
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ტერორისტული გეგმები გამოავლინა და აღკვეთა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მიერ შემუშავებული ტერორისტული გეგმების განხორციელება იგეგმებოდა.
უწყების ცნობით, პოტენციურ სამიზნეებს შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, აზერბაიჯანში ისრაელის საელჩო და აშკენაზი ებრაელების სინაგოგა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორს, ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ მილსადენზე თავდასხმის განხორციელება ირანის ინტერესებში შედის. მისი განცხადებით, აფეთქების შემთხვევაში უფრო მეტად ის ქვეყნები დაზიანდებიან, ვინც მილსადენიდან ნედლ ნავთობს იღებს.
„ერთ-ერთი მიზანი, თუ რატომ შეიძლება სურდეთ თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის დაზიანება, არის ის, რომ ისრაელი ნედლი ნავთობის მოთხოვნილების 40%-ს იქიდან იკმაყოფილებს. ამიტომაც გამორიცხული არ არის, ირანს შეტევა განეხორციელებინა, რითიც გამოიწვევდა ისრაელისთვის ნავთობის მიწოდების შეფერხებას.
თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის სიგრძე დაახლოებით 1730 კილომეტრია და აქედან საქართველოზე გადის დაახლოებით 225 კმ. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გადის თურქეთის ტერიტორიაზე.
შესაძლოა ირანს აზერბაიჯანის დასჯა სურდა, რადგან ბოლო პერიოდში ბაქოსა და ვაშინგტონს შორის დაახლოება შეინიშნებოდა. ალბათ ამ თავდასხმაში ირანს რუსეთი დაეხმარა, რადგან არც მას მოსწონს ამერიკისა და აზერბაიჯანის დაახლოება.
რაც შეეხება სინაგოგაზე სავარაუდო თავდასხმას, ეს ცოტა მეეჭვება, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ჯერ საფრთხე კიდევ არ არის განეიტრალებული.
მილსადენის აფეთქების შემთხვევაში პრობლემა შეექმნება ენერგომომარაგებას, ჯეიჰანის გავლით მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გატანას.
რაც შეეხება საქართველოს, არამგონია კატასროფული პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს, რადგან მართალია, 40-50 მილიონი დოლარის შემოსავალს იღებს, მაგრამ იქიდან ნედლ ნავთობს ვერ იღებს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".