თამთა ჩაჩანიძე
06.03.2026

უკრაინასა და უნგრეთს შორის ურთიერთობა უკვე ისე დაიძაბა, რომ მხარეები ძალის გამოყენებაზეც საუბრობენ. მიზეზი გადაკეტილი რუსული ნავთობსადენი „დრუჟბაა", უნგრეთი, ისევე როგორც მისი მეზობელი და მოკავშირე სლოვაკეთი კიევს მილსადენის ხელოვნურად გადაკეტვაში ადანაშაულებს. უკრაინის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ მილსადენი წლის დასაწყისში რუსული დარტყმების შედეგად დაზიანდა.

დაპირისპირება განსაკუთრებით აქტიურდება იმ დროს, როცა ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას განიხილავს. პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ კიევისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფას იქამდე დაბლოკავს, ვიდრე მილსადენის მუშაობა არ აღდგება. მანამდე ორბანმა ისიც განაცხადა, რომ „ძალის გამოყენებით გაარღვევდა უკრაინის ბლოკადას მილსადენზე".

თავის მხრივ ვილოდიმირ ზელენკიმ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირში 90-მილიარდიან პირველ ტრანშს „ერთი ადამიანი არ დაბლოკავს", წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ორბანს დაემუქრა, რომ მის მისამართს უკრაინის შეიარღებულ ძალებს გადასცემდა. ეს უნგრეთის მთავრობამ ღია მუქარად აღიქვა.

„როდესაც ვინმე იმით იმუქრება, რომ ადამიანის მისამართს უკრაინელ ჯარისკაცებს გადასცემს მხოლოდ იმის გამო, რომ ის მხარს არ უჭერს იარაღის მორიგ, 90 მილიარდი ევროს პაკეტს - ეს დიპლომატია კი არა, ღია მუქარაა. ეს აღმაშფოთებელია. პირად ემოციებს მსგავს საკითხებში ადგილი არ აქვს. უნგრეთის დაშინება შეუძლებელია და ჩვენ შანტაჟს არ დავნებდებით", - აღნიშნა უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერმა ზოლტან კოვაჩმა.

2 მარტს ორბანმა განაცხადა, რომ სატელიტურ ფოტოებს გადახედა და ლვოვის ოლქში მდებარე მილსადენის განახლებისთვის არანაირი შეფერხება არ არსებობს. ზელენსკიმ კი 5 მარტს განაცხადა, რომ თვე-ნახევარია საჭირო ტექნიკური შესაძლებლობებითვის, რომ მილსადენი აღდგეს.

„როგორც ბატონმა კორეცკიმ (სს „უკრნაფტას" დირექტორმა სერგეი კორეცკიმ) განაცხადა, ჩვენ დაახლოებით თვე-ნახევარი გვჭირდება, რომ გვქონდეს ტექნიკური შესაძლებლობები („დრუჟბას" მილსადენის შესაკეთებლად). ჩემი აზრით, უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს საკმარისია ამ ადამიანისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, 90 მილიარდი ევროს საკითხი ევროკავშირის ლიდერების შემდეგ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს, რომელიც 19-20 მარტს არის დაგეგმილი.

„ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ერთი ადამიანი 90 მილიარდიდან პირველ ტრანშს არ დაბლოკავს და უკრაინელ სამხედროებს იარაღი ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს მივცემ. დაე, მას დაურეკონ და მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრონ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

  • ზელენსკი: „ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ერთი ადამიანი 90 მილიარდიდან პირველ ტრანშს არ დაბლოკავს და უკრაინელ სამხედროებს იარაღი ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს მივცემ".

მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ „უკრაინას აიძულებს, უნგრეთისთვის „დრუჟბას" ნავთობსადენით ნავთობის მიწოდება განაახლოს".

„არანაირი შეთანხმება და კომპრომისი არ იქნება. ჩვენ ძალის გამოყენებით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას. გარწმუნებთ, რომ ამისთვის სამხედრო ძალის გამოყენება ჩვენს გეგმებში არ შედის, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური და ფინანსური ინსტრუმენტები გვაქვს", - აღნიშნა ორბანმა.

ნავთობსადენი „დრუჟბა" რუსეთმა საბჭოთა კავშირის დროს ააშენა, მისი სიგრძე დაახლოებით 4 ათასი კილომეტრია, სათავეს სამარის ოლქში იღებს, გადის ბრიანსკში და შემდეგ ორი მიმართულებით იტოტება: ჩრდილოეთით - ბელარუსის, პოლონეთისა და გერმანიისკენ. სამხრეთით - უკრაინის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთისკენ.

ნავთობის ტრანზიტის შეწყვეტის გამო უნგრეთმა სლოვაკეთთან ერთად 23 თებერვალს დაბლოკა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-20 პაკეტი.

  • ორბანი: „ჩვენ ძალის გამოყენებით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას. გარწმუნებთ, რომ ამისთვის სამხედრო ძალის გამოყენება ჩვენს გეგმებში არ შედის, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური და ფინანსური ინსტრუმენტები გვაქვს".

ევროკავშირმა 2022 წლიდან რუსული ნავთობის შეძენა თანდათან აკრძალა, თუმცა გამონაკლისია დაშვებული ისეთი ქვეყნები, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ, მათ სორისაა უნგრეთი და სლოვაკეთი.

აქვე უკრაინა ერთი ინციდენტის შესახებ აცხადებს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ადრეი სიბიგას თქმით, ბუდაპეშტში უნგრეთის ხელისუფლებამ „უკრაინის შვიდი მოქალაქე მძევლად აიყვანა. მიზეზები, ასევე მათი ამჟამინდელი მდგომარეობა ან მათთან დაკავშირების შესაძლებლობა ჯერ კიდევ უცნობია".

„ეს შვიდი უკრაინელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „ოსჩადბანკის" თანამშრომლები არიან, რომლებიც ავსტრიასა და უკრაინას შორის ტრანზიტით მოძრავ ბანკის ორ მანქანას მართავდნენ და სახელმწიფო ბანკებს შორის რეგულარული მომსახურების ფარგლებში ნაღდი ფული გადაჰქონდათ",- ამბობს სიბიგა.

მისი ინფორმაციით, უკრაინამ უკვე გაგზავნა ოფიციალური ნოტა და მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

„სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ უნგრეთის მიერ მძევლების აყვანასა და ფულის მოპარვაზე. თუ ეს არის „ძალა", რომელიც ბატონმა ორბანმა დღეს გამოაცხადა, მაშინ ეს არის კრიმინალური დაჯგუფების ძალა. ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი და რეკეტი. უკვე გავაგზავნეთ ოფიციალური ნოტა, რომლითაც მოვითხოვთ ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ასევე მივმართავთ ევროკავშირს, მკაფიოდ დააკვალიფიციროს უნგრეთის უკანონო ქმედებები, მძევლების აყვანა და ძარცვა," - აცხადებს სიბიგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×