რეზონანსი
09.03.2026

სოციალურ ქსელებში პოპულარული ბლოგერი, გიორგი გოგოჭური, თამუნა მუსერიძის პოდკასტში "ვეძებ" საკუთარ ისტორიას იხსენებს. იგი ამბობს, რომ 4 წლის ასაკში მშობლებმა კოჯრის ბავშვთა სახლში დატოვეს და ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობდა:

"4 წლის ასაკში მშობლებმა კოჯრის ბავშვთა სახლში ჩამაბარეს, სადაც 8 წლამდე ვიზრდებოდი. სოციალური მუშაკები მოვიდნენ, ხელი მომკიდეს და ოჯახიდან, ჩემი მშობლებისგან წამიყვანეს. დედაჩემიც წამოვიდა ჩემთან ერთად და ამ ყველაფრის მომსწრე იყო. როდესაც ადგილზე მივედით, დედაჩემმა დამტოვა და უკან მოუხედავად წავიდა. მახსოვს, გამოვეტირე. მაგრამ, უკვე აზრი აღარ ჰქონდა. 

დატოვების მთავარი მიზეზი გაჭირვება იყო. თუმცა, აზრთა სხვადასხვაობაც არსებობს. ჩემზე ძალადობდნენ. სულ პატარა რომ ვიყავი, თოთო ბავშვი, თურმე ჩემი ოჯახიდან ჩემი ტირილის, ჩხუბის ხმები გადიოდა. მე არაფერი მახსოვს. იმედია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. დღეს ძალიან ჯანსაღი, ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობა მაქვს.

როგორც ვიცი, მაშინ სახელმწიფო მოვიდა ჩვენს ოჯახში და სახელმწიფოს გადაწყვეტილებით მოხდა ჩემი გადაყვანა. სოციალურ სააგენტოს დაუკავშირდნენ, სოციალური მუშაკები მოვიდნენ და ასე აღმოვჩნდი ბავშვთა სახლში. ჩვენ უბანში ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული ოჯახი ვიყავით. ძალიან მძიმე პირობებში ვცხოვრობდით. სანამ ბავშვთა სახლში აღმოვჩნდებოდი, მახსოვს ჩემი ბავშვობა - ქუჩა-ქუჩა, უბან-უბან ჯართს ვაგროვებდი...

ბავშვთა სახლში სხვა ბავშვებს მშობლები აკითხავდნენ. როცა სხვა ბავშვების მშობლები მოდიოდნენ ბავშვთა სახლში, მეტირებოდა. ჩუმად გავიდოდი, ტირილს ვიწყებდი, ოთახში გამოვიკეტებოდი იმიტომ, რომ დედაჩემი ჩემს სანახავად არ მოდიოდა. მახსოვს, დედაჩემი ერთადერთხელ მოვიდა ჩემთან. იმის მერე არ მოსულა. მამა მაგ პერიოდში დაჭერილი იყო.

ბავშვების ნაწილი ბავშვთა სახლიდან ოჯახებში დაბრუნდა. მათი მშობლები მოვიდნენ და ბიოლოგიურ ოჯახებში დაიბრუნეს. მე ისე აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ქალბატონს მიმაბარეს. ბორჯომის რაიონში, ახალდაბაში ცხოვრობდა. 8 წლის ასაკში წამიყვანა და მასთან 15 წლამდე ვცხოვრობდი. პედაგოგი ქალი იყო. რა თქმა უნდა, ჩემი იქ ცხოვრების პერიოდში, ჩემზე ზრუნვაში, სახელმწიფოს მხრიდან თანხა ერიცხებოდა. დაზუსტებულად ვიცი, ჩემს თანხას რომ იღებდა, მას სრულიად მე მახმარდა. ჩემთვის ყველაფერს აკეთებდა. შრომა შემაყვარა. ძალიან დიდი ეზო, ორი სახლ-კარი ჰქონდა. ყველაფერში გვერდით ვედექი, ბაღის სამუშაოებში, ბალახის მოთიბვაში, შეშის დაჩეხვაში, მაღაზიაშიც ვეგზავნებოდი, პროდუქტების საყიდლად ქალაქგარეთ მიშვებდა. ყველაფერი ამ ქალისგან ვისწავლე, რაც არ ვიცოდი. ძალიან კარგად მექცეოდა.

