
საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი რანგის დელეგაცია სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან, სადაც განიხილება, როგორც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და დემოკრატიული პროცესები, ისე რეგიონში შექმნილი სიტუაცია.
დელეგაციის წევრები ორშაბათს დილით ჯერ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებს შეხვდნენ, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და დეპუტატ ნიკოლოზ სამხარაძეს. ხოლო შემდგომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.
როგორც განცხადებიდან ირკვევა, დელეგაციის წევრები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, საარჩევნო გარემოსა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე. ასევე ხელისუფლებასა და ოპიზიციას შორის დიალოგის განახლების აუცილებლობაზე.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ის დასკვნა გაიმეორა, რაც ეუთო/ოდირის მისიას 2024 წელს არჩევნებთან დაკავშირებით ჰქონდა. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" დიალოგის სივრცე არაა და "შარლ მიშელი 2" არ იქნება.
ეუთოს დელეგაციას ხელმძღვანელობს ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს. შემადგენლობაში კი არიან: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა (პორტუგალია), პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე იევროსიმა პეიოვიჩი (მონტენეგრო), დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე კრისტინ ბლოუერი (დიდი ბრიტანეთი) და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.
ხელისუფლების შეფსებები
შალვა პაპუაშვილის თქმით, „საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ის დასკვნა გაიმეორა, რაც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას 2024 წელს არჩევნებთან დაკავშირებით ჰქონდა".
"ჩვენ ვართ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ძალიან აქტიური წევრები. მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა და მისი ხელმძღვანელი აგრძელებს ხაზს, რომელიც უსაფრთხოების ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს კონსტრუქციული დიალოგისთვის. ჩვენ ამ მხრივ სრული მზადყოფნა გვაქვს.
"ჩვენთვის რამდენიმე რამ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ სიმართლეზე ვგავართ - ეს არის ჩვენი მთავარი და მყარი ფუნდამენტი, რომელიც ვერავინ ვერ მოარყია, რადგან როდესაც სიმართლეზე დგახარ, იქ შეიძლება ვინმემ მოკლევადიანი პრობლემები შეგიქმნას, მაგრამ შეუძლებელია, ვინმემ ხანგრძლივად სიმართლის დამალვა და ტყუილზე აწყობა შეძლოს, როგორც ამას დღევანდელი ბრიუსელი აკეთებს.
"ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ იყოს გამოყენებული იარაღად ზოგიერთი ქვეყნის თუ პოლიტიკური ჯგუფების დღის წესრიგის გასატარებლად, რასაც PACE-ს შემთხვევაში ახერხებენ.
"საბედნიეროდ, ეუთო საპარლამენტო ასამბლეა ჯერჯერობით ამ გავლენისგან მეტ-ნაკლებად დაცულია. მათ შორის ასამბლეის ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ ამ რთულ პირობებში სიმართლეში გაერკვეს და ის თავსმოხვეული პროპაგანდა და დეზინფორმაცია, რომელიც ბრიუსელიდან ქართველი ხალხის წინააღმდეგ გვესმის, ეს დეზინფორმაცია და პროპაგანდა უკრიტიკოდ არ მიიღონ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
- შალვა პაპუაშვილი: „საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ის დასკვნა გაიმეორა, რაც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას 2024 წელს არჩევნებთან დაკავშირებით ჰქონდა"
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ეს ვიზიტი ჩვეულებრივი რიგითია და ამას არანაირი კავშირი არ აქვს „მოსკოვის მექანიზმთან".
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი დაგეგმილი იყო შარშან, არჩევნების შემდეგ, თუმცა მაშინ გარკვეული გარემოებების გამო და გარკვეული ჩართული დაინტერესებული მხარეების გამო, ეს ვიზიტი არ შედგა. თუმცა მაშინ იყო გაკეთებული განცხადება, რომ ვიზიტი აუცილებლად გაიმართებოდა, შესაბამისად, ეს ვიზიტი არის ჩვეულებრივი, რიგითი ვიზიტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა, რომელიც აქამდეც ხდებოდა და მომავალშიც იქნება, ამიტომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს „მოსკოვის მექანიზმთან", ან ნებისმიერ სხვა თემასთან, რომელიც შეიძლება, ვინმეს ეგონოს", - განაცხადა სამხარაძემ.
