
"ინგლისის სახელმწიფო თუ უსაფრთხოების სისტემაში რაღაც ჯგუფები გადაწყვეტილებების მიმღებები არიან და ისინი ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ" - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ყულევის ტერმინალში შემავალი ტანკერის შესახებ საუბრის დროს განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არსებობს კონკრეტული ჯგუფების სურვილი, რომლებსაც საქართველოსთან დაკავშირებით ნეგატიური კამპანიის წარმოება სურთ.
"არის პოლიტიკური სურვილი, ბრიტანეთიდან თუ ზოგიერთ დასავლური წრეებში, მაქსიმალურად ნეგატიური პოლიტიკა იქნეს წარმოებული. ამ სქემის განხორციელების ერთი რგოლი არის სწორედ აქ მოქმედი, მათივე დაფინანსებული რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაცია.
აქედან გამომდინარე, ისინი აწევენ კამპანიას, მერე ხმაური ტყდება და ამ კამპანიის საფუძველზე, როდესაც ეს ერთგვარ რეზონანსულ თემად იქცევა, როგორც მტკიცებულება, ეს კამპანიური ხმაური მოჰყავთ მტკიცებულებად, რაღაც გადაწყვეტილების მისაღებად. იგივე კამიტთან, ტელევიზიებთან დაკავშირებით, რაიმე დასაბუთებული არგუმენტი, ლოგიკური ჯაჭვიც კი არ არსებობს.
ინგლისის სახელმწიფო თუ უსაფრთხოების სისტემაში რაღაც ჯგუფები გადაწყვეტილებების მიმღებები არიან და ისინი ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, მმართველი გუნდი საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ "საინფორმაციო იერიშზე" საუბრობს. მათი განცხადებით, დეზინფორმაციულ კამპანიაში იკვეთება როგორც გარე აქტორების ინტერესი, ისე ადგილობრივი ძალების მცდელობა, ქვეყანაში ცრუ ნარატივები შექმნან.
უმრავლესობა აქცენტს აკეთებს დიდი ბრიტანეთის კავშირებზე საქართველოში მოქმედ კონკრეტულ მედიასაშუალებებთან. მაგალითად სახელდება პლატფორმა "აი ფაქტი", რომელიც, უმრავლესობის შეფასებით, წინასწარ ფლობდა ინფორმაციას ყულევის ტერმინალში შემავალი ტანკერის მოსალოდნელი დასანქცირების შესახებ. ხელისუფლების მტკიცებით, ის ფაქტი, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ სწორედ "აი ფაქტის" მიერ დასახელებული გემი დასანქცირდა, ადასტურებს ამ მედიასაშუალების კოორდინაციას უცხოურ სპეცსამსახურებთან.