მარიამ ვეკუა
02.03.2026

ახლო აღმოსავლეთში გამწვავებულმა ვითარებამ საქართველოს შიდა პოლიტიკურ დისკუსიას ახალი ტემპი შესძინა - მმართველი გუნდი რეგიონში მშვიდობის აუცილებლობაზე საუბრობს და პარტნიორებს სოლიდარობას უცხადებს, მაშინ როცა ოპოზიცია ხელისუფლებას საგარეო კურსის „არასწორ არჩევანში" ადანაშაულებს და რისკებზე მიუთითებს.

საქართველოს მთავრობა სოლიდარობას უცხადებს, როგორც ირანს ასევე ყურის არაბულ ქევყნებს.

„სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო.

  • მთავრობა: „საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად"

საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს.

საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად", -ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საბრძოლო მოქმედებები 28 თებერვლის დილას ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე საჰაერო შეტევით დაიწყო. ამას წინ უძღოდა აშშ-ირანის მოლაპარაკებები, რომელიც უშედეგო გამოდგა.

მედიაში ვრცელდება ინფრომაცია იმაზეც, რომ თბილისის მერი კახა კალაძე შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ-დაბიში, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით,გამოფრენას ვერ ახერხებს.

ოპოზიციის ვარაუდები

„ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„დიდება თავისუფალ ირანელ ხალხს!!! დიდება ისრაელსა და ამერიკას. დიდება საქართველოს.

ეს არის პატრიოტული, ქართული და სწორი პოზიცია !!! ირანის პირსისხლიანი რეჟიმის და მისი ლიდერის ამობუგვამდე 2 კვირით ადრე, ისევ არასწორ მხარეს დააყენა საქართველო!!! არაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავის საცოდავი პრემიერი ამათთან სატირალში გაუშვა მომკივან დედაბერად - ამერიკის და ისრაელის სიკვდილის მომკივან დარბაზებში!!! არც იმას, სახელმწიფო თანამდებობის პირებს შაჰ-აბასის მიერ კახეთის აოხრების 400 წლისთავი რომ აზეიმა!!!

ეხლა იკნავლეთ მშვიდობის კუნძულებზე, ოღონდ ეს ანძა მშვიდობის ფერებში გაანათეთ, ვინმეს რამე არ ეგონოს ციდან", - წერს დათუნაშვილი.

ქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს და ირანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, მისი თქმით, სწორედ საქართველო ეხმარება "მათ სანქციების გვერდის ავლაში" და ასევე, "ივანიშვილი ეხმარება რეჟიმს ფულის გარეცხვაში".

  • სააკაშვილი: ჩვენი საზღვრები ისევ ჩვენი დასაცავია, საზოგადოება უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილად"

"ტრამპი მაგრად უსრულებს პუტინს. ასადი, მადურო, ხამენეი და აქ ივანიშვილისნაირები ხურდაში მოჰყვებიან.

მაგრამ არსებობს სერიოზული საფრთხე, სულ რამდენიმე დღეში, რეჟიმის წევრი, ასობით ათასი ისლამისტი, რომელსაც არცერთი სხვა ქვეყანა არ მიიღებს, აუცილებლად მოადგება საქართველოს. ვინაიდან სწორედ საქართველო ეხმარება მათ სანქციების გვერდის ავლაში, ივანიშვილი ეხმარება რეჟიმს ფულის გარეცხვაში და ვინაიდან მათ ფული აქვთ, აქაური რეჟიმი ფულზე საკუთარ დედასაც გაყიდის, დიდია საფრთხე ამ საშიში ელემენტების საქართველოში დასახლების.

ზუსტად მაქვს ინფორმაცია, რომ რეჟიმის რამდენიმე მაღალჩინოსანმა, ე.წ. არაბულ ქალაქებში აქ, ბინები ისედაც შეიძინა.

ჩვენი საზღვრები ისევ ჩვენი დასაცავია, საზოგადოება უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილად" , - სააკაშვილი Facebook-ზე.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

,,რუსეთი ყველა ფრონტზე აგებს: ვერ ახერხებს უკრაინაში გამარჯვებას, ვერ ახერხებს ცალმხრივი მშვიდობის დაწესებას, კარგავს ძველ მოკავშირეებს - სირიას, სომხეთს - და ახლა ირანსაც!", - წერს ზურაბიშვილი.

‘"ოცნების" პოზიცია

„ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობით, რადგან რაიმე ტიპის საომარი ხანგრძლივი ესკალაცია არ შეიძლება მისასალმებელი იყოს საქართველოსთვის.

„ჩვენ რადიკალებისგან განსხვავებით ვართ ხელისუფლება. ყველა ჩვენს სიტყვას და კომენტარს მნიშვნელობა აქვს, რომელიც, შეიძლება, საქართველოს დღევანდელ დღეზეც და მომავალზეც აისახოს. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა ირანული მხარე და ისინი მზად არიან მოლაპარაკებისთვის. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება და ისინი დიპლომატიურ გზებს გამონახავენ.

გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ესაუბრა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე - სოლიდარობაც გამოუცხადა, მათ გულთბილი საუბარი ჰქონდათ. ის ფაქტი, რომ ასეთ მძიმე ჟამს გამონახა დრო და საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს დაუთმო, უკვე კარგია და მეტყველებს ამაზე, რომ ჩვენს პოზიციას მათთვის გარკვეული წონა აქვს. - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა

პარლამენტის ვიცე - სპიკერი, ნინო წილოსანი კი მიხეილ სააკაშვილის მიერ, ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწერილ პოსტს ეხმიანება.

წილოსანის განცხადებით, „ომი გინდათ?" კითხვა ახლა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და შესაფერისია რადიკალურ ოპოზიციასთან მიმართებით.

„სააკაშვილის და „ნაცების" ჟრიამული - „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში" სხვა არაფერია, თუ არა დაუოკებელი სურვილი, ბომბების ხმა ესმოდეთ საქართველოში

ამიტომ, კითხვა რადიკალებს - „ომი გინდათ?" - ახლა ისეთი რელევანტურია, როგორც არასდროს", - წერს ნინო წილოსანი.

შეგახსენებთ, მანამდე სააკაშვილმა დაწერა: "დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია, ხალხი ზეიმობს, ღმერთო ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში"

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×