რეზონანსი
11.03.2026

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ეუთო-ს წარმომადგენლების ვიზიტი, მთელი თავისი წინა ისტორიით, მნიშვნელოვანი იყო. სამხარაძის თქმით, განცხადებები, რომელიც ეუთო-მ გააკეთა, ცხადყოფს იმას, თუ რატომ ჩაშალეს შარშან ეს ვიზიტი.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ასამბლეამ ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა დაგმო. ეს არის გზავნილი არა მხოლოდ ჩვენი ოპოზიციისთვის ქვეყნის შიგნით, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის ევროპარლამენტში და ევროკომისიაში მოკალათებული მათი მხარდამჭერებისთვის, რომ სიმართლე არ იმალება და რაც არ უნდა გაექცე რეალობას და რაც არ უნდა თვალი დახუჭო ძალადობრივი დამხობის მცდელობაზე, ვიღაც ობიექტური ადამიანი მაინც გამოჩნდება მსოფლიოში და ამ ყველაფერს ამხელს. მნიშვნელოვანი იყო ის განცხადებაც, რომ პარლამენტში საკუთარი მანდატების დატოვებით ოპოზიციამ დემოკრატიისთვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან დღეს ყველა საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი. რა თქმა უნდა, არ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი, რადგან პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგისთვის შექმნილია ინსტიტუტი, რომელსაც პარლამენტი ჰქვია. როდესაც შენ პარლამენტს ტოვებ და არ მუშაობ პარლამენტში, შემდეგ ვერ გექნება პრეტენზია იმაზე, რომ პოლიტიკურ დიალოგში შემოხვიდე ხელისუფლებასთან. ამიტომ, ეს ჩანაწერიც ამ განცხადებაში მნიშვნელოვანია და მიუთითებს იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიციის სტრატეგია და გადაწყვეტილება იყო სრულიად მცდარი და მათთვისვე დამაზიანებელი.

ასევე, მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით შეიძლება და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საარჩევნო ყუთებთან მისული ამომრჩევლის გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედოს. ეს ცრუ ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე ქართული საზოგადოებისთვის ისედაც არაფრისმთქმელია, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი მოწოდებაა, რომ მომავალი არჩევნებისთვის იქნებ მოემზადონ და, ბრიუსელში და სხვადასხვა დედაქალაქში სირბილის ნაცვლად, იქნებ თავის მოსახლეობას და საკუთარ საზოგადოებას შეხვდნენ თელავში, ზუგდიდსა და ახალციხეში. ეს არის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადების მთავარი სულისკვეთება“, - განაცხადა სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×