
საქართველოში ევროპელი დიპლომატებისთვის უფრო მტრული გარემოა, ვიდრე რუსეთში , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველო უბრალოდ ანტაგონისტურ ურთიერთობაში კი არ არის ევროკავშირთან, არამედ „აქტიურად ლანძღავს ევროპის წამყვან სახელმწიფოებს“.
„საქართველოს ევროპაში არავინ გველაპარაკება, რადგან საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც უბრალოდ ანტაგონისტურ ურთიერთობაში კი არ არის ევროკავშირთან, არამედ აქტიურად ლანძღავს ევროპის წამყვან სახელმწიფოებს. რა ურთიერთობა აქვს დღეს საქართველოს ხელისუფლებას გერმანიასთან? - გერმანიის ელჩს ყოველდღე ლანძღავენ, გერმანია ყოველდღე არის მათთვის სამიზნე. ვინ არის დღეს ევროპაში მთავარი მოთამაშე ტრანსატლანტიკური მომავლისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით? ყველა ხედავს, რომ გერმანია დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოთამაშე მსოფლიოს სისტემაში და ევროპის შიგნით. შენ რომ არ მიგესვლება, გერმანიის ხელისუფლებას რომ ვერ ელაპარაკები და ყოველდღე ლანძღავ, ეს ხელს უწყობს იმას, რომ საქართველომ თავისი ინტერესები ეფექტიანად დაიცვას.
ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა მითხრა, რომ ასეთი მტრული გარემო ევროპელი დიპლომატებისთვის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, არ არის რუსეთშიც კი. ხაზი გაუსვეს დაბალი დონის ლანძღვა-გინებას. კლასი არსებობს დიპლომატიაში, რომელსაც იცავს რუსეთიც. საქართველოში ევროპელი დიპლომატებისთვის არის უფრო მტრული გარემო, ვიდრე რუსეთში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოსა და ირანის ურთიერთობას, სალომე სამადაშვილის თქმით, ვინც არ უნდა იყოს დღეს ხელისუფლებაში, დღევანდელ სიტუაციაში ყველას მოუწევდა ძალიან ფრთხილი პოზიციონირება.
„ირანთან პოზიციონირებას რაც შეეხება, საქართველოს ხელისუფლების თავისუფლების სივრცე შეზღუდულია. ვინც არ უნდა იყოს დღეს ხელისუფლებაში, ყველას მოუწევდა ძალიან ფრთხილი პოზიციონირება. პირდაპირ გეტყვით, რომ აქ თავისუფლების ფართო არეალი ჩვენთვის არ არის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.