
სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია, ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთებთან და არა იმ გზით, რომელიც დამხობისკენაა მიმართული, - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა განცხადებას ავრცელებს. ვიზიტის შემაჯამებელ ტექსტში ნათქვამია, რომ დელეგაციამ მკაცრად დაგმო სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მათ შორის, პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობა. ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ ბოიკოტი არ შეიძლება, იყოს დიალოგისა და პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა.
ეუთო-ს მაღალი დონის დელეგაცია საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. მისი მიზანი დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკური სპექტრის ჩართულობის ხელშეწყობა იყო. მმართველ გუნდში განცხადებას პოზიტიურად აფასებენ და ამბობენ, რომ მზად არიან დიალოგისთვის მათთან, ვინც საკითხს ობიექტურად მიუდგება.
პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ეუთო-ს განცხადებები სრულიად ბუნებრივია.
„გასაგებია ის დღის წესრიგი, რომელიც აქვს ეუთო-ს, მათ შორის განცხადებები, რომ არჩევნები უნდა იყოს ცვლილების გზა. ეს ბუნებრივი განცხადებაა. აბა, სხვა რა განცხადება უნდა გააკეთოს ეუთო-მ? ოპოზიციის განცხადებებიც აბსოლუტურად თავსებადია - ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არ ვიყავით ძალადობრივი მეთოდების გამომყენებლები. ზოგადად, არის მოწოდებები, რომ პოლიტიკურ აქტორებს შორის უნდა იყოს თანამშრომლობა, თუმცა ამ თანამშრომლობის პერსპექტივა არის ჩაკლული. ჩვენ ამას ვამბობთ“, - აცხადებს ფავლენიშვილი.