"ტენდენცია, სავარაუდოდ, 1-2 თვის შემდეგ ნათლად და გარკვევით გამოიკვეთება"
ქეთო გოგოხია
02.03.2026

კომპანიებმა უცხოელი დასაქმებულების სამსახურიდან გაშვების პროცესი დაიწყეს. ამის ვალდებულება მათ კანონით აქვთ. 1-ლი მარტიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, მთავრობა ადგენს წლიურ კვოტებს იმ პროფესიებზე, რომლებიც არ მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას. კვოტა დაწესდა საკურიერო საქმიანობაზე; მგზავრთა გადაყვანასა და ტურისტული გიდის მომსახურებაზე. როგორც დამსაქმებელთა ასოციაციაში აცხადებენ, არარეგისტრირებული უცხოელები რამდენიმე კომპანიამ უკვე გაათავისუფლა, თუმცა მათი რაოდენობა ჯერჯერობით არ კონკრეტდება. როგორც ასოციაციაში  აცხადებენ, ტენდენცია უფრო 1-2 თვეში გამოიკვეთება და ცნობილი გახდება, რამდენმა უცხოელს ეთქვა უარი საქართველოში მუშაობაზე.

იმისთვის, რომ უცხოელმა მიგრანტმა კანონიერად იმუშაოს, 1-ლი მარტიდან საჭიროა: შრომითი ხელშეკრულების გაფორმება; „შრომითი საქმიანობის უფლება“ და მოქმედი ბინადრობის ნებართვა ან დ1 კატეგორიის ვიზა.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე გახლავთ სწორედ „შრომითი საქმიანობის უფლება“, რომლის გარეშეც უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება აკრძალული იქნება.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ შურღაიამ "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, რომ ამიერიდან არალეგალი პირების გამოვლენა უფრო გამარტივებულია. 

,,დღეს უკვე განსხვავებული მოცემულობაა, დამსაქმებლები ვალდებული არიან, თუკი სურთ უცხოელი დაასაქმონ, გარკვეული პროცედურა დაიცვან: ჯერ გამოაქვეყნონ ვაკანსია, დაელოდონ, რა გამოხმაურება იქნება ადგილობრივი კადრის მხრიდან და თუ არ იქნება საკმარისი, მერე დაასაქმონ უცხოელი, რომლის კვალიფიკაცია აკმაყოფილებს ქართული ბაზრის მოთხოვნას. 

როგორც უკვე ვიცით, უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ რეგისტრაცია, ვეღარ იმუშავებენ ტაქსის მძღოლებად, კურიერებად და გიდებად. ვინც არიან დასაქმებულები, 2027 წლის 1-ლი იანვრამდე უნდა  მოასწესრიგონ საბუთები. თუკი მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, დასაქმებას შეძლებენ.  

დღეს უკვე გვაქვს შემთხვევებია, როცა დამსაქმებლებს უცხოელების სამსახურიდან დათხოვნა მოუწიათ.  რესტორნებიდან ასეთი რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე სამშენებლო კომპანიებიდან. ჯერ არ გვაქვს სტატისტიკა, რამდენია გათავისუფლებულთა რაოდენობა. ტენდენცია, სავარაუდოდ, 1-2 თვის შემდეგ გამოიკვეთება. სადაც არარეგისტრირებული უცხოელები ჰყავდათ დასაქმებული, ყველგან იქნება ასეთი შემთხვევა", - განაცხადა ვახტანგ შურღაიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

მისივე შეფასებით, ცვლილებას დადებითი ეფექტი გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე უარყოფითი. მთავარია, ბიზნესი  იყოს გამჭვირვალე და სწორად ინფორმირებული. 

,,კანონს აქვს გარდამავალი პერიოდი, შეიძლება საწყის ეტაპზე რეგულაციასთან შეგუება გაუჭირდეთ, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში სარგებელს ბევრი დაინახავს. ამასთან, უკვე დასაქმებული პირების მიმართ კანონი მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან იმოქმედებს. ესეც ბიზნესს გარკვეული ლავირების შესაძლებლობას აძლევს. 

თუკი არალეგალური დასაქმების რისკებზე ვსაუბრობთ, ეს პრობლემა არსებობს დღესაც, მათ შორის ადგილობრივ კადრებთან მიმართებითაც. არ მგონია, გართულდეს ამ მხრივ მდგომარეობა ან არალეგალური დასაქმების მასშტაბი გაიზარდოს, პირიქით, მათი გამოვლენა უფრო გამარტივდება. ზოგადად, კანონი გამოძახილია იმ საერთაშორისო გამოწვევებისა, რაც ზოგადაგ განვითარებულ ქვეყნებშიც არსებობს. ცხადია, მეტი დადებითი ეფექტი ექნება, ამისთვის ბიზნესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სწორად ინფორმირებული", - განაცხადა ვახტანგ შურღაიამ.

რაც შეეხება უძრავი ქონების ბაზარს, დეველოპერულ ბიზნესში ეს პრობლემა ნაკლებადაა, თუმცა სამშენებლო სფეროში საკმაოდ ბევრი უცხოელია დასაქმებული. როგორც კომპანია ,,არსის" აღმასრულებელმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნა, თუკი სამშენებლო კომპანიებში კადრების გაჩნდება დეფიციტი ან რაიმე მიზეზით პროდუქციის თვითღირებულება მოიმატებს, დეველოპერებსაც მოუწევთ ფასების გადახედვა.

,,დღეის მდგომარეობით, დეველოპერულ ბიზნესში უცხოელი მუშახელი ნაკლებადაა. ვისაც ვუკვეთავთ, არც მათ ჰყავთ დიდი რაოდენობა, მაგრამ ზოგადად სამშენებლო კომპანიებში უცხო ქვეყნების მოქალაქეა ნამდვილად არიან დასაქმებულნი. რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმას, რომ ქართველის დასაქმება სჯობს, მაგრამ ხშირად არც კომპეტენციები და არც მუშაობის მსურველთა რაოდენობა არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნას. 

სამშენებლო კომპანიები თუ იტყვიან, რომ შეზღუდვით თვითღირებულება გაეზარდათ, რა თქმა უნდა, ჩვენზეც აისახება. ჯერ ადრეა თქმა, იქნება თუ არა კადრების დეფიციტი ბაზარზე, მაგრამ ტენდენცია თუ დაიწყება, ფასი მოიმატებს", - განაცხადა ორთოიძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

როგორც ცნობილია, „უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის და ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვისა და განვითარების მიზნით“, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებაა. 

იმისთვის, რომ უცხოელმა თანამშრომელმა კანონიერად იმუშაოს, 1-ლი მარტიდან საჭიროა: შრომითი ხელშეკრულების გაფორმება; „შრომითი საქმიანობის უფლება“ და მოქმედი ბინადრობის ნებართვა ან D1 კატეგორიის ვიზა.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე გახლავთ სწორედ „შრომითი საქმიანობის უფლება“, რომლის გარეშეც უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება აიკრძალა.

შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა როგორც უცხოელი თანამშრომლის, ისე დამსაქმებლის დაჯარიმებას გამოიწვევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×