თამთა ჩაჩანიძე
02.03.2026

"ქართულ ოცნებას" ახალმიღებულ "საარჩევნო კოდექსში" დამატებით შეაქვს ცვლილებები, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებს ეხება და რომლის მიხედვითაც კოდექსში ჩაიწერება, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს.

"ოცნების" შეფასებით, ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო დამკვირვებელი "გათავისუფლებული იქნება ქართული პოლიტიკური გემოვნების შიდა სიტუაციისგან".

საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებზე პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით. საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე - 18 წლის ასაკიდან. პროექტით ასევე განისაზღვრება საერთაშორისო დამკვირვებლების თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურები.

ამავე ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიო-მონიტორინგის წესი ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება. შესატანი ცვლილებების ინიციატორები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი დეპუტატები არიან. "ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პირველი მოსმენით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2 მარტს წარადგინა.

ცვლილებების მიზანი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ადგილობრივმა დამკვირვებლებმა შიდა სიტუაცია კარგად იციან და "ოცნებას" ამის თავიდან აცილება სურს.

"იციან, რომ იგივე ადგილობრივმა დამკვირვებელმა საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის შიდა სამზარეულო უფრო კარგად იციან, უცხოელი პარტნიორები კი ადგილობრივ არასამთარობოებთან თანამშრომლობენ, რომლებიც საარჩევნო საკითხებში კომპეტენტურები არიან, მაგალითად, "სამართლიან არჩევნებთან".

  • ნიკა ჩიტაძე:"უცხოელს, ვიღაცას აკრედიტაციას მისცემენ, ვიღაცას არა. უცხოელიც მათთვის მისაღები უნდა იყოს. თავისთავად ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების შენარჩუნებას აპირებენ".

"უცხოელს, ვიღაცას აკრედიტაციას მისცემენ, ვიღაცას არა. უცხოელიც მათთვის მისაღები უნდა იყოს. თავისთავად ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების შენარჩუნებას აპირებენ. მითუმეტეს ჯერ პოლიტიკური პარტიები არ გაუუქმებიათ, მაქსიმალურად ეცდებიან, რომ კიდევ ერთხელ გააყალბონ არჩევნები, ესაა 2028 წლისთვის მზადება",- განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ უცხოეთიდან მოვლენილი "ნეგატიურს არაფერს ჩაიდენს".

  • ედიშერ გვენეტაძე: "უცხოეთიდან მოვლენილი ისე უარყოფითს და ნეგატიურს არაფერს ჩაიდენს, ვიდრე ამას წლების მანძილზე ის ადამიანები სჩადიან, რომლებსაც სამწუხაროდ სამშობლო არ აქვთ"

"ამის მიზანია, რომ ადგილობრივი ე.წ. საერთაშორისო დამკვირვებლები სუფთა ე.წ. მეხუთე კოლონის წარმომადგენლები არიან, რომლებიც გარედან იმართებიან, თავიდან იქნას არიდებული.

"ის უცხოეთიდან მოვლენილი ისე უარყოფითს და ნეგატიურს არაფერს ჩაიდენს, ვიდრე ამას წლების მანძილზე ის ადამიანები სჩადიან, რომლებსაც სამწუხაროდ სამშობლო არ აქვთ. ვიცით რას აკეთებდა "საერთაშორისო გამჭვირვალობაც", "სამართლიანი არჩევნებიც" და სხვებიც. "ისფედს" ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია ის შედეგები, რომელიც 2024 წლის არცევნებისთვის მზადდებოდა",- განაცხადა გვენეტაძემ.

"ოცნების" განმარტება

დავით მათიკაშვილის თქმით, ცვლილება შესაძლებელს გახდის,

"მაქსიმალურად შემცირდეს შესაძლებლობა იმისა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის პირადი მიკერძოების ჭრილში არაობიექტური და ორაზროვანი ინფორმაცია იყოს მიწოდებული". როგორც მათიკაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, 2020 წლის არჩევნებზე დაკვირვების ჭრილში ისეთი მოცემულობა იყო შექმნილი, როცა პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების მცდელობას ჰქონდა ადგილი.

მათიკაშვილის განცხადებითვე, ნორმა, რომლის თანახმად, საერთაშორისო საარჩევნო ორგანიზაციის დამკვირვებელი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძლება იყოს, დამკვირვებლის საერთაშორისო სტანდარტთან თავსებადია.

"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესების მათეული შეფასება დაცლილი იქნება პოლიტიკური მდგენელისგან, სხვადასხვა პარტიული ინტერესისგან და საბოლოო ჯამში, იქნება მაქსიმალურად ობიექტური და ნეიტრალური.

"ბუნებრივია, ეს 100%-ით ვერ დააზღვევს იმას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ არჩევნების შეფასებისას მიკერძოება და ორმაგი სტანდარტი არ გამოხატოს, თუმცა წესი, რომლის მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება, ამ რისკს მინიმუმამდე დაიყვანს, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიტიკური მიკერძოებისგან და მდგენელისგან, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ წიაღში იბადება, მეტ-ნაკლებად გათავისუფლებულია.

"საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მიმართებით მსგავსი გამოცდილება გვაქვს", - განაცხადა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×