კარგა ხნის შემდეგ ეროვნულ ბანკს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს
თამარ ვეფხვაძე
05.03.2026

ირანში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი რამდენიმე თეთრით უკვე გაუფასურდა. კურსმა ცვლილება 2 მარტიდან დაიწყო, როდესაც 1 აშშ დოლარი 2.67 ლარი ღირდა, დღევანდელი მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.73 ლარია. ფინანსისტების აზრი ორად იყოფა. ნაწილი ამბობს, რომ ლარის კურსის მცირედი ცვლილება კონვერტაციის შედეგია. ექსპერტთა მეორე ნაწილის მოსაზრებით, ლარი ასე უცებ არ უნდა გაუფასურებულიყო და რადგან გაუფასურდა, ეს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთგვარი თამაშია იმისთვის, რომ სავალუტო აუქციონზე კომბანკებმა დიდი მოგება ნახონ.

„თიბისი კაპიტალის“ ანალიტიკური სტატიის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კონვერტაციების წნეხი გაძლიერდება, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს დაიწყებს.

„გასული წლის მსგავსად, ჩვენი წინასწარი შეფასებით, თებერვალიც ეროვნული ბანკის მიერ, ვალუტის შესყიდვის მიმართულებით, ერთ-ერთ რეკორდული თვე იყო, დაახლოებით, 420 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით (ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 2.9 მილიარდი აშშ დოლარი). მაშინ მცირედით, მაგრამ მაინც რატომ გაუფასურდა ლარი? 

ჩვენი აზრით, ცალსახაა, რომ ამის მიზეზი კონვერტაციებია. ცნობილია, რომ ეს ფაქტორი, ლარის კურსის კუთხით, სავალუტო შემოდინებებზე არანაკლები და ხშირად უფრო მეტი მნიშვნელობისაა. ამიტომ განსაკუთრებით კონვერტაციებით გამოწვეული ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, გასული პერიოდის პრაქტიკიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, სებ-ის ინტერვენციებს ექნება ადგილი. ამ მხრივ, ასევე, არგუმენტია ნავთობის გაზრდილი ფასის გამო, მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია. ამდენად, მთლიანობაში ლარის კურსის კუთხით, ჩვენი შეფასება უფრო ნეიტრალურია“, - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.

იქვე ხაზგასმულია, რომ მოკლევადიან პერიოდში, ახლო აღმოსავლეთში, კონფლიქტის ესკალაცია დადებითად აისახება ამერიკულ დოლარზე, თუმცა მასშტაბი არ იქნება ისეთივე, როგორიც წინა კონფლიქტების დროს იყო.

„როგორც ტრადიციული, უსაფრთხო თავშესაფარი, გაურკვევლობის პერიოდში, როგორც წესი, დოლარი მყარდება, თუმცა ამ უსაფრთხო თავშესაფრის სტატუსის თანდათანობითმა ეროზიამ, ბოლო პერიოდში გამყარების მასშტაბი შეზღუდა. ვაჭრობაზე შეწონილმა აშშ დოლარის ინდექსმა ორშაბათს მოიმატა, მაგრამ მხოლოდ 1%-ით, რაც იანვრის დონესთან შედარებით, დაბალია.

თუ კონფლიქტი შედარებით მალე დასრულდება, დოლარის გამყარება, სავარაუდოდ, ხანმოკლე იქნება, რადგან გრძელვადიანი ფაქტორები მისთვის კვლავაც ნეგატიური რჩება. კონფლიქტის შემდგომმა მნიშვნელოვანმა ესკალაციამ კი, რაც გამორიცხული არ არის, შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში დოლარის მკვეთრი გამყარება გამოიწვიოს, მიუხედავად იმისა, რომ დოლარი ევროსთან მიმართებით, კვლავაც გადაფასებულია“, - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციაში.

მოცემულ კვლევას არ ეთანხმება და რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს ფინასისტ ნიკა შენგელიას. მან „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ლარი ასე უცებ არ უნდა გაუფასურებულიყო, რადგან ეროვნულ ბანკს ყოველთვის აქვს მობილიზებული რეზერვები, ყიდულობს დოლარს, რის გამოც, ლარი სტაბილური უნდა იყოს. 

