
ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ახლო აღმოსავლეთში უკიდურესად გამწვავებული ვითარების შესახებ წერს და ანალიზს გვთავაზობს:
"ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი ზეგავლენას მოახდენს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საერთაშორისო ფასებზე. მიუხედავად დღემდე ჰორმუზის სრუტის ოფიციალური ბლოკადის არარსებობისა, რეგიონში საზღვაო მიმოსვლა ფაქტობრივად შეფერხებულია, რაც ისედაც ზრდის ლოჯისტიკურ რისკებს და სავაჭრო ოპერაციების ხარჯების რისკს. შეიძლება ითქვას, ეს არის ომების თანმდევი რისკი, რაც ფაქტობრივად ყველა გლობალური კრიზისისას ხდებოდა.
ამას ემატება ირანის მხრიდან ყურის ქვეყნებში ინფრასტრუქტურის დაზიანება. საუდის არაბეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, „რას ტანურას“ პორტზე განხორციელებული დრონების შეტევის შედეგად ქარხნის მუშაობის დროებითი შეჩერება. აღნიშნული ქარხანა დღეში დაახლოებით 550 000 ბარელს აწარმოებს, საიდანაც 40% ქვეყნის შიგნით იყიდება, დანარჩენი კი ექსპორტზე გადის. Saudi Aramco-ს განცხადებით, ქარხნის მუშაობის დროებითი შეჩერება პირდაპირ აისახება როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო ნავთობ ბაზრის სტაბილურობაზე.
ირანის მხრიდან დრონების შეტევის შედეგად დაზიანდა ასევე Qatar Energy-ის ინფრასტრუქტურა. კატარი მსოფლიო თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოების დაახლოებით 20%-ს უზრუნველყოფს, რაც რეგიონში წარმოებულ ნავთობზე უფრო მგრძნობიარე საბაზრო რისკებს ნიშნავს. Qatar Energy-მ დროებით შეაჩერა თხევადი ბუნებრივი გაზის წარმოება, რაც სწრაფი ფასების ზრდისა და კონკრეტული მყიდველებისთვის სერიოზული დისბალანსის გამოწვევის მაჩვენებელია.
ანალიტიკოსების შეფასებით, თხევადი ბუნებრივი აირის შეფერხება უფრო სწრაფად აისახება ფასებზე, ვიდრე საუდის არაბეთის ნავთობის საწარმოებში შესაძლო შეფერხებები.
ზოგადი შეფასებით, მცირე შეფერხებები, როგორიცაა ერთჯერადი დარტყმა ან დროებითი წარმოების შეჩერება, იწვევს გლობალური ბაზრის რეაქციას - რისკის პრემიების ზრდას და ტვირთისა და სადაზღვევო ხარჯების მატებას, თუმცა უშუალოდ გლობალურ მიწოდებაზე გავლენა შეზღუდულია.
უფრო მწვავე სცენარის შემთხვევაში, თუ ირანის მხრიდან ინფრასტრუქტურაზე დარტყმების ინტენსივობა გაიზრდება, ხოლო სადაზღვევო კომპანიები შეზღუდვებს შეინარჩუნებენ, ფასების მკვეთრი ზრდა გარდაუვალი იქნება.
"ბრენტის" ნავთობის ფასების მოკლევადიანი ზრდა 100–120 დოლარის ფარგლებში ხშირად აღიქმება როგორც ასატანი რისკი, რაც, პრინციპში, ზრდის ნავთობის ექსპორტიორების შემოსავალს და მათ ინტერესშია. თუმცა ფასების ამ დონეზე გრძელვადიანად შენარჩუნება გლობალურ ინფლაციას აჩქარებს და ეკონომიკური ზრდის შენელების რისკებს ზრდის, რაც საბოლოოდ შემცირებს მოთხოვნას და ექსპორტიორებისთვისაც წამგებიანი ხდება.
ბუნებრივია, ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა თუ რა ზეგავლენა ექნება გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდას საქართველოზე, სავარაუდოდ "ბრენტის" ნავთობის ფასის 100–120 დოლარის ფარგლებში გაზრდის შემთხვევაში.
ერთი შეხედვით, თუ ნავთობზე ფასები ამ დიაპაზონში გაიზარდა, შეიძლება პრობლემურად ჩანდეს, თუმცა ავღნიშნავ, რომ მოკლევადიანი "ბრენტის" ნავთობის ფასის ზრდა 100–120 დოლარის ფარგლებში ითვლება მართვად რისკად საერთაშორისო ბაზრებზე. შესაბამისად, საქართველოსთვის ეს სცენარი გამოიწვევს ზომიერ გავლენას ეკონომიკაზე.
მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ საწვავზე იმპორტდამოკიდებული ქვეყანა. იმპორტირებული ნავთობპროდუქტების ფასები იზრდება რისკის პრემიის დამატების შედეგად, თუმცა ეს ზრდა არ იქნება კატასტროფული. გასული წლების შოკების ზეგავლენიდან გამომდინარე, ადგილობრივი საწვავის ბაზარზე ფასების მომატება ბენზინგასამართ სადგურებზე შეიძლება 5–10% ფარგლებში მოხდეს, ისიც მოკლევადიან პერიოდში, რაც შედარებით ადაპტირებადია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისთვის.
მოკლევადიანი ფასების ზრდა გავლენას მოახდენს ტრანსპორტზე და სამომხმარებლო პროდუქციის გაძვირებაზე, რაც ინფლაციურ წნეხს შექმნის, თუმცა იგი, სავარაუდოდ, ზომიერი იქნება და ეკონომიკის სტაბილურობას არ დაარღვევს, მით უმეტეს ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი აქვს მის დასრეგულირებლად.
მართალია, ბიზნესებისა და ლოჯისტიკური სექტორის ხარჯები გაიზრდება, თუმცა ეკონომიკური ზრდის შენელება მაინც მცირე იქნება. ინვესტორებისთვის და საწარმოებისთვის სიტუაცია მართვადია, რასაც ქვეყნის გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგებიც ადასტურებს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტი უფრო მეტად ორიენტირებული იქნება ლოჯისტიკური ხარჯების და საწვავის იმპორტის შემცირებული რისკის მენეჯმენტზე.
ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი შეინარჩუნებს სტაბილურობას. ხოლო საწვავის მიწოდება შენარჩუნებული იქნება, რაც კონტროლირებად რისკს ქმნის. ამ შემთხვევაში, ერთადერთი ფასების მცირე მატებას ექნება ზეგავლენა ენერგეტიკულ ხარჯებზე, რაც საჭიროებს მოკლევადინ პოლიტიკურ ან კომერციულ ზომებს, რაც მთავრობისათვის ნაკლებად პრობლემური იქნება.
შესაბამისად, როდესაც მოქალაქეებისთვის და კომპანიებისთვის გაძვირებული საწვავის და პროდუქტებზე ფასები იქნება შენარჩუნებული მართვად დონეზე, სოციალური სტაბილურობა არ ირღვევა.
აქედან გამომდინარე, ბრენტის ნავთობის ფასის მოკლევადიანი ზრდა თუნდაც 100–120 დოლარის ფარგლებში საქართველოსთვის წარმოადგენს კონტროლირებად ენერგეტიკულ და ეკონომიკურ რისკს, რომელიც ავლენს ზომიერ ინფლაციურ ზეწოლას, თუმცა არა აშკარად საფრთხეს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობასა და ენერგო უსაფრთხოებაზე.
გარდა ამისა, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობა ზრდის ალტერნატიული მარშრუტების მნიშვნელობას და ტვირთების ნაწილი გადაინაცვლებს შუა დერეფანში, მაშინ მოსალოდნელია სატრანზიტო მოსაკრებლებიდან შემოსავლების ზრდა, პორტების, რკინიგზისა და ლოგისტიკური კომპანიების შემოსავლების მატება, ბიუჯეტში მეტი საგადასახადო შემოსავალი (დღგ, მოგების გადასახადი, საშემოსავლო) და დამატებითი დასაქმება ლოჯისტიკურ სექტორში.
ამ შემთხვევაში გადაზიდვების მოცულობის ზრდა როგორც იტყვიან პირდაპირ გარდაიქმნება ფისკალურ და სავალუტო შემოსავლად.
რაც შეეხება ყველაზე არასასურველ სცენარს, არა მარტო ჩვენთვის. ნავთობის ფასი 200 დოლარს აცდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ომი გადავა მარალ ესკალაციაში, რაც მიწოდების ჯაჭვების რღვევას და ფიზიკური შეფერხებებს გამოიწვევს, ხოლო გლობალური ეკონომიკური აქტივობა მკვეთრად შენელდება.
ფასების ასეთი მკვეთრი ზრდა უკიდურესად რთულ ვითარებას შექმნის ყველა ქვეყნისათვის, და ჩვენც ვერ ვიქნებით გამონაკლისი. ეკონომიკური ზრდა შენელდება, ინფლაციური წნეხი გაიზრდება, გაიზრდება ენერგეტიკული და სოციალური სტაბილურობის რისკები.
ეს სცენარი მოითხოვს მთავრობის მხრიდან გაცილებით რადიკალურ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს: საწვავის ალტერნატიული წყაროების მოძიებას, ენერგოეფექტურობის პროგრამების გაძლიერებას და მოსახლეობისათვის სოციალური დაცვის ზომების შეთავაზებას.
ჩვენ ყველა სცენარისათვის მზად უნდა ვიყოთ, თუმცა არა მგონია, პროცესები ყველაზე არასასურველი კუთხით განვითარდეს“, - დაწერა გიორგი ცუცქირიძემ.