
გორში არასრულწლოვანის ადევნების ფაქტზე 61 წლის კაცი დააკავეს. მას 2009 წლიდან უვადო თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა "ფორმულას" ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, სააპელაციო სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.
კაცი მიხეილ აზალაძეა, რომელსაც წარსულში რამდენიმე მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ შორის, მკვლელობა და სხეულის დანაწევრება.
"ორხეველი მანიაკის" სახელით ცნობილი მიხეილ აზალაძე, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სააპელაციო სასამართლომ გასული წლის ზაფხულში გაათავისუფლა, რამდენიმე დღის წინ კი გორში არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა უკვე.
ტელეკომპანია "ფორმულა" ესაუბრა ადამიანს, რომლის ოჯახის წევრიც წლების წინ აზალაძემ სასტიკად მოკლა. თეა კუდუხოვი ამბობს, რომ აზალაძეს უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და მისი გარეთ გამოშვება არაფრით შეიძლებოდა, რადგან ის საზოგადოებისთვის საშიშია.
"ჩემი მაზლი თბილისში, ორხევის დასახლებაში სახლში დაპატიჟა, გაუმასპინძლდა არყით, მერე როგორც ჩანს, მოუვიდათ შელაპარაკება და მოკლა, დაახრჩო. ჯერ გაგუდა, შემდეგ დაჭრა, თავი მოაჭრა, მკლავი მოაჭრა, ჩადო პოლიეთილენის პარკებში და ნაგვის ურნაში ჩაყარა, ჩამოიტანა და დაწვა. დაიჭირეს, უვადო პატიმრობა ჰქონდა და როგორც ჩანს, გადაუკვალიფიცირეს... მაგ კაცის გარეთ გამოშვება არაფრით არ შეიძლება", - განაცხადა მოკლულის ოჯახის წევრმა თეა კუდუხოვმა.
"ორხეველი მანიაკი" წლების წინ აზალაძეს სამართალდამცველებმა შეარქვეს. ის არნახული სისასტიკით გამოირჩეოდა. პირველად ციხეში 2004 წლის მარტში მოხვდა სოციალური მუშაკის, გია ბრიტულიჩის განზრახ მკვლელობის ბრალდებით. ბრიტულიჩის ცხედარი მკვლელის სახლში, თბილისში, ჩანტლაძის ქუჩაზე აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, ის მსხვერპლს ჯერ არყით გაუმასპინძლდა, შემდეგ კი ყელი გამოსჭრა. ჩადენილი მკვლელობის შესახებ აზალაძემ პოლიციას მას შემდეგ აცნობა, რაც "გვამის სუნმა შეაწუხა". პირველი ინსტანციის სასამართლომ აზალაძეს რამდენიმეწლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ადვოკატებმა განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს - აზალაძე ამას ვერ ჩაიდენდა, მარჯვენა ხელზე არც ერთი თითი არა აქვსო. ადვოკატის პოზიცია ექსპერტიზის დასკვნითაც გამყარდა. დასკვნაში ეწერა, რომ ის დანას ხელში ვერ დაიჭერდა. საბოლოოდ სასამართლომ დაცვის პოზიცია გაიზიარა და აზალაძე გაამართლა, მაგრამ ვინაიდან გვამი მის ბინაში აღმოჩნდა, დანაშაულის დაფარვისთვის გაასამართლეს და პირობითი სასჯელი აკმარეს.
ციხიდან გათავისუფლებულმა აზალაძემ ნავთლუღის ბაზარში ვაშლით ვაჭრობა დაიწყო. პოლიციის ცნობით, 2008 წლის 25 მარტის საღამოს ის მეგობრის შვილს, ვასიკო მეცხვარიშვილს შეხვდა, შინ მიიპატიჟა და არყით გაუმასპინძლდა. მერე რაღაცაზე აუშარდა და მოკლა. აზალაძემ დანაშაულის დაფარვის მიზნით მეცხვარიშვილს თავი და მკლავები მოაჭრა, სხეულის ნაწილები პარკში ჩადო და ნაგვის ურნაში ჩაყარა, ტანი კი დილაადრიანად კორპუსის წინ ჩაიტანა, ზედ საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, თვითონ სახლში დაბრუნდა, იქაურობა მოაწესრიგა და მშვიდად დაიძინა. დილის 9 საათზე სახლიდან გასული აზალაძე სამართალდამცველებმა თბილისში, რუსთაველზე დააკავეს. მაშინ მიხეილ აზალაძე 109-ე მუხლით გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
"ფორმულა"