
ოკუპირებულ აფხაზეთში უკრაინული დრონების გამოჩენა პრაქტიკულად ყოველდღე ხდება, თუმცა მოსახლეობაში მოსალოდნელი პანიკის თავიდან ასაცილებლად აქამდე ეს ინფორმაცია არ ხმაურდებოდა. 4-5 მარტის ღამეს კი აფხაზეთში რეკორდული რაოდენობა - 30 დრონი დააფიქსირეს. ამის შესახებ დე ფაქტო თავდაცის სამინისტროში აცხადებენ.
პირველი ცნობა აფხაზეთში დრონის ჩამოვადრნის შესახებ 4 მარტს ღამით გავრცელდა. მედიის ინფორმაციით, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ფოქვეშში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, სავარაუდოდ, ე.წ. კამიკაძე დრონი, რომელიც დენის ტრანსფორმატორს დაეცა, რის შედეგადაც ნახევარ სოფელში დენი გაითიშა.
„ტელეგრამზე" გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია მოგვიანებით დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა, მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ დრონების ნაწილების აღმოჩენის შემთხვევაში მათ არ მიახლოვებოდნენ.
ამის პარალელურად, სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, თუ როგორ მოძრაობენ დრონები აფხაზეთის თავზე. ვრცელდებოდა ცნობები, რომ აფხაზეთის სხვადასხვა დასახლებებში ესმოდათ სროლისა და აფეთქების ხმები.
5 მარტს კი დე ფაქტო შეიარაღებული ძალებისა და საჰაერო თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ადგურ გუმბამ სოხუმში საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი ცნობით, 4 მარტს, აფხაზეთის თავზე დაახლოებით 30 უცხოური დრონი შენიშნეს. გუმბას ცნობით, აფხაზეთისა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივი ძალისხმევით 30-ვე განადგურდა, ხოლო მათი ნამსხვრევები 11 დასახლებულ პუნქტში იპოვეს.
გუმბამ ასევე აღნიშნა, რომ სამხედროები მანამდეც რეგულარულად ანადგურებდნენ დრონებს - დღეში საშალოდ 5-7 დრონს, თუმცა პანიკის თავიდან ასაცილებლად ეს ინფორმაცია არ ხმაურდებოდა. მისივე ინფორმაციით, არცერთ შემთხვევაში აფხაზეთი თავდასხმის სამიზნე არ ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის აფხაზეთში უკრაინული დრონების გამოჩენის პირველი შემთხვევა. 23 თებერვალს, ადგილობრივი მედიის ცნობით, გაგრის რეგიონში, მამზიშხას მთაზე პირველი სადამკვირვებლო პლატფორმის მახლობლად აფეთქება მოხდა. ტერიტორიის შემოწმების დროს აღმოაჩინეს ნამსხვრევები, რომლებიც, წინასწარი ინფორმაციით, უპილოტო საფრენ აპარატს ეკუთვნოდა.
24 თებერვალს, დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ სოფელ განთიადში (ცანდრიპში).
მანამდე, 2025 წლის ზაფხულშიც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოჭისკენ მიმავალმა უკრაინულმა დრონებმა დე ფაქტო საზღვარი გადაკვეთეს. ამის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ბადრა გუნბამ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
რას ეძებენ უკრაინელები აფხაზეთში
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ უკრაინულ დაზვევას გარკვეული ინფორმაცია აქვს რუსების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე გარკვეული შეიარაღების ფარულად გადატანის შესახებ.
„შავიზღვისპირეთში უკრაინული დრონები უფრო და უფრო აფართოებენ თავისი მოქმედების არეალს. უკვე ცოტა ხნით ადრე სოჭში იყო დაბომბვები დრონებით და კრასნოდარის მხარეშიც. აშკარად ჩანდა, რომ ეს არეალი გაიზრდებოდა და წავიდოდა აფხაზეთის მიმართულებით საქართველოს ტერიტორიაზე.
„მგონია, რომ უკრაინას, საქართველოსგან განსხვავებით, რაღაც გარკვეული სადაზვერვო ინფორმაციები აქვს და შეიძლება ამ ტერიტორიებზე ინახებოდეს რაღაც შეტევითი იარაღი, რომელიც შესაძლოა ახლა არ გამოიყენება, მაგრამ შესაძლოა მოგვიანებით გამოყენებული იქნას. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც სამხედრო ტექნიკაა დამალული - კრასნოდარის მხარიდან გადმოაქვთ და შემდგომ ისევ შეაქვთ. მგონი ეს მოძრაობები დააფიქსირეს კიდეც. მგონი, ამ მოძრაობების დროს ხდება დრონებით მათი განადგურება. რამდენად წარმატებული მცდელობებია არ ვიცი, თუმცა, აშკარად ჩანს, რომ რუსულ სამხედრო ტექნიკაზე ნადირობენ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
- პაატა ზაქარეიშვილი: „კარგი იქნება, თუ ასეთ მომენტში საქართველოს ხელისუფლება გამოხატავს აფხაზი საზოგადოების მიმართ რაღაც სიმპათიებს - რომ ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება, ვდარდობთ, რომ ამ დაბობმბვებს შესაძლოა მოყვეს მოსახლეობის დაზიანება".
კითხვაზე, აქვს თუ არა რუსეთს ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო სივრცე შესაბამისად დაცული, გვპასუხობს:
„ნებისმიერ სამხედრო ბაზას თავისი დაცვითი სისტემები გააჩნია, მითუმეტეს, იციან, რომ ფორნტის ხაზთან ახლოს არიან, უკრაინასთან ახლოს არიან, ყირიმთან ახლოს არიან. ამიტომ, მგონი, გარკვეული ღონისძიებები აქვთ განხორციელებული. მაგრამ აფხაზეთი კი არა, კრემლი დაბობმეს თავის დროზე უკრაინელებმა. აფხაზეთში არიან დაცულები მაგრამ უკრაინული დაზვერვა და დრონების მართვა უფრო ეფექტურია, ვიდრე მათი დაცვა.".
ექსპერტმა ისაუბრა აფხაზური საზოგადოების განწყობაზეც და განაცხადა, რომ აფხაზეთში შეშფოთება იზრდება.
„აფხაზეთში, რა თქმა უნდა, არის პანიკა. რასაც ვკითხულობ „ტელეგრამ" არხებზე, შეშფოთება არის, რომ რუსეთი სუსტდება და სუსტდება. აფხაზები ხედავენ, რომ ფრონტის ხაზი ფართოვდება, შესაძლოა ეს პირდაპირ ნებისმიერ აფხაზს არ ემუქრება, მაგრამ ბრმა დრონის ნამსხვრევებმა შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი დააზიანოს. ესმით, რომ რუსების ბაზები აფხაზეთში უკრაინელების სამიზნეა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
კითხვაზე, როგორი უნდა იყოს ასეთი ინციდენტების ფონზე საქართველოს ხელისუფლების რეაქცია, ანალიტიკოსმა გვიპასუხა:
„კარგი იქნება, თუ ასეთ მომენტში საქართველოს ხელისუფლება გამოხატავს აფხაზი საზოგადოების მიმართ რაღაც სიმპათიებს - რომ ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება, ვდარდობთ, რომ ამ დაბობმბვებს შესაძლოა მოყვეს მოსახლეობის დაზიანება, რაც ჩვენთვის მიუღებელია და მრავალი მიზეზების გამო რუსეთმა უნდა შეასრულოს პირობები და გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები ამ ტერიტორიიდან".