თამთა ჩაჩანიძე
05.03.2026

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ნახიჩევანის აეროპორტსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ირანული დრონებით თავდასხმის გამო „საპასუხო ზომებს" ამზადებს. ირანი ამ ინციდენტში თავის მინაწილეობას უარყოფს. აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ირანის მოსაზღვრე ტერიტორიაზე დროებით ჩაიკეტა საჰაერო სივრცე. გარდა ამისა, სატვირთო ავტომობილებისათვის ჩაიკეტა ირანი-აზერბაიჯანის საზღვარი. ბაქოში ირანის ელჩს საპროტესტო ნოტა გადაეცა. ვითარება თითქოს განმუხტვისკენ მიდის, მაგრამ დაძაბულობა კვლავ ნარჩუნდება.

ჯერჯერობით უცნობია რა ზომებს ამზადებს აზერბაიჯანი. ანალიტიკოსთა შეფასებით, პირველ ჯერზე შეასძლოა ეს გაფრთხილება იყოს და თუ სიტუაცია გაუარესდა, ოფიციალური ბაქო თავის მთავარ მოკავშირე თურქეთთან დაიწყებს სამხედრო პასუხზე კონსულტაციებს. ასეთ შემთხვევაში კი, სამხედრო ანალიტიკოსთა ნაწილი ომში კავკასიის ნაწილობრივ ჩართვას არ გამორიცხავს.

  • ილჰამ ალიევი: „ირანის ოფიციალურმა პირებმა უნდა აუხსნან აზერბაიჯანულ მხარეს მომხდარი, მოუხადონ ბოდიში, ხოლო ამ ტერორისტულ აქტში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ".

საგანგებო განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმაც, რომელიც სწორედ ამ ინციდენტის წინა დღეს ირანის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც ირანის სასულიერო ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაღუოვასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნში გააკეთა ჩანაწერი:

„ირანის ოფიციალურმა პირებმა უნდა აუხსნან აზერბაიჯანულ მხარეს მომხდარი, მოუხადონ ბოდიში, ხოლო ამ ტერორისტულ აქტში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ".

ალიევი ასევე ამბობს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს დაევალა, მოამზადონ და განახორციელონ საპასუხო ზომები. თუმცა ამავე დროს დასძენს, რომ „აზერბაიჯანი არ მონაწილეობდა და არც მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში".

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ აზერბაიჯანზე 5 მარტის თავდასხმა უარყო:

„ირანის პოლიტიკა არ ითვალისწინებს მეზობელი ქვეყნების მიზანში ამოღებას, ან მათზე თავდასხმას, თუკი იქ ჩვენი მოწინააღმდეგეების, კერძოდ სიონისტური რეჟიმისა და შეერთებული შტატების ბაზები არ არის აქტიური და არ გამოიყენება იმისთვის, რომ თავს დაესხან უდანაშაულო ხალხს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში".

  • ქაზემ ღარიბაბადი: „ირანის პოლიტიკა არ ითვალისწინებს მეზობელი ქვეყნების მიზანში ამოღებას, ან მათზე თავდასხმას, თუკი იქ ჩვენი მოწინააღმდეგეების ბაზები არ არის აქტიური".

აღსანიშნავია, რომ წინა დღეს - 4 მარტს თურქეთის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს ირანული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც, სავარაუდოდ, ინჯირლიკის სამხედრო ბაზაზე იყო დამიზნებული. ირანის ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც უარყო თურქეთის მიმართულებით რაკეტის გაშვება.

რაც შეეხება უშუალოდ ინციდენტს, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ერთი ირანული დრონი ნახიჩევანის აეროპორტს შენობას მოხვდა, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი და 2 ადამიანი დაშავდა. გარდა ამისა,, დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც, ერთ-ერთი კი დასახლება შეკერაბადში სკოლასთან ახლოს.

დარტყმის სავარაუდო მიზეზი და შესაძლო პასუხი

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ირანი დიდ შეცდომებს უშვებს და რეგიონში ბევრი სახელმწიფო უკვე გადაიმტერა.

