ნატალია ჯვარიძე
05.03.2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის მეთაურობით ვაშინგტონში შეხვედრებს აგრძელებს და კეთდება გზავნილები, რომ ურთიერთობის გადატვირთვის კუთხით „პოზიტიური მესიჯები" მიიღეს. თუმცა, ბოლო თვეებში რამდენჯერმე იყო ამერიკელების ოფიციალური განცხადება, თუ რა ნაბიჯებს ელოდებიან „ოცნებისგან" იმის საჩვენებლად, რომ ხელისუფლება მართლა მზადაა ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ლაპარაკი იყო გარკვეული კანონების უკან გაწვევასა და გაუქმებაზე, აქციებზე დაპატიმრებულების გამოშვებაზე და ა.შ. რას ემყარება „ოცნების" ოპტიმიზმი რეალურად და რა დათმობებზე შეიძლება წავიდეს საქართველოს ხელისუფლება?

როგორც ქართული დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი აცხადებს, რომ აშშ-ში საქართველოსადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნადაა შეცვლილი და ამერიკული მხარე მზადაა ურთიერთობის „სრულიად ახალი ფურცლიდან" დაწყებისათვის.

  • მარიამ ლაშხი: წინა ადმინისტრაციასთან შეხვედრებთან შედარებით, მიმართულებები სრულიად განსხვავებულია. შეცვლილია როგორც განწყობები და დამოკიდებულება, ისე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პატივისცემა და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების განახლება".

„ეს, პირველ რიგში, არის მზაობა და მზადყოფნა, რომ სტრატეგიული ურთიერთობები არა მხოლოდ განახლდეს, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული და პირდაპირ აისახება ჩვენი ერების კეთილდღეობაზე. ეს თანამშრომლობა გამოიხატება როგორც ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებაში, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ინვესტიციების განხორციელებაში, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებების დაცვა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული პარტნიორობა.

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ წინა ადმინისტრაციასთან შეხვედრებთან შედარებით, მიმართულებები სრულიად განსხვავებულია. შეცვლილია როგორც განწყობები და დამოკიდებულება, ისე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პატივისცემა და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების განახლება", - აღნიშნა ლაშხმა.

მისივე თქმით, სუვერენული ერების სამიტი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ვაშინგტონში, იქნება ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპი ურთიერთობების გადატვირთვის კუთხით.

„მოგეხსენებათ, ანა პაულინა ლუნამ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს დელეგაცია მოიწვია არა მხოლოდ დამსწრედ, არამედ ამ კონფერენციის უშუალო მონაწილედ. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. საქართველოს ექნება შესაძლებლობა, გააჟღეროს ქართველი ერის ხმა სუვერენული ერების სამიტზე, დაიცვას ეროვნული ინტერესები და დამსწრე საზოგადოებას გაუზიაროს გამოცდილება, როგორი გეოპოლიტიკური წნეხის პირობებში მოუწია ქვეყანას როგორც სუვერენიტეტის, ისე მშვიდობის დაცვა.

„პანელები მოიცავს სიტყვის თავისუფლებისა და ენერგეტიკის მიმართულებებს. მნიშვნელობა ექნება საქართველოს შუა დერეფნის როლის ხაზგასმას. საქართველო კიდევ ერთხელ დააფიქსირებს საკუთარ ინტერესს, რომელიც ეფუძნება როგორც სოციო-ეკონომიკურ კეთილდღეობას, ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

  • არჩილ გამზარდია: „ეს ტექსტი გადატვირთვასთან დაკავშირებით უფრო რიტორიკად მიმაჩნია, რადგან „ქართულ ოცნებას" აღებული აქვს პირდაპირი კამპანია, რომლის ფარგლებშიც უკან დახევის პრინციპს არ აწვება."

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლება უკვე წელიწადზე მეტია ცდილობს აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ამ თემაზე თბილისში პერიოდულად კეთდებოდა ოფიციალური განცხადებები და იგზავნებოდა შესაბამისი შინაარსის წერილები ვაშინგტონში. თუმცა, ამის საპასუხოდ აშშ-ის ადმინისტრაცია მიუთითებდა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით თავისი მზაობის საჩვენებლად.

რისი დათმობა მოუწევს „ოცნებას"

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ „ქართული ოცნებისთვის" უფრო მისაღებია აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება, თუმცა, მისივე აზრით, ეს საკმარისი არ იქნება.

