
ახლო აღმოსავლეთში განვითარებული დაძაბული მდგომარეობის ფონზე, მსოფლიოში ბარელი ნავთობის ფასი ცოტათი გაიზარდა, თუმცა მკვეთრი ნახტომი არ შეინიშნება. არის პროგნოზები, რომ თუ მდგომარეობა გართულდება შესაძლოა, რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარამდე გაიზარდოს. შექმნილი ვითარების ფონზე ოპეკის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების გაზრდაზე შეთანხმდნენ. ქართველი სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ვითარება არ გართულდება და პირიქით, სტაბილიზაციისკენ წავა.
როგორც ცნობილია, ირანმა უკვე ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, საიდანაც ნავთობით დატვირთული ტანკერები მოძრაობენ. ამ გზით მომავალი ნავთობი მართალია 20-25%-ს შეადგენს და ეს მცირე ნაწილია, მაგრამ ფაქტია, ამ ეტაპისთვის არსებული მცირედი ცვლილება, სწორედ, სწორედ მას უკავშირდება.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჯერჯერობით საწვავის ფასის ცვლილება მოსალოდნელი არაა, რადგან გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი რყევა არ აღინიშნება. სამომავლოდ, არსებული კონფლიქტის ფონზე, ნავთობმა გაძვირება თუ გაგრძელა, ეს შეიძლება საქართველოს ბაზარზეც აისახოს.
ჰორმუზის სრუტის აკეტვის ფონზე 1 ბარელი ნავთობის ფასი 73 დოლარიდან თავდაპირველად 79 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა მალევე კლება დაიწყო და გუშინ დღის ბოლოს 77 დოლარამდე ჩამოვიდა. კომპანია "სითის" ანალიტიკოსები მოელიან, რომ მიმდინარე კონფლიქტის ფონზე "ბრენტის" ტიპის ნავთობზე ფასი ამ კვირაში ბარელზე 80 დოლარის დიაპაზონში იქნება.
„ჩვენი საბაზისო სცენარი ირანში ხელმძღვანელობის ან რეჟიმის მთლიან ცვლილებას გულისხმობს, რაც ომის ერთ-ორი კვირაში დასასრულებლად საკმარისია. ამავე ვადაში შესაძლებელია, ვაშინგტონმა დეესკალაცია გადაწყვიტოს და ხელმძღვანელობის შეცვლას, ასევე ირანის სარაკეტო-ბირთვული პროგრამების შეჩერებას დააკვირდეს,“ - აცხადებენ ანალიტიკოსები.
ამასობაში "ოპეკი პლუსის" რვა ქვეყანა სასწრაფოდ შეთანხმდა, რომ აპრილში ნავთობის წარმოების სამიზნე მაჩვენებლები დღეში 206 000 ბარელით გაზარდონ. ეს გარკვეულწილად დააბალანსებს შესაძლო დეფიციტს, რომელიც სანავთობო ბაზარზე შეიძლება განდეს.
საინტერესოა, აღნიშნული ვითარება რა გავლენას იქონიებს საქართველოში, უნდა ველოდოთ თუ არა საწვავზე გაძვირებას და როგროია ამ კუთხით არსებული ვითარება ჩვენს ქვეყანაში?
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის, არც საერთაშორისო და არც საქართველოს ნავთობბაზარზე დიდი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
,,მინდა მომხმარებელი დავამშვიდო, ამ ეტაპისთვის დიდი კატაკლიზმები საქართველოს სანავთობო ბაზარზე მოსალოდნელი არ არის. გუშინ ექსტერნად შეიკრიბა ,,ოპეკის პლუსის" წევრი ქვეყნები და შეთანხმდნენ, რომ დამატებით 206 000 ათასი ბარელი ნავთობი უნდა იქნას დამატებით მიწოდებული. ასე რომ, ისინი მზად არიან, მსოფლიო ბაზარს დამატებითი რაოდენობა მიაწოდონ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით გამოწვეული დანაკარგი, რომელიც დაახლოებით 20-25%-ია, სხვა ქვეყნებიდან შეივსება. აქედან გამომდინარე, რაოდენობრივად, მსოფლიო სანავთობო ბაზარს ბევრი არაფერი დააკლდება და სტაბილურობა შენარჩუნდება.
რაც შეეხება საქართველოს, არანაირი ცვლილებები ამ ეტაპისთვის არ შეინიშნება. გვაქვს იმედი, რომ მალე დაწყნარდება ვითარება და სანავთობო ქვეყნები მსოფლიოს ბაზრებს გაცილებით მეტ ნავთობს მიაწოდებენ და პრობლემას არ შექმნიან.
რაც შეეხება ტრანსპორტირებას, ნავთობით დატვირთულ ტანკერებს სამხედრო ქარავანი გააცილებს და მიწოდების მხრივ შეფერხება არ შეიქმნება. ამ ფონზე კი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩვენთან სერიოზული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, თანაც აღსანიშნავია, რომ საქართველოს საწვავი როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო გზით მოეწოდება.
ეს არის მოქნილი მექნიზმი და ჭკვიანი მიდგომა, ყოველგვარი სიძნელების მიუხედავად. ქვეყანა საწვავის მარაგის მხრივ დეფიციტში არასოდეს ჩაგვიგდია.
საგულისხმოა ისიც, რომ მსოფლიო კოორდინირებულად მოქმედებს. ამერიკის შეერთებული შტატები და უამრავი სანავთობო ქვეყანა დღეს სრულ მზადყოფნაშია, რომ სანავთობო ბაზრებზე პრობლემები არ გაჩნდეს", - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ვახტანგ იობაშვილმა.
თუ კონფლიქტი გრძელვადიანი აღმოჩნდება, ნავთობი ალბათ მაინც გაძვირდება. „სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ზაალ იაკობიძე ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება საქართველოში არ შეიმჩნევა.
,,სამწუხაროდ, ახლო აღმოსავლეთშიგანვითარებული მოვლენები ნავთობპროდუქტებზე დადებით გავლენას არ მოახდენს. მართალია, ამ ეტაპისთვის ეს თვალში საცემი არაა, მაგრამ უახლოეს დღეებში უფრო გამოვლინდება. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
რაც შეეხება საქართველოს, მართალია, მარაგი არის, მაგრამ პირველი არასასიამოვნო ფაქტი უკვე დაფიქსირდა. საქართველოს რკინიგზამ შეკვეთილი საწვავის მიღება რუსეთის რკინიგზას არ დაუდასტურა. ანუ საწვავი, რომელიც თებერვლის ბოლოდან უნდა წამოსულიყო, ოფიციალურად არ შემოსულა. მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია. არც შესაბამისი განმარტებები გაკეთებულა. ამას თან ერთვის ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, რაც ვფიქრობ, უახლოეს მომავალში, ფასზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ვნახოთ, ყველაფერი ძალიან მოკლე დროში გახდება ცნობილი", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ზაალ იაკობიძემ.
რაც შეეხება ფინანსური ინსტიტუტების ანალიტიკოსებს, ისინი ბაზარზე რისკების კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებენ და მიიჩნევენ, რომ უახლოეს დღეებში ფასების დინამიკას ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის აღდგენის ტემპი და ირანის საპასუხო ქმედებების მასშტაბი განსაზღვრავს.