ვახტანგ ძაბირაძე ასევე ფიქრობს, რომ სანქციებს გაგრძელება ექნება.
„ჩვენმა პარტნიორებმა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს და განაცხადეს, რომ არ გაჩერდებიან. შემდეგ შეიძლება იყოს სერიოზული პერსონების, მათ შორის ივანიშვილის დასანქცირება, ან შეიძლება ეს პირველი მერცხალი გამოდგეს - ევროკავშირმაც უვიზო მიმოსვლა აკრძალოს.
- ვახტანგ ძაბირაძე: „ივანიშვილს ეს პრობლემა აქვს - აქამდე თუკი ფიქრობდნენ, რომ მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა, ახლა დარწმუნებული არიან და პროცესიც ამას აჩვენებს, რომ ალბათ მთელი დასავლეთი დაასანქცირებს."
„ივანიშვილს ეს პრობლემა აქვს - აქამდე თუკი ფიქრობდნენ, რომ მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა, ახლა დარწმუნებული არიან და პროცესიც ამას აჩვენებს, რომ ალბათ მთელი დასავლეთი დაასანქცირებს. „ოცნების" განცხადებაში ისევ ურთიერთობების დალაგებაზეა საუბარი, ამის იმედი შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ არ მგონია გამოვიდეს", - განაცხადა ძაბირაძემ.