15 წლის ასაკში, უკვე რომ გავიზარდე, ჩემი მშობლები ჩემს სანახავად მოვიდნენ და გადაწყვიტეს, რომ დავებრუნებინე. მაგრამ ეს ქალი, დედობილი, ვისთან ერთადაც 8 წელი ვცხოვრობდი, წინ გადაუდგა და უთხრა, ახლა გაგახსენდათ თქვენი შვილი, წლების მანძილზე სად იყავითო. ჩემს ბიოლოგიურ მშობლებსა და დედობილს შორის კონფლიქტი მოხდა. სოციალურმა მუშაკებმა ჩემს დედობილს დაუჭირეს მხარი. ჩემი ბიოლოგიური მშობლები როგორც მოვიდნენ, ისე წავიდნენ. მე მკითხეს აზრი, ვისთან გინდაო და მე დედობილი ავირჩიე. მე ვფიქრობ, მაშინ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

ბოლოს მაინც მშობლებმა დაგვაშორეს. ამ ქალს ემუქრებოდნენ, რომ თუ ჩვენს შვილს არ დაგვიბრუნებ, მოგკლავთო... ვინაობას არ დავასახელებ, მაგრამ დაზუსტებით ვიცი, ვინ ემუქრებოდა. ეს ქალი იმის მერე შიშში ცხოვრობდა და ჩემზე გული აიცრუა. გადაწყვიტა, რომ ბავშვთა სახლიდან სხვა ბავშვი აეყვანა. სოციალური მუშაკების მხრიდანაც ხელის შეშლის ფაქტორი გამოიკვეთა. ჩემზე დიდი ამაგი ჰქონდა. სოციალურმა მუშაკებმა მაშინ თქვეს, რომ შენი ხელშეკრულების პერიოდი ამოიწურაო. დედობილთან 8-წლიანი ხელშეკრულება იყო გაფორმებული. რატომღაც მგონია, ეს ცრუ ინფორმაციაა. დარწმუნებული ვარ, შესაძლებელი იყო, 18 წლამდე ვყოფილიყავი მასთან. მან ბავშვთა სახლიდან ბავშვი აიყვანა, შვილად გაიფორმა და მასთან ერთად გააგრძელა ცხოვრება. შორიდან სატელეფონო კავშირი გვაქვს. მის სანახავად არაერთხელ ჩავსულვარ.

ახლა 23 წლის ვარ. ძალიან მიკვირს, აქამდე როგორ მოვედი. ალბათ, კეთილი ადამიანების დახმარებითა და გვერდით დგომით. ჩემს მშობლებთან შეხვედრა ჩემი უახლოესი ნათესავის დამსახურებაა. ამ საკითხში მან ძალიან დიდი როლი ითამაშა. მშობლებთან ის წამომყვა. მისი ინიციატივა იყო, ჩემი - არა. მე არ მქონდა შეხვედრის სურვილი... ჩემი მშობლები ისეთ ასაკში არიან, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, რაღაც რომ დაემართოთ, ისეთი აზრები მიტრიალებდა თავში, მერე ეს ცუდად გამოვიდოდა ძალიან... გამართლება არ ექნებოდა. მეც ვერ მოვისვენებდი. ძალიან დავიტანჯებოდი, ის დაშვებული შეცდომა რომ არ მეპატიებინა დედისთვის. ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი შეხვედრა იყო. ყველანაირად ვცდილობდი, წარსული დამევიწყებინა. ვიცოდი, რომ მელოდებოდა. მე რომ სწორი და სამართლიანი ნაბიჯი გადავდგი, ვიცი", - განაცხადა გადაცემაში გიორგი გოგოჭურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×