„პირველ რიგში, თეორიულად რაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული ურთიერთობების გადატვირთვა, ეს არის საგარეო პოლიტიკის ვექტორი და მეორე შიდა პოლიტიკური მდგომარეობა. ეს ორი კონსტრუქცია უნდა იყოს გათვალისწინებული, რათა ურთიერთობები გადაიტვირთოს როგორც ამერიკასთან, ისე ევროპასთან. თუ ამ დელეგაციამ გარკვეული კონსენსუსი მიაღწია, მაშინ ამას ჩვენ ძალიან მალე და მარტივად დავინახავთ, რადგან იქ არის რამდენიმე ფუნდამენტური საკითხები, თუნდაც შიდა მდგომარეობის გათვალისწინებით - კანონების მიღებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების თემაზე. თუ მხარეები რაღაც შეთანხმებას მიაღწევენ, მაშინ რაღაც მინიმალური პირობა უნდა შეიქმნას.

„ეს ტექსტი გადატვირთვასთან დაკავშირებით უფრო რიტორიკად მიმაჩნია, რადგან „ქართულ ოცნებას" აღებული აქვს პირდაპირი კამპანია, რომლის ფარგლებშიც უკან დახევის პრინციპს არ აწვება. სხვადასხვა წლებში ისინი უკან დახევის ტაქტიკითაც მოქმედებდნენ, მაგრამ ბოლო 2 წელია აგრესიულ რიტორიკას მიმართავენ, რომ არც ერთი ნაბიჯი უკან. მათ სცადეს მოსახლეობის დარწმუნება, რომ ყველანაირი სიკეთის უკან ისინი დგანან, ხოლო ბოროტების უკან - „დიფ სთეითი".

„ხელისუფლებისთვის ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებაა პატიმრების გათავისუფლების საკითხი, ოღონდ არა მათი გამართლება, არამედ გამტყუნება და მერე პრეზიდენტის მიერ შეწყალება. მეორეს მხრივ, უნდა შეიქმნას იმ კანონების რაღაც შუალედური ვერსია, რომლებიც სამოქალაქო უფლებებს მკვეთრად დევნიან. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონებში რაღაც ცვლილება უნდა შევიდეს. მაგრამ, როგორც ვნახეთ, პირიქით, კიდევ უფრო მკაცრდება.

„გულწრფელი რომ ვიყო, რაღაც ასეთ მოლოდინებს ჩემს თავს არ ვუქმნი და მაინც მგონია, რომ ურთიერთობების გადატვირთვა ერთგვარი რიტორიკაა. დიპლომატიური ჟესტები ხომ არსებობს - რომ „აი, ჩვენ ასე ვაპირებთ", მაგრამ მერე პაუზდება", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ „რეზონანსთან".

  • რამაზ საყვარელიძე: „ასეთი ვიზიტები შეუთანხმებლად არ ხდება. თუ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, ესე იგი თავად ამერიკულ მხარესაც გაბუტვა გადაწყვეტილი არ გაქვს და როგორც ჩანს, პოზიტიურობისკენ ნაბიჯის გადადგმა მათთვისაც მისაღებია"

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ამბობს, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება მართლაც შეინიშნება, თუმცა არ ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას" გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს.

„ასეთი ვიზიტები შეუთანხმებლად არ ხდება. თუ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, ესე იგი თავად ამერიკულ მხარესაც გაბუტვა გადაწყვეტილი არ გაქვს და როგორც ჩანს, პოზიტიურობისკენ ნაბიჯის გადადგმა მათთვისაც მისაღებია თუნდაც ამ ერთი ფაქტით. აღარაფერს ვიძახი იმაზე, რომ თავად დელეგაცის წევრებმა შეხვედრაზე დადებითი განწყობების შესახებ ისაუბრეს, რაც ხელს უწყობს ოპტიმიზისკენ ნაბიჯების გადადგმას.

„ჯო უილსონი რესპუბლიკელია და საქართველოსთან მიმართებაში ლაპარაკობს, როგორც დემოკრატი. შეიძლება ამერიკიდან ერთმა ჯგუფმა ერთი თქვას, მეორიდან კი სხვა. საქართველოში არ აქვთ ერთნაირი აზრი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს და ამერიკას უნდა მოვთხოვოთ ერთნაირობა?! დიდი ქვეყანაა. რაც მთავარია, მათი განსხვავებულობის ხაზი მაინც და მაინც საქართველოზე გადის. ჩვენთან ურთიერთობაში კარდინალურად განსხვავდებიან. ამიტომ მე მიჭირს გაერთიანება იმ ჯგუფის განცხადებებისა იმათთან, ვინც სამხარაძეს ხვდებოდა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×