
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მიქაძის საქმეზე ფინალურ სტადიაზე გასულმა პროცესმა სულ უფრო მეტი კითხვას გააჩინა, ვიდრე გაფანტა ის ეჭვები, რომელიც საქმეში დღემდე არსებობს. საკითხი ეხება ბრალდებას, რომელიც პროკურატურის ვერსიით გასული წლის 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის ორგანიზებას უკავშირდება.
საქმის მასალების მიხედვით, დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ საქმე რეალურად მყარ და სანდო მტკიცებულებებს არ ეფუძნება და ბრალდების მთავარი საყრდენი რამდენიმე საეჭვო წარმომავლობის ინფორმაციაა: ანონიმური წყარო, სოციალური ქსელის უცნობი მომხმარებელი ე.წ. ,,ფეიბუქ ბოტი” და ტექნიკური მონაცემი, რომელიც ბრალდებულის ზუსტ ადგილმდებარეობას ვერ ადგენს.
პროცესზე ერთ-ერთი ასეთი ბუნდოვანი და საეჭვო ეპიზოდი გამომძიებელ რომიკო გოგიაშვილის ჩვენება გახდა. სწორედ მისი პატაკიდან დაიწყო გამოძიების ის ვერსია, რომელიც დღეს უკვე ბრალდების საფუძვლადაა ქცეული.
რა თქვა და რა ვერ თქვა სასამართლოში დეტექტივმა რობიკო გოგიაშვილმა? - პატაკი, რომელმაც ბრალდების ვერსია შექმნა
რომიკო გოგიაშვილმა პროცესზე სიტყვა-სიტყვით გაიმეორა იმ პატაკის შინაარსი, რომელიც მან 2025 წლის 5 აგვისტოს შეადგინა, სადაც პირველად გაჩნდა გამოძიების ვერსია ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შესაძლო დამკვეთებსა და მონაწილეებზე.
პატაკის მიხედვით, მკვლელობის დამკვეთად სახელდება კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული პირი „დედ ჰასანის“ შვილიშვილი ირაკლი უსოიანი, რომელმაც, როგორც პატაკში წერია, ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარი გადაუხადა. პატაკში ასევე აღნიშნულია, რომ ლევან ჯანგველაძეს ხშირი გადაკვეთა ჰქონდა ოთარ ფარცხალაძესთან და ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებთან. მათ შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში დაიძაბა მოსკოვში ქართველების გავლენების საკითხზე, საქართველოდან გადაზიდვებთან, მათ შორის ალკოჰოლის, სიგარეტის და „კარგოს“ ექსპორტთან დაკავშირებით.
პროცესზე მთავარი სამართლებრივი შეუსაბამობა მაშინ გამოვლინდა, როცა გოგიაშვილის საუბარი იმ წყაროს შეეხო, რომლის მიწოდებულ ინფორმაციაზეც ბრალდების ეს ვერსიაა აიგო.
„წყარო“, რომლის არსებობაც ვერ დადასტურდა
ბრალდებულმა გიორგი მიქაძემ დაკითხვაზე მყოფ გამომძიებელს სწორედ მაშინ მიმართა კითხვით, როცა ის წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე საუბრობდა: „მოსეს სჯულში წერია, რომ როდესაც ადამიანს აბრალებენ იმას, რაც არ ჩაუდენია, დამბრალებელი ისჯება მის ნაცვლად იმ დანაშაულისთვის, რაზეც ის უნდა დასჯილიყო, ვისაც დააბრალეს. თუ არ დადასტურდა ეს ინფორმაცია, მაშინ ვისი პასუხისმგებლობა დგება? ბატონი რობიკოსი, თუ იმ ადამიანის, ვისი ინფორმაციითაც პატაკი შედგა?“
გამომძიებელმა უპასუხა, რომ წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობას თავად იღებდა, თუმცა მოგვიანებით, ადვოკატების დაჟინებული კითხვებზე პასუხად განაცხადა, რომ წყაროს ინფორმაცია თავად არ გადაუმოწმებია. სწორედ ამ გარემოებამ წარმოშვა დაცვის მხარის მთავარი ეჭვი შესაძლოა, წყარო საერთოდაც არ არსებობდეს.
