
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში კვირას საქალაქო სასამართლოში გამოიკითხნენ "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წევრი გიორგი კანდელაკი და თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი. საქმე აღძრულია სსკ-ის 319-ე მუხლით - უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის, ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
წინა დღით დაიკითხა ისტორიკოსი გუბაზ სანიკიძე და დაბარებულია გამოკითხვაზე ოპოზიციონერი გივი თარგამაძე, თუმცა ის ქვეყნიდან 7 მარტს გავიდა და საქართველოში არ იმყოფება. გამოძიებას შეკითხვები აქვს მათ განცხადებებთან დაკავშირებით, ქვეყანაში "ირანის მზარდი გავლენის შესახებ".
სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც დაიბარეს.
ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანაში ტერორისტების გადამზადება და რეკრუტირება, ეს "ქვეყნის წინააღმდეგ ძალიან სერიოზული ბრალდებაა". მათი შეფასებით, "მავლებლები განცხადებებით ცდილობენ, რომ საქართველოში უბედურება დაატრიალონ".
"როდესაც ვინარჩუნებთ მშვიდობას და აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს მშვიდობა, ეს მავნებლები ავრცელებენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ერთი მხრივ რეპუტაციის შემლახველია ჩვენი ქვეყნისთვის, მეორე მხრივ კი ცდილობენ, რომ ამ განცხადებებით საქართველოში უბედურება დაატრიალონ და ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
- ლევან მაჭავარიანი: "ცდილობენ, რომ ამ განცხადებებით საქართველოში უბედურება დაატრიალონ და ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს"
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ "ოცნება" "მტრად რაცხავს" დასავლეთს და ამ დროს მათ თვალწინ "მტრები პოზიციებს აძლიერებენ".
"უთვალთვალებენ დასავლელ დიპლომატებს, მტრად ჰრაცხავენ ქართველი ხალხის მოკავშირეებს, რაც მთავარია, ქვეყნის შიგნით დევნიან დემოკრატიულ ოპონენტებს და კანონმორჩილ მოქალაქეებს - და ამ დროს, მათ თვალწინ ან მათი კურთხევით, თავისუფლების მტრები ქვეყნის შიგნით პოზიციებს იძლიერებენ. ამ რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენა ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტის ჩამოშლას, ქაოსს და დესტაბილიზაციას",- წერს "ფერედალისტების" ლიდერი გიგა ბოკერია.
რას ამბობენ კანდელაკი, ხიდაშელი, სანიკიძე და თარგამაძე
კანდელაკი 8 მარტს საქალაქო სასამართლოში დაახლოებით ორი საათი იკითხებოდა, როგორც დაკითხვიდან გამოსულმა განაცხადა, სუს-ის გამომძიებლებს მასთან შეკითხვები ჰქონდათ "ჰადსონის ინსტიტუტის" იმ კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც 3 მარტს გასაჯაროვდა "საქართველოში ირანის მზარდი გავლენის შესახებ" და რომლის ერთ ერთი ავტორიც თავად გიორგი კანდელაკია.
კითხვაზე, კვლევა რატომ გასაჯაროვდა მაინცდამაინც ახლა ირან-ისრაელის კონფლიქტის დროს, კანდელაკი აღნიშნავს, "ეს უბრალოდ დამთხვევაა" და მასში აღწერილი ფაქტები "საჯაროდ არის ცნობილი". მისი თქმით, "აშკარაა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენაა საქართველოში და რეაგირებას ეს საჭიროებს".
"ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი, რომელიც ტერორიზმის გამოა დასანქცირებული, საჯაროდ არის ცნობილი და არაერთი მოსმენა გამართულა ამერიკის კონგრესში ამასთან დაკავშირებით. გუშინ ჩვენ ვიხილეთ, რომ თურმე ეს დიდი ქსელია საქართველოში.
სერიოზული პრობლემაა, როცა ჭავჭავაძის გამზირზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წინ, ასეულობით ჩვენი თანამოქალაქე დგას აიათოლა ხამენეის პორტრეტით და ყვირიან, რომ ჩვენ მზად ვართ შენი ბრძანების შესასრულებლადო. რა ბრძანების შესასრულებლად არიან მზად? ხამენეის გაცხადებული მიზანი იყო ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და ამერიკელების მკვლელობა",- დასძენს კანდელაკი.
მანამდე თავდაცვის ექს მინისტრი თინა ხიდაშელი იყო საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე, მისი თქმით, გამოძიებას კითხვები "ტვ პირველის" ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ჰქონდს, მაშინ ეთერში ხიდაშელმა თქვა, რომ საქართველოში არალეგალურად ფუნქციონირებს ე.წ უნივესიტეტი, რომელიც "ჩვეულებრივი ტერორისტების სკოლაა".
„ამ [ალ-მუსტაფას] უნივერსიტეტის ფილიალია, არც უნივერსიტეტია. საბედნიეროდ, აკრედიტაცია მიღებული არ აქვს, მაგრამ ფილიალი, რაღაც ტიპის წარმონაქმნი საქართველოში ფუნქციონირებს, რომელსაც მიხედვა სჭირდება. მე არსად მითქვამს, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ. გიდასტურებთ, რომ ეს უნივერსიტეტი ზუსტად ამისთვის არის დასანქცირებული მინიმუმ 3 ქვეყნის კანადის, გერმანიის, აშშ-ს მიერ და ეს დოკუმენტი არსებობს", - განაცხადა ხიდაშელმა.
- თინა ხიდაშელი: "არსად მითქვამს, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ. გიდასტურებთ, რომ ეს უნივერსიტეტი ზუსტად ამისთვის არის დასანქცირებული მინიმუმ 3 ქვეყნის კანადის, გერმანიის, აშშ-ს მიერ და ეს დოკუმენტი არსებობს"
ამავე გამოძიების ფარგლებში 7 მარტს საღამოს გამოიკითხა ისტორიკოსი გუბაზ სანიკიძე. როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, მან ყველა კითხვას უპასუხა.
„შეკითხვები ჰქონდათ ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით და არ დავმალავ, მეც მქონდა მათთან შეკითხვები. მე ყველა შეკითხვას გავეცი პასუხი, მათ ჩემს შეკითხვებს პასუხი ვერ გასცეს", - განაცხადა სანიკიძემ.
გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძეც დაიბარეს, თუმცა, ის ქვეყანაში არ იმყოფება. როგორც მან "ფეისბუქზე დაწერა, მან ქვეყანა 7 მარტს დატოვა. თარგამაზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტს აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ უფლება აქვს, საქართველოს ტერიტორია თბილისის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე დატოვოს.
„ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი „საქოცეთი", უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული, დამტრიალებთ თავს. დღეს, გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩასასხდომი ბარათები თორმეტჯერ გადაიღეს და რას მატრაბაზობთ, რას ვერ მპოულობთ, სად მეძებთ, რა მედიას და ახლობლებს სთხოვთ, ეგებ გააგებინოთო. მეგობრებს რას მიწიოკებთ, გიენებო? დაშოშმინდით",- წერს თარგამაძე.
მანამდე სუს-მა განაცხადა, რომ „მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, ტელეფონი გათიშული ჰქონდა და იმედს გამოთქვამდნენ, რომ მედიასაშუალებებიდან შეიტყობდა ან გადასცემდნენ მას, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით".
მოგვიანებით, უწყებამ დაადასტურა, რომ თარგამაძე საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა, „როუმინგი" და ინტერნეტი პოლონეთშიც არის და უკრაინაშიც, როგორც კი ტელეფონს ჩართავს, შეატყობინებენ, რომ გამოკითხვაზეა დაბარებული".