მარიამ ვეკუა
06.03.2026

ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ მწვავდება - ისრაელმა პარასკევს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რითაც ირანის წინააღმდეგ ერთი კვირის წინ აშშ-სთან ერთად დაწყებული ომის ფრონტი მნიშვნელოვნად გააფართოვა. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს ირანის მომავალი უმაღლესი ლიდერის არჩევის პროცესში მონაწილეობა სურს, მას შემდეგ, რაც ისრაელის იერიშს ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ემსხვერპლა.

საკუთარი სამხედრო მიზნების შესაძლო გაფართოების ნიშნად, ტრამპმა განაცხადა, რომ სურს მონაწილეობა მიიღოს ირანის მომავალი უმაღლესი ლიდერის არჩევაში - რომელიც მოკლულ აიათოლა ალი ხამენეის შეცვლის.

პარალელურად, ისრაელმა მასშტაბური იერიში მიიტანა ლიბანზე, სამიზნეებს შორის იყვნენ ჰეზბოლას მაღალი რანგის მეთაურები, რაკეტების გამშვები პუნქტები, სამეთაურო ცენტრები, იარაღის საწყობები, ასევე სხვა დაჯგუფებების წევრები და ინფრასტრუქტურა.

  • როიტერზი: „პარასკევის იერიშების სიმძაფრე, როგორც ჩანს, უპრეცედენტოა ბეირუთში მიმდინარე ომების ხანგრძლივ ისტორიაშიც კი."

თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში ევაკუირებულია დაახლოებით 420 000 ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქე მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ყველას მოუწოდა, საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინათ და მდინარე ლიტანის ჩრდილოეთით გადასულიყვნენ. ამასთან, ათიათასობით ადამიანია ევაკუირებული ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებიდან.

პარასკევის იერიშების სიმძაფრე, როგორც ჩანს, უპრეცედენტოა ბეირუთში მიმდინარე ომების ხანგრძლივ ისტორიაშიც კი, ვკითხულობთ „როიტერზის" სტატიაში.

პარასკევს ადრიან დილით ჰეზბოლამ ტელეგრამ არხზე ებრაულ ენაზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ისრაელიი გააფრთხილა, დაეტოვებინათ ქალაქები საზღვრიდან 5 კილომეტრის რადიუსში.

„თქვენი სამხედროების აგრესია ლიბანის სუვერენიტეტისა და უსაფრთხო მოქალაქეების წინააღმდეგ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და მის მიერ განხორციელებული განდევნის კამპანია უპასუხოდ არ დარჩება", - განაცხადა ჰეზბოლამა.

ამავე დროს, აფეთქებების ხმები ისრაელშიც ისმის. ირანის ისლამურმა რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ გუშინ კომბინირებული ოპერაცია რაკეტებისა და დრონების გამოყენებით განახორციელა.

კატარის ოფიციალური პირების თქმით, ღამით ირანულმა დრონებმა ყატარში მდებარე ალ-უდეიდის საჰაერო ბაზასაც შეუტიეს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდესი ბაზაა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

პრეზიდენტმა ტრამპმა ხუთშაბათს „როიტერზს" განუცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანის შემდეგი ლიდერის არჩევაში უნდა მონაწილეობდეს და თქვა, რომ „მშვენიერი" იქნება, თუ ერაყში განლაგებული ირანელი ქურთების ძალები ირანში გადავლენ და იქაურ უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმებს განახორციელებენ.

„ჩვენ მოგვიწევს ამ ადამიანის არჩევა ირანთან ერთად."- დასძინა მან.

ისლამურ რესპუბლიკაში ხელისუფლების მემკვიდრეობის საკითხზე საუბრისას, პრეზიდენტმა პარალელი ვენესუელასთან გაავლო, სადაც აშშ-ის ძალებმა იანვარში ხელისუფლებას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ჩამოაშორეს და მის ნაცვლად ხელისუფლებაში მისი მოადგილე, დელსი როდრიგესი დარჩა, რომელიც, ტრამპის თქმით, „შესანიშნავად ასრულებს თავის საქმეს".

„ჩვენ გვინდა მონაწილეობა მივიღოთ იმ პროცესში, რომლის ფარგლებშიც აირჩევენ ადამიანს, ვინც მომავალში ირანს უხელმძღვანელებს, რათა ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ აღარ მოგვიწიოს ისევ საწყის პრობლემაზე დაბრუნება. ჩვენ გვინდა ისეთი ადამიანი, რომელიც კარგი იქნება ხალხისთვის და კარგი იქნება ქვეყნისთვის," - განაცხადა ტრამპმა.

  • ტრამპი: „ჩვენ გვინდა მონაწილეობა მივიღოთ იმ პროცესში, რომლის ფარგლებშიც აირჩევენ ადამიანს, ვინც მომავალში ირანს უხელმძღვანელებს"

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა კანდიდატად განიხილებოდეს ირანის ემიგრაციაში მყოფი გვირგვინოსანი პრინცი რეზა ფაჰლავი - ბოლო შაჰის შვილი, ტრამპმა უპასუხა: „ვფიქრობ, ყველა ვარიანტი განიხილება. ჯერ ძალიან ადრეა."

როდესაც ტრამპს ჰკითხეს, უზრუნველყოფდა თუ არა აშშ საჰაერო თავდაცვას ქურთული ძალებისთვის, რომლებიც დასავლეთ ირანში ინტერვენციას განიხილავენ, ტრამპმა უპასუხა: „ამას ვერ გეტყვით", თუმცა დასძინა, რომ ქურთების მიზანი „გამარჯვება" იქნება. „თუ ისინი ამას აპირებენ, ეს კარგია", - დასძინა ტრამპმა.

საკითხთან დაკავშირებული სამი წყაროს ცნობით, ირანელი ქურთების შეიარაღებული დაჯგუფებები ბოლო დღეებში შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებს იმის შესახებ ატარებდნენ, როგორ და როდის უნდა განხორციელებულიყო თავდასხმები.

ერაყის ქურთისტანის ნახევრად ავტონომიურ რეგიონში, ირან-ერაყის საზღვარზე დაფუძნებული ჯგუფების ირანელი ქურთების კოალიცია ასეთი თავდასხმის განსახორციელებლად ემზადებოდა იმ იმედით, რომ ქვეყნის სამხედრო ძალებს დაასუსტებდა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიზანი კვლავ ირანის ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობების განადგურება და მისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან აცილებაა: „ჩვენ ზუსტად ვიცით, რის მიღწევას ვცდილობთ".

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საიედ ხათიბზადემ განაცხადა, რომ ირანი მიზანმიმართულად არაბ მეზობლებს მიზანმიმართულად არ ესხმის და მათი სამიზნე მხოლოდ იმ ქვეყნებში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზებია. „ირანისთვის ეს „ეგზისტენციური ომია", რაც გვიტოვებს მხოლოდ ერთ არჩევანს -ვუპასუხოთ ყველგან, საიდანაც ამერიკული თავდასხმები მოდის," - განაცხადა მან.

ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების მონაცემებით, ირანში ერთი კვირის წინ საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სულ მცირე 1230 ადამიანი დაიღუპა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად 123 ადამიანი დაიღუპა და 683 დაიჭრა. ირანის თავდასხმებს კი სულ მცირე 10 ისრაელელი ემსხვერპლა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×