ადვოკატ ლიკა ბითაძის თქმით, სასამართლოში დაკითხვისას გამომძიებელმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი ფაქტი ან გარემოება, რომელიც წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაადასტურებდა. მისი თქმით, „შესაძლებელია, ისინი თავად აყალიბებდნენ ვერსიებს და შემდეგ ამ ვერსიებს სამართლებრივ ჩარჩოში სვამდნენ როგორც მტკიცებულებას.“ ადვოკატი აღნიშნავს, რომ ასეთ პირობებში დაცვის მხარეს არ აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს წყარო, რომელიც ოფიციალურად არც კი არის რეგისტრირებული.
რატომ ემთხვევა ერთმანეთს გოგიაშვილის წყაროს ინფორმაცია და ბრალდების მოწმის კონსტანტინე მორგოშიას ჩვენება?
ადვოკატ შორენა ნიქაბაძის განცხადებით, გამომძიებელ გოგიაშვილის პატაკში გადმოცემული ტექსტი საოცრად ჰგავს საქმეში ბრალდების ერთ-ერთი მოწმის კონსტანტინე მორგოშიას ჩვენებას და ფრაზეოლოგიური დამთხვევები იმდენად იდენტურია, რომ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: - ხომ არ არის სწორედ მორგოშია ის წყარო, რომელიც პატაკში „წყაროს“ სახელით არის წარმოდგენილი.
ნიქაბაძის განცხადებით, ის, რომ პატაკში გადმოცემული ტექსტები პრაქტიკულად ერთი-ერთში იმეორებს კონსტანტინე მორგოშიას ჩვენებას, აჩენს ეჭვს, რომ არავითარი ,,წყარო” არ არსებობდა და პატაკში გადმოცემული ინფორმაციის რეალური ავტორი სწორედ ბატონი მორგოშიაა.
საქმეში ბრალდების ერთ-ერთი საფუძველი ,,ფეისბუქ ბოტის" პოსტია
მიქაძის საქმის კიდევ ერთი უცნაური ,,სამხილი” სოციალურ ქსელ Facebook-ის პლატფორმაზე, დაუდგენელი სუბიექტის (ბოტის) სახელად Jonathan Jon -ის მიერ გავრცელებულ საჯარო პოსტია.
საქმეში ნაკლებად ჩახედული ადამიანისთვისაც კი ღიმილისმომგვრელია ეს ფაქტი, რადგან ცნობილია რისთვის და როგორ იყენებენ სოციალურ მედიაში ანონიმურ წყაროებს, როგორ ხდება მათ მიერ დეზინფორმაციისა და ჭორების გავრცელება. ნათელია, რომ სანამ გამოძიება ბოტის „Jonathan John“ იდენთიფიცირებას არ მოახდენს და მისი მონაყოლის საფუძველზე საქმეში მტკიცებულებას არ ჩადებს ეს ყველაფერი - მისი საჯარო პოსტის გამოჩენაც და მისი შინაარსიც განიხილება როგორც ცილისწამება, ბრალდებულის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული ქმედება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მკვლელობის ,,ფეისბუქ ბოტისეული” ვერსია საქმეში მომხდარი ფაქტიდან და გამოძიების დაწყებიდან 3 თვის თავზე გამოჩნდა. მანამდე ჩატარებული არაერთი საგამოძიებო მოქმედების მიუხედავად, ეს ინფორმაცია საქმეში არ იყო, რაც მის აშკარა ,,ხელოვნურ წამოშობაზე” მიუთითებს.
დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ გამოძიებას საერთოდ არ დაუდგენია, ვინ შეიძლება იდგეს ამ ანგარიშის უკან. ადვოკატების თქმით, ამ ანგარიშის აქტივობა საკმაოდ უცნაურ სურათს ქმნის. „Jonathan John“-ს არც მეგობრები ჰყავს და არც აქტიური კონტაქტები, თუმცა მის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი რამდენიმე წუთში გავრცელდა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც კონსტანტინე მორგოშიასთან და კონსერვატიულ მოძრაობასთან ან „ალტ-ინფოსთან“ არიან აფილირებული. ადვოკატების თქმით, ამ პოსტს სხვა მომხმარებლები ფაქტობრივად არ ჰყავდა არც მომწონებელი და არც გამზიარებელი.
დაცვის მხარის შეფასებით, ჯონათან ჯონის უკან სწორედ კონსტანტინე მორგოშია დგას. დაცვის მხარე ასევე აღნიშნავს, რომ ამ ეჭვს კიდევ უფრო ამძაფრებს გარემოება, რომ როგორც სასამართლო პროცესზე კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, ოთარ ფარცხალაძე მის მტერს წარმოადგენს.
