ნატალია ჯვარიძე
07.03.2026

საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა , - ინფორმაციას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს. დელეგაცია საქართველოს 8-10 მარტს ეწვევა და მას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონს სამპიეტრო უხელმძღვანელებს.

ასევე, დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა (პორტუგალია); პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე იევროსიმა პეიოვიჩი (მონტენეგრო); დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე კრისტინ ბლოუერი (დიდი ბრიტანეთი) და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.

პრესრელიზის თანახმად, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პოლიტიკური აქტორების ფართო სპექტრსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

„ვიზიტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს შესაძლებლობას მისცემს, ქართველ თანამოსაუბრეებთან ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებსა და დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსაზრებები გაცვალონ", - ნათქვამია პრესრელიზში.

ანალიტიკოსის, გია აბაშიძის აზრით, ვიზიტის შემდეგ გამოხატავენ შეშფოთებას და იტყვიან, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა.

„ასეთი ვიზიტი პირველი ნამდვილად არ არის. ბუნებრივია, მრავალი წელია მათ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ. მე ვიტყოდი, რომ შესაძლოა მცდარი შეშფოთება გამოთქვან, თითქოს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა და ბოლო დროს მიღებული კანონები დემოკრატიას არ შეესაბამება.

თუმცა, ამ შემთხვევაშიც ოფიციალური თბილისის ოფიციალური პასუხი იქნება ის, რაც აქამდე მოგვისმენია, რომ სუვერენიტეტის გამტკიცება არ ნიშნავს დემოკრატიისგან გადახვევას და გაცილებით მკვეთრი რეზოლუციები თუ კანონები, სხვა ქვეყნებში არსებობს. ხელისუფლება კიდევ ერთხელ იტყვის, რომ ისინი ბოლომდე დაიცავენ მშვიდობიანი განვითარების გზას",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×