„ირანი ძალიან დიდ შეცდომებს უშვებს, გადაიმტერა არა მარტო ამერიკა-ისრაელი, არამედ მთელი ახლო აღმოსავლეთი, სუნიტური კოალიცია იქმნება ირანის წინააღმდეგ. თურქეთს რომ აქვს რეგიონში ინტერესი, ეს ფაქტია, რომ დასუსტებული რუსების ფონზე რეგიონში ჰეგემონი იყოს და ის ასეთ შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებს. ჯერჯერობით გაჩერებულია, მაგრამ თუკი რაღაც მიზეზი მიეცა, ჩაერთვება.

„თურქეთი არც საფრანგეთია და არც ბელგია, ნატო-ში მეორე სიმძლავრის ჯარები ჰყავს. ნატო-ს რეაგირებაც უნდა მოჰყვეს, თუკი თურქეთის ტეროტორიაზე რაღაც მოხდება. ვინაიდან თურქეთი აზერბაიჯანის ძალიან აქტიური პარტნიორია, არაა გამორიცხული რაღაც პასუხი იყოს გაცემული. აზერბაიჯანის პასუხს არ მგონია რაღაც ეფექტი ჰქონდეს, მაგრამ თურქეთის პასუხი ნამდვილად მძიმე იქნება.

„ვერ გეტყვით აზერბაიჯანი რა პოზიციას აირჩევს. შესაძლოა პირველ ეტაპზე უბრალოდ გაფრთხილება მისცეს, ან დიპლომატიური განცხადება გააკეთოს, რომ იტოვებს უფლებას უპასუხოს.

„თუმცა, ყოველ შემთხვევაში აზერბაიჯანი, თურქეთთან ძალიან აქტიურ კონსულტაციებს დაიწყებს შემდგომი მოქმედებებისთვის, ანუ შესაძლო სამხედრო პასუხისთვის. თურქეთი კი ირანის მხრიდან აზერბაიჯანზე ზემოქმედებას არ გაატარებს.

„აზერბაიჯანი ძალიან ახლო კავშიორშია ისრაელთან. ადრე ირანელებს ჰქონდათ პრეტენზიები აზერბაიჯანთან, რომ ისრაელის დაზვერვა მოქმედებდა აზერბაიჯანის ტერიტორიიიდან.

„არ მგონია ამერიკას ნახიჩევანის აეროპორტი გამოეყენებინა, თუმცა, შესაძლოა ისრაელი იყენებდა დრონებისთვის, ან სადაზვერვო მოქმედებებისთვის. ვერ გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია", - განაცხადა კაპანაძემ.

ანალიტიკოსი ნუკრი შოშიაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ირანის დარტყმები ბრმად არ ხორციელდება.

  • ნუკრი შოშიაშვილი: „აზერბაიჯანი თავდაცვით რეჟიმშია გადასული, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს - ირანის ჩრდილოეთით აზერბაიჯანული თურქულენოვანი მოსახლეობაა და ისინი ყოველთვის მიანიშნებდნენ, რომ არსებობს ორი აზერბაიჯანი".

„ირანი ანადგურებს ყველა იმ პოტენციურ თავდასხმის წერტილებს, საკომუნიკაციო გზებსა და ინფრასტრუქტურას, რომლითაც შეიძლება ნავთობის ფასებმა სერიოზულად აიწიოს, რაც დასავლეთს დაარტყამს. წინა შეტევაზეც სწორედ აზერბაიჯანიდან გაფრინდნენ დრონები ირანის დასაბომბად და და ამ ტერიტორიას ურტყამს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ძირითადად ფასებზეა თავდასხმა. ნავთობსა და გაზზე ფასები უკვე 15%-ით გაიზარდა. ყველა მისი სარაკეტო დარტყმა ბრმა არაა, დასავლური ეკონომიკისთვის სერიოზული პრობლემები შექმნას ემსახურება.

