
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულ სიტუაციაზე დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს „განურჩეველს და არაპროპორციულს" უწოდებენ.
მათივე თქმით, ისინი „ზომებს მიიღებენ" თავიანთი ეროვნული ინტერესებისა და რეგიონში მოკავშირეების ინტერესების დასაცავად.
Sky News-ის ინფორმაციით, განცხადებას ავრცელებენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტრარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი. ამასთან, აღინიშნება, რომ ისინი „შეძრწუნებულები" არიან ირანის მიერ მოკავშირეებზე „უგუნური" თავდასხმებით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაბიჯები პოტენციურად შეიძლება მოიცავდეს ირანის რაკეტებისა და დრონების განადგურების მიზნით აუცილებელი და პროპორციული თავდაცვითი ზომების მიღებას.
„ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს ჩვენი და რეგიონში ჩვენი მოკავშირეების ინტერესების დასაცავად, პოტენციურად აუცილებელი და პროპორციული თავდაცვითი ქმედებების განხორციელების გზით", - ნათქვამია ლიდერების განცხადებაში,
რომელსაც ციტირებს გარდიანი. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამის მისაღწევად აშშ-სთან და რეგიონში სხვა მოკავშირეებთან ითანამშრომლებენ.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე ვითანამშრომლებთ აშშ-სთან და რეგიონში მოკავშირეებთან", - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიის საგარეოს საქმეთა მინისტრის იოჰან ვადეფულის თქმით, გერმანია ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთვება. მინისტრმა ამასთან განმარტა, რომ გერმანია დაიცავს თავის ჯარისკაცებს, რომლებიც იორდანიასა და ერაყში მულტინაციონალურ სამხედრო ბაზებზე არიან განთავსებულნი, თუ მათზე თავდასხმა განხორციელდება.
„ფედერალურ ხელისუფლებას კონფლიქტში მონაწილეობის განზრახვა არ აქვს, ჩვენ ამასთან არ გვაქვს საჭირო სამხედრო რესურსები", - განაცხადა მინისტრმა.
საფრანგეთი კი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ყოფნას აძლიერებს. „საფრანგეთი გააძლიერებს თავის [სამხედრო] პოზიციას და თავდაცვით მხარდაჭერას, რათა დადგეს მათ გვერდით, ვისთანაც გვაქვს თავდაცვის ხელშეკრულებები და შევძლოთ ჩვენი პოზიციის ადაპტირება ბოლო რამდენიმე საათის მოვლენებთან", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
ამასთან, ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებთ მაქსიმალური თავშეკავებისკენ, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ და საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების პრინციპებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრული პატივისცემისკენ. ნებისმიერი გაჭიანურებული ომი ახლო აღმოსავლეთში დიდ დანაკარგს გამოიწვევს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით გაავრცელა.
მისი განცხადებით, ირანის თავდასხმები და რეგიონში არსებული რიგი ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევა გაუმართლებელია.
„ირანმა თავი უნდა შეიკავოს განურჩეველი სამხედრო დარტყმებისგან. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ რეგიონში პარტნიორებს, რომლებსაც თავს ესხმიან ან ზარალდებიან. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვის მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისია ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ევროპა საბრძოლო მოქმედებებში ჩართვისგან თავს შეიკავებს.
„ევროპას ცოტა განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. მაგალითად საფრანგეთმა ერთგვარი დისტანცია დაიჭირა ამ კონფლიქტისგან. თუმცა, მას მერე, რაც მის სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა, უცნობია როგორ პოზიციას დაიჭერს.
„კონფლიქტს ბრიტანეთი შეუერთდა, რადგან კვიპროსზე მისი სამხედრო ბაზა ააფეთქეს. რაც შეეხება გერმანიას, მე ასე მგონია, რომ ამ ანტიირანულ ალიანსს ის არ შეუერთდება, რომელშიც არიან ისრაელი, ამერიკა და ბრიტანეთი.
საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ევროპა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებისგან თავს შეიკავებს. ამ ეტაპზე გამოიკვეთა ის სამი ქვეყანა, რომელიც კონფლიქტში არიან ჩაბმული", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".