რეზონანსი
03.03.2026

ოპოზიციის გაერთიანებას ვუყურებდი და ბიბლიური შეგონება გამახსენა: „მიწა ხარ და მიწად იქეცი“ - თავიანთ ბუნებრივ წიაღს, დედა პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუბრუნდნენ, რაც ლოგიკური იყო - სალომე ზურაბიშვილიც ზემოდან მამალივით წააკლეს - შეიძლება, ეს ადამიანი სხვანაირად პოზიციონირებდეს, მაგრამ იდეოლოგიურად ამ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ოჯახის წევრი აღმოჩნდა, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ყველა მათგანმა საკუთარ ზურგზე აიღო ის პასუხისმგებლობა, რაც სააკაშვილის მმართველობის დროს ხდებოდა“.

„ოპოზიციის გაერთიანებას ვუყურებდი და ბიბლიური შეგონება გამახსენა: „მიწა ხარ და მიწად იქეცი“ - თავიანთ ბუნებრივ წიაღს დაუბრუნდნენ, რაც ლოგიკური იყო. მოჩვენებითი წარმოდგენა იყო, რომ თითქოს, ისინი გასული იყვნენ თავიანთი დედა პარტიიდან, „ნაციონალური მოძრაობიდან", მაგრამ ამ დღეების განმავლობაში ყველაფერი კარგად გამოჩნდა, თავიანთ, ბუნებრივ წიაღს დაუბრუნდნენ, საიდანაც თავის დროზე იშვნენ და სადაც მათი ადგილია იდეოლოგიურად. შეიძლება სხვაგან იყვნენ, სხვა სახელი ერქვათ, სხვა ფორმა ჰქონდეთ, მაგრამ ერთ იდეოლოგიას და ერთ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნიან. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, ვინ არიან, ვინ იყვნენ და როგორ ატყუებდნენ ამომრჩეველს, რომ თითქოს, სხვა პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. სინამდვილეში, ერთიანი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არიან და ეს მოსაზრება ამ გაერთიანებით თავად დაადასტურეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა ბელადომანიაა, განსაკუთრებით საუბარია მიხეილ სააკაშვილზე. ამას ზოგიერთი აღიარებდა თუ არა, სააკაშვილი ყოველთვის იყო ამ პარტიის მამოძრავებელი ძალა, იდეის და სულის ჩამდგმელი. ამ ნაწილში მისი განცხადებაც ლოგიკურია. თუ ვინმე თავს წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილისგან განყენებულად და განდგომილად, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსაც აღიარებდა და რაღაცნაირად ცდილობდა, ამ პროცესისგან გარიდებას, ყველა მათგანმა საკუთარ ზურგზე აიღო ის პასუხისმგებლობა, რაც სააკაშვილის მმართველობის დროს ხდებოდა. როგორც იტყვიან, სალომე ზურაბიშვილიც ზემოდან მამალივით წააკლეს, მაგრამ ეს ფაქტია და ასეა. შეიძლება, ეს ადამიანი სხვანაირად პოზიციონირებდეს, მაგრამ იდეოლოგიურად ამ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ოჯახის წევრი აღმოჩნდა. ისიც იმ ადგილს და ოჯახს დაუბრუნდა, რომელსაც იდეოლოგიურად ეკუთვნის.

რაც შეეხება „ლელოს“ და გახარიებს, სად არიან, რა უნდათ, საზოგადოებას რას სთავაზობენ?! არჩევნებს ხან ემიჯნებიან, ხან არა, ხან უარს ამბობენ და შემდეგ ისევ შედიან. ეს პარტიებიც ამ დიდი იდეოლოგიის ნაწილი არიან, მაგრამ შეეცდებიან, რომ მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ - სადაც პოლიტიკურ საჭიროებას და ქულების დაწერის შესაძლებლობას დაინახავენ, ასე გააკეთებენ, ხან ზომიერებას ითამაშებენ, ხან კონსერვატორობას, ხან რადიკალობას. საზოგადოებას წარსულმა კარგად დაანახა, ვინ სად არის იდეოლოგიურად. რა შეცდომებიც დაუშვეს და რა გზაც გაიარეს, ისინიც რადიკალური იდეოლოგიის ოჯახის წევრები არიან," - განაცხადა მახაშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა. დოკუმენტს ხელს აწერენ -„კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“. ხელმომწერი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან, საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და აცხადებენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაათავისუფლებენ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმისგან“, აღადგენენ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას. შეთანხმება ემყარება რამდენიმე პრინციპს მათ შორისაა, ერთობა ერთფეროვნების გარეშე, კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. ასევე, შეთანხმების მონაწილე პარტიები თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის „ოპოზიციის ალიანსი“ პირობას დებს, რომ „იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე“, - აღნიშნა მახაშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×