„აზერბაიჯანი თავდაცვით რეჟიმშია გადასული, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს - ირანის ჩრდილოეთით აზერბაიჯანული თურქულენოვანი მოსახლეობაა. ისინი დეკლარირებულად არა, მაგრამ ყოველთვის მიანიშნებდნენ, რომ არსებობს ორი აზერბაიჯანი და თუკი ირანული ხელისუფლება საგრძნობლად დასუსტდება, ისინი ამ მომენტს გამოიყენებენ", - განაცადა შოშიაშვილმა.

კითხვაზე, ექნება თუ არა აზერბაიჯანს მომხდარზე სამხედრო პასუხი, შოშიაშვილმა გვითხრა, რომ ამ კონფლიქტში ჩათრევა არავის უნდა:

„ამის თქმა რთულია, რადგან არავის არ უნდა კონფლიქტში თავი ჩაყოს, თუმცა, თუკი ეს ჭურვების ომში გადავა, ამერიკასაც შეიძლება პრობლემები გაუჩნდეს. თვითონ ფასის მიხედვითაც - ხუთას დოლარიან დრონს თითქმის 100-200 ათასიან რაკეტას ახვედრებენ და ისრაელის მარაგებიც ამოწურვადია. ახლა მიდის ბრძოლა გაძლებაზე".

გავრცელდება თუ არა ომი კავკასიაზე

ვახტანგ კაპანაძე გვეუბნება, რომ თუ სიტუაცია გართულდა, შესაძლოა აზერბაიჯანი თავის მოკავშირე თურქეთთან ერთად ჩაერთოს სამხედრო მოქმედებებში.

  • ვახტანგ კაპანაძე: „სამხრეთ კავკასიაში ახლა ყველაზე ძლიერი აზერბაიჯანია და არაა გამორიცხული, რომ თურქეთთან ერთად რაღაც ერთობლივ სამხედრო ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა."

„ალბათ ყველაზე მეტად აზერბაიჯანი, ეს იქიდან გამომდინარე, თუ ირანი კიდევ რას იზამს. აზერბაიჯანსაც აქვს თავის პრეტენზიებიც და გარკვეული ამბიციებიც, რადგან სამხრეთ კავკასიაში ახლა ყველაზე ძლიერი აზერბაიჯანია და არაა გამორიცხული, რომ თურქეთთან ერთად რაღაც ერთობლივ სამხედრო ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა. სომხეთი არ მგონია ომში ჩაერთოს და არც საქართველოს აქვს ამის თავი", - განაცხადა კაპანაძემ.

ნუკრი შოშიაშვილი გვეუბნება, რომ კავკასიური სახელმწიფოები ომში პირდაპირ არ ჩაერთებიან.

„კავკასიური სახელმწიფოები ომში ასე პირდაპირ არ ჩაერთვებიან ერთი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, რის გამოც ამერიკაც არ ერთვება. მთელი სტრატეგია იყო, რომ ირანის ხელისუფლების ლიკვიდაცია მოახდინათ და მერე ძალაუფლება აიღო ხელში იმ რეჟიმს, რომელიც მას ჩანაცვლებდა. ასე არ მოხდა, რადგან თვითონ ირანის მოსახლეობის განწყობები აბსოლუტურად განსხვავებული აღმონდა, ვიდრე ეს დასავლეთში წარმოედგინათ. თუკი ეს არ მოხდება, მერე ალბათ დასავლეთისა და ზოგადად მეზობელი სახელმწიფოების სტრატეგიაც შეიცვლება.

„ფაქტია, რომ თურქეთსაც მაინცდამაინც არ უნდა იმ ტერიტორიაზე შევიდეს, ეს დამატებით პრობლემას გამოიწვევს. ირანი 2500 წლიანი იდეაა, ეს ხომ ერაყი არაა, რომელიც სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ შეიქმნა. კონტროლი გაჭირდება, თორემ აღება შეიძლება არც ისე რთული იყოს ამ ეტაპისთვის", - განაცხადა შოშიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×