პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პაპუაშვილმა ევროკავშირისა და ოპოზიციის კრიტიკაზე, გერმანიის ელჩზე და „საინფორმაციო ომზე" ისაუბრა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო ეუთო-ს ერთგული და აქტიური წევრია და შემდგომშიც დაუჭერს მხარს ორგანიზაციის საქმიანობას.
პერე ჟოან პონს სამპიეტრომ განაცხადა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საერთო პლატფორმაა დიალოგისთვის და მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევებით აღსავსე სამყაროში, მან აღნიშნა, რომ დელეგაციის ვიზიტი საქართველოში საოკუპაციო ხაზზე ვიზიტით დაიწყო და დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.
„საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ის დასკვნა გაიმეორა, რაც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას 2024 წელს არჩევნებთან დაკავშირებით ჰქონდა.
სამწუხაროდ, იმ პირობის მიუხედავად, რომელიც მათ შორის ევროკავშირისგან მივიღეთ, რომ მათი სახელმძღვანელო მათ შორის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა იქნებოდა, ჩვენ აქ მოგვატყუეს და დასკვნის საფუძველზე საქართველოსთან ურთიერთობების გაგრძელების ნაცვლად, ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ მცდელობა, რომ რადიკალური დღის წესრიგი წაქეზებულიყო"- განაცხადა პაპუაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.
„ოპოზიციაზე"
შალვა პაპუაშვილმა „ოპოზიციის ალიანსზე" საუბრისას განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობა", როგორც იდეოლოგია, ეს არის პატრონ-ყმობა, სხვისი უცხო ჯგუფების ინტერესების გატარება.
„არანაირი ოპოზიციის ალიანსი არ არსებობს, არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ცდილობდა რომ ნაცარი შეეყარა თვალში საზოგადოებისთვის, რომ თითქოს აღარ არის ერთიანი და დაშლილია, სხვადასხვა პარტიაა. რასაც ვსაუბრობდით, ყველაფერი ახდა. ეს არის ისევ ის სახეები, ვინც საქართველოში შექმნა წამების, ტელევიზიების ტერორის, სახელმწიფო რეკეტის სისტემა. ეს ადამიანები პირდაპირ სცენაზე სხედან და შეგვიძლია იმ თაობას, ვისაც არ ახსოვს ეს დიქტატორული რეჟიმი, ახლა ერთ მენიუში არიან წარმოდგენილები ყველა მცირე დიქტატორები, სააკაშვილის, დიდი დიქტატორის ხელმძღვანელობით.
„ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ერთიანია, საქართველო კვლავ იგივე პასუხს გასცემს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ეს ქვეყანა მიიყვანა დემოკრატიული კრახისკენ, ეკონომიკური სტაგნაციისკენ და მიიყვანა ომისკენ."-განაცხადა პაპუაშვილმა.
გერმანიის ელჩზე
პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერისა და „საქართველოს ევროპული ორბიტის" აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას შეხვედრის შესახებ „იმედის კვირის" მიერ მომზადებულ რეპორტაჟს, სადაც ნათქვამია, რომ „ნინო ლომჯარიამ საელჩოს შენობა დიპლომატიური ავტომობილით დატოვა, მედიის კითხვებისთვის რომ არ ეპასუხა".
გარდა ამისა, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „სამწუხაროა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის 30-წლიანი მჭიდრო პარტნიორობა პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში დაანგრია".
„ამ სცენას ჰქონდა გარკვეული გერმანული ესთეტიკა. აღმოსავლეთ ბერლინიდან დასავლეთ ბერლინში რომ გარბოდნენ, გადაჰყავდათ ხოლმე ფარულად, ალბათ ასეთი სცენები გვაქვს ნანახი. ასე რომ, იგრძნობა გარკვეული გერმანული ესთეტიკა ამაში.
- პაპუაშვილი:„პეტერ ფიშერმა 30-წლიანი პარტნიორობა სამ წელიწადში დაანგრია"
(...) მინდა ბატონ პეტერს ვუთხრა, რომ ქართველ ხალხს, განსაკუთრებით „ქართულ ოცნებას", მის ამომრჩეველს ნუ ხდის ზიზღის ობიექტად. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ სწორია, ზიზღის ობიექტად წარმოსახო საქართველო, მისი მოსახლეობა, მისი ხელისუფლება. სამწუხაროდ, მის პოზიციებში, მის გამონათქვამებში ეს ზიზღი ძალიან ნათლად ჩანს, რაც საკმაოდ მძიმეა."განაცხადა პაპუაშვილმა.
„ვისაც უნდა იკვლიოს"
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საკითხით დაინტერესდა, (...) ამ შემთხვევაში, საქართველოს წინააღმდეგ გვაქვს პირდაპირი საინფორმაციო ომი, რომლის მონაწილეებად ისახებიან უცხოეთიდან დაფინანსებული აქტორები. ჩვენ ვხედავთ ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებულ თინა ხიდაშელს, რომელსაც გამოკვეთილი ანტიქართული დღის წესრიგი აქვს, რომელიც ცდილობს დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა, ცდილობს, რომ გარე ძალებს შეუქმნას საბაბი საქართველოზე პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმისა.
ვხედავთ, გიორგი კანდელაკს, რომელიც ასევე უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანია, რომელიც ყველა კრიტიკულ მომენტში არის პირველი ადამიანი, რომელიც ცდილობს დაბნეულობის შემოტანას საზოგადოებაში, ცდილობს გარედან დარტყმის ობიექტად აქციოს საქართველო.
„ვფიქრობ, მათ, ვისაც სურს იკვლიოს დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის მეთოდები, საქართველოში შეუძლია ჩამოვიდნენ და ამაზე დისერტაციები წერონ თუ როგორ ეხმარებიან ადგილობრივი ყორღანაშვილები უცხო ძალებს იმისთვის, რომ საქართველო გახადონ თავდასხმის ობიექტი."
პაპუაშვილი:„პეტერ ფიშერმა 30-წლიანი პარტნიორობა სამ წელიწადში დაანგრია"