რას ამბობს ოპოზიცია
ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფუნქცია დიალოგის სივრცის ძიებაა, თუმცა მათ ოპოზიციამ განუმარტა, რომ დღეს არსებულ პირობებში დიალოგის სივრცე არ არსებობს.
„ბუნებრივია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა არის დიალოგის სივრცის ძიება. ეს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ ყველა ქვეყანასთან მიმართებით მათი ფუნქცია და მისიაა, თუმცა ძალიან კარგად ესმით და კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რომ სადაც დიქტატორი ივანიშვილი ადამიანებს იჭერს სრულიად უმიზეზოდ, ქვეყანაში გვყავს უამრავი პოლიტპატიმარი მეტი ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე პუტინის რუსეთში, სადაც რეპრესიული კანონების მიღება გრძელდება და არ არსებობს პირობები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავისუფალი არჩევანის გაკეთება საარჩევნო ყუთთან.
"ბუნებრივია ასეთ პირობებში დიალოგის სივრცე არ არსებობს. ამიტომ გამოწვევები უნდა გადაილახოს იმისთვის, რომ მივიდეთ იმ შესაძლებლობამდე, გაიხსნას დიალოგის სივრცე და შესაძლებლობა", - განაცხადა ბოკუჩავამ.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ "შარლ მიშელი 2" არ იქნება.
"ვუთხარით, რომ ჩვენ ველოდებით, ამ ინფორმაციების გაცვლისთვის ახლა თქვენ რომ გელაპარაკებით, შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღგვიძრანო. ეს არ არის მკითხაობა და უბრალოდ მოსაზრება, ასეთი სისხლის სამართლის საქმეები გვაქვს იმ ოთახში ვინც ვისხედით იმ ადამიანებს და ახლა ვინც შევიდა იმ ადამიანებსაც, ე.წ. საბოტაჟის საქმეში. ამიტომ სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ „ქართულ ოცნებასთან" რაიმე ტიპის მოლაპარაკების ფორმატი შეიძლება შედგეს, უბრალოდ შეუძლებელია.
- ნიკა გვარამია: "ხაზგასმულად ვამბობთ ყველა ასეთი შეხვედრის დროს, რომ „შარლ მიშელი 2" არ იქნება და იქნება მხოლოდ მკაფიო მოლაპარაკებები ქვეყნის ბედზე"
"შეუძლებელია იქამდე, სანამ პრობლემები, რომელიც მათ დაახვავეს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მერე ვითომ ეს დათმონ და მიიღონ რაღაც სანაცვლოდ... ხელისუფლებაში სამუდამო ყოფნის ნებისმიერი კანონი, ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიღებული აქვს „ქართულ ოცნებას", ვიდრე ყოველგვარი დათქმის გარეშე განულებული არ იქნება, მანამდე საუბარიც კი არ არის იმაზე, რომ რაიმე ტიპის ფორმატი შედგეს და ვერც იქნება.
"როცა მეგობრები ციხეში გვყავს და არამხოლოდ მეგობრები, პირადი და პოლიტიკური, არამედ უამრავი ადამიანი, ვინც პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევა ჩემ მიერ, რა უფლება გვაქვს საერთოდ ვინმეს რამეზე ველაპარაკოთ, ან ვის აქვს უფლება რომ ჩვენ ეს მოგვიწოდოს. არავითარი მოწოდებები არ ყოფილა. ჩვენ ხაზგასმულად ვამბობთ ყველა ასეთი შეხვედრის დროს, რომ „შარლ მიშელი 2" არ იქნება და იქნება მხოლოდ მკაფიო მოლაპარაკებები ქვეყნის ბედზე."- თქვა გვარამიამ.