სატელეფონო ანძის სიგნალი - ტექნიკური აბსურდი რეალობის წინააღმდეგ
სისხლის სამართლის საქმეში, მტკიცებულებების ხარისხი ხშირად განსაზღვრავს არა მხოლოდ სასამართლო პროცესის მიმართულებას, არამედ საზოგადოების ნდობასაც.
გიორგი მიქაძის საქმეში ერთ-ერთ ასეთ „მტკიცებულებად“ გამოძიება გიორგი მიქაძის ტელეფონის სიგნალს ასახელებს, რომელიც, ბრალდების თქმით, მკვლელობამდე 1 თვით ადრე, 15 თებერვალს ,,თბილისის თაუერსის“ არეალში დაფიქსირდა. ბრალდების ვერსია ასე გამოიყურება: მკვლელობამდე 1 თვით ადრე, 15 თებერვალს ,,მაგთიკომის“ ანძამ გიორგი მიქაძის ტელეფონის სიგნალი იმ ზონაში დააფიქსირა, სადაც სასტუმრო „თბილისი თაუერი“ მდებარეობს. თუმცა, ტექნიკური რეალობა ამ სურათს მნიშვნელოვნად ცვლის.
კომპანია „მაგთიკომის“ ოფიციალური ტექნიკური მონაცემების მიხედვით, კონკრეტული ანძის დაფარვის რადიუსი დაახლოებით, 35 კილომეტრს აღწევს. ასეთი დაფარვა ნიშნავს, რომ ანძის მიერ დაფიქსირებული ტელეფონის სიგნალი არ მიუთითებს კონკრეტულ ქუჩაზე, კვარტალსა ან შენობაზე. უფრო მეტიც, ეს სიგნალი შეიძლება მოდიოდეს სრულიად განსხვავებული ადგილებიდან.
მარტივი გეოგრაფიული გათვლების მიხედვით, ამავე დაფარვის არეალში, თბილისის სხვადასხვა უბნებთან ერთად, ექცევა ისეთი ტერიტორიებიც, როგორიცაა საგურამო, წიწამური, ყარსიმაანთკარი და ცხვარიჭამია. ანუ ტექნიკურად, იგივე სიგნალი შეიძლება დაფიქსირდეს ათეულობით კილომეტრით დაშორებული ადგილიდანაც.
სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: თუ ანძის დაფარვის ზონა ასეთ მასშტაბურ ტერიტორიას მოიცავს, რამდენად შეიძლება ამ მონაცემით კონკრეტული ადამიანის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა?
ტელეკომუნიკაციის სფეროს სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ანძის სიგნალი მხოლოდ მიახლოებით განსაზღვრავს ზონას და არა კონკრეტულ წერტილს. ამისთვის საჭიროა ბევრად უფრო დეტალური მონაცემები მაგალითად, რამდენიმე ანძის ერთდროული ტრიანგულაცია ან სხვა ტექნიკური ანალიზი.
ამ ფონზე, ანძის ერთჯერადი დაფიქსირება უფრო მეტად შესაძლებლობის აღნიშვნას ჰგავს, ვიდრე ფაქტის დადასტურებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მონაცემით ადამიანი შესაძლოა, დასახელებულთაგან ამ რომელიმე ადგილზე იმყოფებოდა, და არა კონკრეტულად დანაშაულის ადგილზე.
საგამოძიებო პრაქტიკაში მსგავსი მონაცემები ხშირად მხოლოდ დამხმარე მნიშვნელობას ატარებს და დამოუკიდებლად იშვიათად განიხილება როგორც რაიმე პირდაპირი მტკიცებულება. თუ ტექნიკური მონაცემი ასეთი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, რამდენად გამართლებულია მისი გამოყენება დანაშაულის შესაძლო მონაწილეობის დასადასტურებლად?
დაბოლოს, როგორც ვნახეთ საქმეში ერთდროულად რამდენიმე საჭვო და ბუნდოვანი გარემოებაა. ასეთ ვითარებაში, მთავარი პრობლემა მხოლოდ ერთი კონკრეტული საქმის ბედი აღარ არის. საუბარია უკვე, რამდენად შეიძლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდეს იმგვარ გარემოებებზე დაყრდნობით, რომელთა სანდოობა თავადაც დაუდგენელი რჩება. პასუხგაუცემელი კითხვები სასამართლოს წინაშე დააყენებს არა მხოლოდ კონკრეტული ბრალდების შეფასების, არამედ თავად მტკიცებულებების სტანდარტის განსაზღვრის საკითხსაც.