„უბრალოდ, ხანდახან დათესავენ ხოლმე პანიკას, როგორც იციან. მაქსიმალურად ძვირად შეასყიდებენ მოსახლეობას დოლარს და შემდეგ კურსი ისევ დაუბრუნდება 2.69-იან ნიშნულს. არაფერი საგანგაშო არ ხდება. ირანში მიმდინარე მოვლენებს რაც შეეხება, ლარის კურსზე არ მოქმედებს, ეს ჩვეულებრივი, კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის მიერ, კურსის ეტაპობრივი „გათამაშებაა“,რათა სავალუტო აუქციონზე, კომერციულმა ბანკებმა დიდი მოგება ნახონ. წესით, ეროვნულ ბანკს უკვე უნდა გამოეყენებინა მის ხელთ არსებული მექანიზმები, მაგრამ არ გამოიყენებს, რადგან 2-3 დღის განმავლობაში, კომერციულ ბანკებს საშუალებას მისცემს, რომ ძვირად აყიდინოს მოსახლეობას იაფად ნაყიდი დოლარი“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნიკა შენგელიამ.   ამ მოსაზრებას, რა თქმა უნდა, არ იზიარებს „თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია, რომელიც ადასტურებს, რომ ირანში განვითარებულ მოვლენებს ლარის კურსზე ნეიტრალური გავლენა ექნება. ჩვენს კითხვაზე, როგორ აისახება ირანსა და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ერვნულ ვალუტაზე,  ოთარ ნადარაია გვპასუხობს, რომ პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები.

„რაც შეეხება ბაზრების განწყობას, ჯერჯერობით, ნავთობის ფასის პროგნოზებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, ტრეიდერები გრძელვადიან კონფლიქტს მაინც არ ელოდებიან, თუმცა წინა გამოცდილებით, არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები. მიუხედავად ყველაფრისა, სავალუტო შემოდინების კუთხით, ჩვენ მაინც ძლიერი შემოდინებით შევხვდით, ასე დავარქვათ, შოკს. რა თქმა უნდა, ირანში განვითარებულ მოვლენებს ტურიზმზე უარყოფითი ზეგავლენა ექნება, თუმცა დღეს როგორც ვითარდება მოვლენები, ჯერჯერობით, მაინც ვფიქრობთ, რომ ეკონომიკურ ზრდაზე ზომიერი, მაგრამ უარყოფითი ზეგავლენა ექნება. 

რაც შეეხება ლარის კურსს, უფრო მეტად ნეიტრალური გავლენა ექნება, თუკი კურსის რამდენიმე თეთრით გაუფასურება ნეიტრალურ გავლენად შეიძლება ჩაითვალოს. ასევე, გააჩნია, რომელ კურსზე ვსაუბრობთ, რადგან ამერიკული დოლარი მცირედით, მაგრამ ყველა ვალუტასთან გამყარდა“, - განუცხადა „რეზონანსს“ ოთარ ნადარაიამ. 

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ირანში განვითარებული საომარი მოქმედებები გაგრძელდება? ცხადია, ეს პროცესი ლარზეც იქონიებს გავლენას და საინტერესოა, როგორ ჩაერევა ამ პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელსაც დასტაბილურების მექანიზმები გააჩნია? ოთარ ნადარაიას ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეროვნული ბანკი უკვე ჩაერია კიდეც. 

„ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, შესაძლოა, უკვე არის კიდეც ეროვნული ბანკის ინტერვენციები. სავალუტო აუქციონი ჩანს, ხოლო აუქციონის გარეშე, ეროვნული ბანკის ინტერვენციები მოგვიანებით ხდება ხელმისაწვდომი, რაც ოპერატიული ინდიკატორებით ჩანს, არ არის გამორიცხული, რომ უკვე არის გარკვეული ნაბიჯები გადადგმული. 

ყველა შემთხვევაში, საერთაშორისო რეზერვების მოცულობა დიდია, მაგრამ როგორც წესი, უფრო კონვერტაციების დროს იყენებენ რეზერვებს. მაგალითად, თუ გარკვეული დანაკლისია ტურიზმში, შესაძლოა, მცირე კორექცია გახდეს საჭირო“, - დასძინა „რეზონანსთან“ საუბრისას ოთარ ნადარაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×