ნატალია ჯვარიძე
05.03.2026

დასავლურ მედიაში ჩნდება ცნობები, რომ ომი ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა მინიმუმ შემოდგომამდე გაგრძელდება. ამის პარალელურად მისის მსჯელობა ირანის წინააღმდეგ შესაძლო სახმელეთო ოპერაციაზეც. დასავლელი ანალიტიკოსების უმრავლესობის აზრით, თუკი ხმელეთზე საბრძოლო მოქმედებები მართლაც დაიწყო, ამაში უშუალოდ ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ნაწილები არ იქნებიან ჩართული. პირველ რიგში ეს შეიძლება იყოს ქურთი მეამბოხეების რაზმები, ან აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სხვა მილიტარისტული ჯგუფები.

ქურთული ჯგუფები ფართოდ განიხილება, როგორც ირანის ოპოზიციის ყველაზე კარგად ორგანიზებული სეგმენტი და მათ ათასობით გაწვრთნილი მებრძოლი ჰყავთ. დასავლურ მედიაში წერენ, რომ მათი ომში ჩართვამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გამოწვევა შეუქმნას თეირანის ხელისუფლებას და ასევე კონფლიქტში ერაყის ჩათრევა გამოიწვიოს.

ჩრდილოეთ ერაყის ნახევრად ავტონომიურ ქურთულ რეგიონში დაფუძნებული „ქურთისტანის თავისუფლების პარტიის" წარმომადგენელმა, ხალილ ნადირიმ, ოთხშაბათს განაცხადა, რომ მათი ძალების ნაწილი სულეიმანიის პროვინციაში, ირანის საზღვრის მახლობლად მდებარე ტერიტორიებზე გადავიდა და მზადყოფნაში იმყოფება. მან აღნიშნა, რომ სავარაუდო ოპერაციასთან დაკავშირებით მათ ამერიკული მხარე დაუკავშირდა.

„როიტერსი" წერს, რომ მისი ორი წყაროს ცნობით, ამ შესაძლო სამხედრო ოპერაციის მიზანი იქნება ისლამური რეჟიმის მოწინააღმდეგე ირანელების აჯანყების პროვოცირება.

  • „ქურთებსაც აქვთ მოთხოვნები. მათ გარანტიები სჭირდებათ, რადგან ჩვენ ახლახანს ვნახეთ რა გადაიტანეს ქურთებმა სირიაში და მათ არ სურთ, რომ დასავლეთმა კვლავ უღალატოს."

ორგანიზაციის „ქურთისტანის ამერიკელი მეგობრების" დამფუძნებელმა დილიმან აბდულკადერმა კი გამოცემა „ნეიშენალს" განუცხადა, რომ ქურთული დაჯგუფებები დასავლეთის ძალების გარანტიების გარეშე სიფრთხილეს იჩენენ, რადგან გამოცდილება აქვთ, როცა დასავლეთმა უღალატა.

„ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ, ქურთებსაც აქვთ მოთხოვნები. მათ გარანტიები სჭირდებათ, რადგან ჩვენ ახლახანს ვნახეთ რა გადაიტანეს ქურთებმა სირიაში და მათ არ სურთ, რომ დასავლეთმა კვლავ უღალატოს.

„სირიაში მოქმედი ქურთული ძალები, რომლებსაც ვაშინგტონი წლების განმავლობაში უჭერდა მხარს, თავს მოტყუებულად გრძნობდნენ მას შემდეგ, რაც აშშ-მა წელს მოულოდნელად შეწყვიტა მათი მხარდაჭერა.

„ამიტომ ქურთი ლიდერები ეძებენ გარანტიებს, როგორიცაა დაცვა უცხოური ჩარევისგან და პოტენციური ზომები, მათ შორის ჩრდილო-დასავლეთ ირანის ნაწილებზე ფრენის აკრძალვის ზონის დაწესება", - თქვა აბდულკადერმა.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ კონფლიქტში ქურთული შეიარაღებული დაჯგუფებების ჩართვამ შესაძლოა ირანში უფრო ფართო არასტაბილურობა გამოიწვიოს.

  • „პოლიტიკო": ტრამპის გუნდმა სრულად ვერ გათვალა იმ ომის მასშტაბური შედეგები, რომელიც ისრაელთან ერთად დაიწყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ გამოცემა „პოლიტიკოს" ცნობით, ირანში აშშ-ის ოპერაცია შესაძლოა მინიმუმ 100 დღე გაგრძელდეს, ან თუნდაც სექტემბრამდე.

„აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ პენტაგონს სთხოვა, ფლორიდაში მდებარე მის შტაბში მეტი სამხედრო დაზვერვის ოფიცერი გაგზავნოს, რათა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებს მხარი დაუჭირონ მინიმუმ 100 დღის განმავლობაში, თუმცა სავარაუდოდ სექტემბრამდეც", - წერს გამოცემა.

მათივე ინფორმაციით, ეს არის პირველი ასეთი მოთხოვნა ადმინისტრაციის მხრიდან, რომელიც დამატებით სადაზვერვო პერსონალს ითხოვს ირანთან ომისთვის. ეს ასევე მიუთითებს, რომ ოპერაცია, შესაძლოა, დონალდ ტრამპის მიერ განსაზღვრულ ოთხკვირიან ვადაზე ბევრად უფრო დიდხანს გაგრძელდეს.

„ადამიანური რესურსებისა და სხვა შესაძლებლობების სწრაფი მობილიზება იმ ოპერაციის მხარდასაჭერად, რომელიც ჩვეულებრივ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებამდე დიდი ხნით ადრე იგეგმება, აჩვენებს, რომ ტრამპის გუნდმა სრულად ვერ გათვალა იმ ომის მასშტაბური შედეგები, რომელიც ისრაელთან ერთად დაიწყო", - წერს გამოცემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×