მარიამ ვეკუა
07.03.2026

შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე თავდასხმის შემდეგ ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ტრანზიტი თითქმის შეჩერდა. გემების გადაადგილების მონაცემები აჩვენებს, რომ დღეში საშუალოდ მხოლოდ 13 გემი გადის სრუტეში, მაშინ როცა კონფლიქტამდე მაჩვენებელი 153-ს აღწევდა. შედეგად საერთაშორისო ვაჭრობა და ენერგეტიკული ბაზრები სერიოზულ საფრთხეში აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით ჩინეთი, რომელიც ნავთობის 40%-სა და თხევადი ბუნებრივი აირის 30%-ს სრუტის გავლით იღებს.

ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა პრაქტიკულად პარალიზებულია. შედეგად მიღებული სავაჭრო დარღვევები მთელ მსოფლიოში იგრძნობა - წერენ გავლენიანი გამოცემები.

აღსანიშნავია, ისიც, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალები საჭიროების შემთხვევაში ჰორმუზის სრუტეში ტანკერებს დაიცავს.

ამ განცხადების საპასუხოდ, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" განაცხადა, რომ ისინი აშშ-ს ელოდებიან.

„ჩვენი რჩევაა, რომ ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღებამდე ამერიკელებმა გაიხსენონ 1987 წელს ამერიკულ სუპერტანკერ Bridgeton-ზე გაჩენილი ხანძარი და ცოტა ხნის წინ მიზანში ამოღებული ნავთობტანკერები", - განაცხადა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" წარმომადგენელმა, ალი მოჰამედ ნაინიმ.

აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების პირველი რაუნდის შემდეგ, რომლის დროსაც ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკური და სამხედრო თანამდებობის პირები დაიღუპნენ, ქვეყნის დარჩენილმა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მისი საპასუხო ზომები რეგიონულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს და ჰორმუზის სრუტის დახურვას მოიცავდა 2 მარტს, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანმა მრჩეველმა განაცხადა, რომ ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გავლას შეეცდებოდა, თავს დაესხებოდნენ. 24 საათის განმავლობაში, ახლომდებარე წყლებში მომუშავე მინიმუმ ხუთ კომერციულ გემს დრონები ან რაკეტები დაესხა თავს.

  • ირანი: „ჩვენი რჩევაა, რომ ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღებამდე ამერიკელებმა გაიხსენონ 1987 წელს ამერიკულ სუპერტანკერ Bridgeton-ზე გაჩენილი ხანძარი და ცოტა ხნის წინ მიზანში ამოღებული ნავთობტანკერები"

გემების სათვალთვალო მონაცემებზე დაფუძნებული შეფასებები მიუთითებს, რომ ირანმა დიდწილად წარმატებით შეძლო ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის შეჩერება. Starboard Maritime Intelligence-ის ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემის მონაცემები აჩვენებს, რომ კონფლიქტამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში სრუტეში, დღეში, საშუალოდ 153-ზე მეტი გემის ტრანზიტი ხდებოდა, ხოლო კონტეინერმზიდი გემები და ნავთობტანკერები ერთად მოძრაობის დაახლოებით 88 პროცენტს შეადგენდნენ. თუმცა, 1 მარტიდან სრუტეში მხოლოდ 78 გემი დაფიქსირდა. დღიური საშუალო მაჩვენებელი კი 13-ია.

 

რა მოჰყვება ჰორმუზის სრუტის დახურვას?

გავლენიანი გამოცემები წერენ, რომ ჰორმუზის სრუტის დახურვას ენერგეტიკული ბაზრებისა და რეგიონიდან ექსპორტზე დამოკიდებული სახელმწიფოებისთვის ფართომასშტაბიანი შედეგები მოჰყვება, თუმცა ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესოა, ჩინეთია, რომელიც თავისი ნავთობის 40 პროცენტსა და თხევადი ბუნებრივი აირის 30 პროცენტის იმპორტს სრუტის გავლით ახორციელებს. პეკინმა ომში მონაწილე ყველა მხარეს ,საჯაროდ მოუწოდა, რომ სრუტე ღია მდგოამრეობაში შეენარჩუნებინათ, რათა საერთაშორისო ვაჭრობის შეფერხება თავიდან აეცილებინათ

  • ჰორმუზის სრუტის გავლით საზღვაო მიმოსვლით და ამ საკითხში დახმარების მიზნით საზღვაო მისიებზე იმუშავებს.

ჩინეთი რეგიონიდან ენერგორესურსების იმპორტზე დიდწილადაა დამოკიდებული და მისი, როგორც ირანის ერთ-ერთი საერთაშორისო პარტნიორის, პოზიცია ამ ფონზე განსაკუთრებულად საინტერესოა.

პეკინის მოწოდებების მიუხედავად, რომ სრუტე საერთაშორისო ვაჭრობისთვის ღია დარჩეს, სათვალთვალო მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინურმა ტანკერებმა და კონტეინერმზიდებმა კონფლიქტის დაწყებიდან ტრანზიტი თითქმის შეწყვიტეს, ეს მონაცემები ხაზს უსვამს ჩინეთის შეზღუდულ შესაძლებლობას, შეცვალოს კონფლიქტის მიმდინარეობა, თუნდაც დაიცვას საკუთარი სტრატეგიული და კომერციული ინტერესები.-ვკითხულობთ ერთ-ერთი გავლენიანი „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი"-ის ანალიზში.

ადრე გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩინეთის დროშის ქვეშ მცურავი ან მათი საკუთრებაში არსებული გემები სრუტეში შესაძლოა პრივილეგირებული წვდომით სარგებლობდნენ, მიზეზი კი პეკინისა და თეირანის მზარდი დიპლომატიური თანამშრომლობიაა.

 

სხვათაშორის, ასეთ შეთანხმებას გარკვეული პრეცედენტიც აქვს: 2024 წელს ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტების დაჯგუფებამ, გავრცელებული ინფორმაციით, წითელ ზღვაში კომერციული გემების წინააღმდეგ განხორციელებული კამპანიის დროს ჩინური სავაჭრო გემების მიზანში ამოღებისგან თავის შეკავებაზე თანხმობა განაცხადა. თუმცა არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ მიმდინარე კონფლიქტში ჩინურ გემებს მსგავსი გარანტიები ჯერ არ მიუღიათ.

ევროპა ისევ შეშფოთებულია

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა:

„ის, რასაც ჩვენ ახლო აღმოსავლეთში ვხედავთ, სინამდვილეში იგივე დრონებია, რომლებიც ყოველდღიურად ესხმიან თავს კიევს. უკრაინას შეუძლია დაეხმაროს სპარსეთის ყურის ქვეყნებს, რადგან მათ შეიმუშავეს დრონების ჩამჭრელი და დრონებისგან დაცვის სისტემები", - აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, ევროკავშირის უპირველესი პრიორიტეტია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება რეგიონში.

კალასმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია საზღვაო უსაფრთხოებითა და ჰორმუზის სრუტის გავლით საზღვაო მიმოსვლით და ამ საკითხში დახმარების მიზნით საზღვაო მისიებზე იმუშავებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×