
ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა. პარალელურად, საუბარია თხევადი აირის გაძვირებაზეც. როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების დროული შეჩერება ვერ მოხდება, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. საწვავმა უკვე გაძვირება საქართველოშიც დაიწყო.
ცვლილებები ადგილობრივ ბაზარსაც შეეხო. ავტოგასამართ სადგურებზე ფასის მატება 2-3 დღეა შეინიშნება. ამას თან ერთვის გაუფასურებული ეროვნული ვალუტაც, რომელიც საწვავის ღირებულებასთან პირდაპირ კავშირშია. ამ კუთხით სპეციალისტების პროგნოზი არცთუ სახარბიელოა. ისინი მიიჩნევენ, რომ გაძვირება გარდაუვალია.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში თხევადი გაზის დეფიციტის საფრთხე არ არსებობს, რადგან მოწოდების ძირითადი ლოგისტიკური არხები სტაბილურად მუშაობს, ფასი მცირედით, მაგრამ მაინც შეიცვალა. თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნარიმან ფირცხელიანის ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ტენდენციები ადგილობრივ ფასებზე გავლენას მაინც ახდენს. თბილისში "ელპიჯის" ფასი ამ ეტაპზე 1.30-დან 1.40 ლარამდე მერყეობს.
„გაძვირება მოსალოდნელია, რადგან მთელი მსოფლიო ბირჟებზეა მიბმული. როცა იქ ფასი იზრდება, რუსეთიდანაც მოსალოდნელია, რომ გარკვეული პროცენტით მოიმატოს, თუმცა იმის შიში, რომ მიწოდება საერთოდ შეწყდეს, არ არსებობს.
მკვეთრი გაძვირება, 10, 20 ან 30 თეთრით, ჯერჯერობით არ არის. იყო მცირე, დაახლოებით 5-თეთრიანი ცვლილება, რაც რუსეთში, ადგილობრივ ბაზარზე ფასის მატებამ გამოიწვია. ესეც საერთაშორისო ბირჟებზე არსებული ოდნავი გაძვირების გამოძახილია”, - განმარტა ფირცხელიანმა.
მისივე პროგნოზით, თუ უახლოეს დღეებში გლობალურ ბირჟებზე რადიკალური ცვლილებები არ მოხდება და თხევადი გაზის ფასი არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდება.
ფაქტია, რომ თუ საწვავის ფასმა ზრდა განაგრძო რთული მდგომარეობა იქნება მსოფლიოშიც და ჩვენთანაც, თუმცა დადებითი ის არის, რომ ამერიკის უმაღლესმა პასუხისმგებელმა პირებმა რუსულ ნავთობზე დროებით სანქციების მოხსნა დააანონსეს. ამით იმ დეფიციტის დაბალანსება უნდათ, რაც ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას მოჰყვა. რამდენად რეალური იქნება ეს გადაწყვეტილება, ეს უახლოეს ხანებში გამოჩნდება.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნა, რომ არსებული კონფლიქტის ფონზე, ცხადია, საწვავის ფასის დარეგულირება რთული პროცესია. საქართველო სრულად დამოკიდებულია მომწოდებელ ქვეყნებზე და თუ ფასები მოიმატებს, ჩვენც ძვირად მოგვიწევს მისი შეძენა.
,,მართალია, მარაგი ყველა კომპანიას ჰქონდა, მაგრამ ეს თვეობით ვერ გაგრძელდება. თანაც, დიდი მარაგი მიზანშეწონილიც არაა, რადგან ამ დროს საწვავი ხარისხს კარგავს.
რაც შეეხება მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს. ტრამპის განაცხადება გემების დამცავ ქარავანზე კარგია, ხოლო რაც შეეხება რუსეთის გათავისუფლებას სანქციებისგან, ეს ფაქტია, მისასალმებელია, რადგან ნავთობი რომელიც მსოფლიოს ბაზრებს, გადამამუშავებელ კომპლექსებს დააკლდა, უნდა შეავსოს ისეთმა ქვეყანამ, რომელიც ტერიტორიულად ახლოს არ არის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. დღესდღეობით საერთაშორისო ბირჟებზე ფასი იმიტომ იცვლება, რომ პროდუქტი საძებარია. თუ ეს საკითხი მოგვარდება, ბაზარი დასტაბილურდება.
საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველა ცვლილებას მტკივნეულად განვიცდით. ამიტომაც, თუ სანქციები მოიხსნა, დადებით შედეგებს მივიღებთ. თანაც, ტრანსპორტირების კუთხით რუსეთიდან საწავვის შემოტანა ჩვენთვის უფრო მომგებიანია და ნაკლები ხარჯი იქნება," - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ვახტანგ იობაშვილმა და დასძინა, რომ მთავარი მაინც კონფლიქტის ხანგრძლივობაა. ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ბაზარზე ფასთან მიმართებაში, ცხადია, პრობლემები შეიქმნება.
მისივე განცხადებით, ზოგადად, ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით პროგნოზი შეუძლებელია, მაგრამ ის რომ, ჩვენთან შეიქმნას დეფიციტი, ამის ალბათობა არ არსებობს.
,,ჩვენ მხოლოდ ფასზე გვაქვს პრობლემა. მოგეხსენებათ ამ კუთხით სხვა ქვეყანებზე ვართ დამოკიდებული. თუ გაიზრდება ღირებულება, ჩვენც ძვირად გვექნება შესაძენი. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ დეფიციტი არ წარმოიშვას. პარალელურად, მოსალოდნელია ფასების არასტაბილურობა და ამიტომაც ეროვნული ვალუტის კურსი უნდა ვაკონტროლოთ. სწორედ ეს გახლავთ საწვავზე ფასის ცვლილების ერთ-ერთი ფაქტორი. ბოლო დღეებში ლარი შესამჩნევად გაუფასურდა", - განუცხადა იობაშვილმა "ბიზნეს-რეზონანსს".
ის, რომ ყველგან რთული ვითარებაა, ამაზე საუბრობს ეკონომისტი პაატა ბაირახტარიც. იგი გლობალურ სირთულეებზე ამახვილებს ყურადღებას.
,,საკმაოდ რთულია ვითარებაა, რაც განპირობებულია იმით, რომ ნავთობის მიწოდების ჯაჭვი სრულიად ჩაშლილია. ეს უკანასკნელი კი ბაზარს დეფიციტისკენ მიაქანებს. ამას თან ერთვის ისიც, რომ შექმნილი უმართავი მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენიმე ქვეყანამ ნავთობის მოპოვება შეამცირა, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. უახლოეს პერიოდში კონფლიქტი თუ მეტ-ნაკლებად არ დასტაბილურდა, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება.
რაც შეეხება რუსეთს, ეს მიმდინარე პროცესები მათ წისქვილზე წყალს მნიშვნელოვნად ასხამას. კრემლს როგორც არასდროს ისე სჭირდებათ იმ მძიმე დეფიციტის შევსება, რაც საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში აქვთ და ნავთობის დაბალი ფასი, სწორედ, ამ დეფიციტს უღრმავებდა. ამიტომაც, თუ ვინმე ხეირობს ამ მძიმე მდგომარეობიდან რუსეთია. სანქციების მოხსნის გარეშეც ის ამ პროცესებიდან მოგებული გამოდის და დიდ სარგებელს იღებს.
რაც შეეხება საქართვერლოში ნავთობის ფასს, ცხადია, მოიმატებს. მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასები 38%-ით არის გაძვირებული. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა ან გაგრძელდა, ფასი აქაც აუცილებლად შეიცვლება. მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, სამწუხაროდ, უნდა ველოდოთ გაძვირებას" ,- განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" პაატა ბაირახტარმა და დასძინა, რომ საკმაოდ რთული მდგომარეობაა, შესაბამისად, გამორიცხული არაა, ბაზარზე ნედლი ნავთობის დეფიციტი შეიქმნას.
რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს, გუშინ ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა. "ბრენტის" მარკის ნავთობის 114 დოლარმდეც კი ავიდა, თუმცა დღის ბოლოს 98 დოლარამდე ჩამოვიდა. დიდი შვიდეული ქვეყნებმა კი სტრატეგიული რეზერვების ერთობლივ გამოყენებაზე მიანიშნეს.