თამთა ჩაჩანიძე
05.03.2026

ახლადშემქნილ ოპოზიციურ ალიანსში მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიუშვილის ჩართვას არ განიხილავენ. თავად ზურაბიშვილი მიესალმება ამ ერთობას, მაგრამ თან ახსენებს, რომ თავის დროზე თავად იყო ოპოზიის გამაერთიანებელი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ზურაბიშვილი საბოლოოდ პოლიტიკური პროცესების მიღმა დარჩა და რა შემთხვევაში შეიძლება ის გააქტიურდეს?

ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ფაქტიურად ზურაბიშვილის პოლიტიკური პროცესების მიღმა დატოვებას ნიშნავს, თუმცა თუ თავად გააქტიურდება - მაგალითად, პარტიის შექმნის პერსპექტივით - გარკვეული როლი შეიძლება ისევ ჰქონდეს.

რაც შეეხება თავად ზურაბიშვილის პოზიციას, იგი „ფეისბუქზე" ვრცელი პოსტით მიესალმა ოპოზიციური ალიანსის შექმნას და „ქართული ქარტიისა" და წინააღმდეგობის პლატფორმის გამოცდილება შეახსენა ოპიზიციას.

„როგორც „ქართული ქარტიის" ინიციატორი, ამ წამოწყებაში ვხედავ მნიშვნელოვან და ახალ ნაბიჯს, რომელიც მიგვიყვანს კონკრეტულ ტრანზიციის სტრატეგიამდე. ეს სტრატეგია უნდა გახდეს საფუძველი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების ერთიანი ბრძოლისათვის რეჟიმის ცვლილებისა და მშვიდობიანი გარდაქმნის უზრუნველსაყოფად", - წერს ზურაბიშვილი.

დატოვეს თუ არა ზურაბიშვილი პროცესების მიღმა

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზურაბიშვილი ისედაც პოლიტიკური პროცესების მიღმა იყო.

„პოლიტიკური პროცესების მიღმა დატოვებული ისედაც იყო, რადგან ეს იმ ტიპის ადამიანია, რომ მასთან ურთიერთობა არც შეეძლოთ და არც შეუძლიათ. როცა პრეზიდეტი იყო, მქონდა ინფორმაცია, რომ აპარატს მასთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონდა, ვერ ხერხდებოდა ეს. „ქართულ ქარტიაზე" რომ მივიდნენ და ტაშს უკრავდნენ, მაშინ აწყობდათ, როგორც მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციას მხარს უჭერს და ახლა - აღარ.

„ზურაბიშვილი პროცესების მიღმა იყო, მაგრამ ამ საქმიანობას სულ გააგრძელებს, რასაც ახლა აკეთებს თავისი გამონათქვამებით და განცხადებებით - აქციებზეც მივა, თუ სიტყვას მისცემენ - იტყვის, სტიპენდიანტად ისევ ხომ რჩება და ასე იქნება მისი მოღვაწეობა", - განაცხადა მამრაძემ.

  • პეტრე მამრაძე: „თუ გააქტიურდა, მას ექნება საგარეო ურთიერთობებში ფუქნცია, თუმცა ესეც ნაკლებად მოსალოდნელია, რამეთუ მას ურთიერთობა არ შეუძლია".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის ალიანსში არმიწვევა „ნაწილობრივ ნიშნავს", რომ ოპოზიციამ ზურაბიშვილი პოლიტიკური პროცესების მიღმა დატოვა.

„ზურაბიშვილს სურდა პოლიტიკური ლიდერის როლი ეთამაშა, მაგრამ მას ჯერ ერთი თავისი გუნდი არ ჰყავს, რომელსაც დაეყრდნობა. მან არ თუ ვერ დააფუძნა პარტია. მას ბევრი მცდელობა ჰქონდა, თუმცა ლიდერის ფუნქცია ვერ შეასრულა", - განაცხადა ჩიტაძემ.

კითხვაზე, თავად ოპოზიციაში რა განწყობებია და რამდენად მიიღებენ ზურაბიშვილს ალიანსში, თუ მან ეს მოინდომა, ჩიტაძემ გვითხრა:

„რომ სდომოდათ, მაშინ ზურაბიშვილს მოიწვევდნენ, დიდი ალბათობით - ალბათ არა. ყველა პარტიას თავისი ლიდერი ჰყავს, ალბათ ალიანსში ლიდერების საბჭო შეიქმნება".

რა პერსპექტივა აქვს ექსპრეზიდენტს

პეტრე მამრაძე გვეუბნება, რომ ზურაბიშვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ ოპოზიცია საჭიროდ ჩათვლის მისი დასავლური კონტაქტების გამოყენებას.

„გააქტიურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ანტიეროვნული ძალების უცხოეთში მომუშავე ჯგუფი ჩათვლის, რომ მაინც საფრანგეთის მოქალაქეა, ყიფილი პრეზიდენტია, მაკრონს და ბევრ სხვას ხვდებოდა და გამოგვადგება. თუ გააქტიურდა, მას ექნება საგარეო ურთიერთობებში ფუქნცია, თუმცა ესეც ნაკლებად მოსალოდნელია, რამეთუ მას ურთიერთობა არ შეუძლია", - განაცხადა მამრაძემ.

ნიკა ჩიტაძე გვეუბნება, რომ თუ ზურაბიშვილი საკუთარ პარტიას შექმნის, შესაძლოა ალიანსში მიიღონ, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა.

  • ნიკა ჩიტაძე: „მისი საქმიანობა იმდენად ეფექტიანი არ იყო, თან წარსული აქვს არცთუ ისე სანდო და ვიღაც ყოველთვის წამოაძახებს... ვფიქრობ, დასავლეთშიც მცირდება მისი გავლენა."

„ზურაბიშვილს გუნდი არ ჰყავს და მარტო იმდენად ვერ გააქტიურდება. ოპოზიციურ ფლანგზე ფუნქცია ვერ ექნება. მისი საქმიანობა იმდენად ეფექტიანი არ იყო, თან წარსული აქვს არცთუ ისე სანდო და ვიღაც ყოველთვის წამოაძახებს.

„თუ პარტიას შექმნის, შესაძლოა პარტიებმა ალიანსში მიიღინ კიდეც, მაგრამ ლიდერი ვერ იქნება. თუმცა, ვერც იმის პერსპექტივას ვხედავ, რომ პარტია შექმნას. ერთი პერიოდი დასავლეთშიც ლეგიტიმურ პრეზიდენტად სცნობდნენ, მაგრამ, ვფიქრობ, დასავლეთშიც მცირდება მისი გავლენა - აქტიურობა თვითონაც მოაკლო, მაგრამ პოლიტიკური ლიდერის ფუნქციაც ვერ იტვირთა", - განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×