მარიამ ვეკუა
11.03.2026

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის არარსებობა ქვეყნის სტაბილურობასა და პრობლემების მოგვარებას აფერხებს - განცხადებას უკვე მოჰყვა განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები როგორც ოპოზიციიდან, ისე მმართველი გუნდიდან.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობა სტაბილურობისა და ქვეყნის პრობლემების მოგვარებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს.

ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ინფორმაციის თანახმად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ჟოან პონს სამპიეტრომ (ესპანეთი) და მაღალი დონის დელეგაციამ დღეს დაასრულეს რამდენიმედღიანი ვიზიტი საქართველოში, რომლის მიზანიც დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკური სპექტრის ჩართულობის ხელშეწყობა იყო.

ინფორმაციაში აღინიშნება, რომ ვიზიტის დროს დელეგაცია შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, სახალხო დამცველს, პარლამენტში და მის გარეთ არსებული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებს. დელეგაცია ასევე ეწვია ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს და შეხვდა საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს.

„ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩემი შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ბევრი ძალიან შთამბეჭდავი პოლიტიკოსი ჰყავს. როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე, მის გარეთ მყოფ პირებს, როგორც ჩანს, მუდმივი აქტიური ურთიერთობა აქვთ საერთაშორისო პარტნიორებთან. სამწუხაროდ, შოკირებული ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ისინი ერთმანეთთან არ ურთიერთობენ", - განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა

პოლიტიკური შეფასებები

პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ჟურნალისტებთან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომ დიალოგის შესაძლებლობის სივრცეს „ნაციონალური მოძრაობა" და „ქართული ოცნება" აქრობს „თავისი რადიკალური გადაწყვეტილებებით, რადიკალური სცენარების დაანონსებით, რადიკალური საკანონმდებლო ინიციატივებით და იმ რადიკალიზმის ხარისხის მომატებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია".

„პარლამენტის და არჩევნების ბოიკოტირება რომ შეცდომა იყო, ეს ჩვენი პოლიტიკური ძალისგან თქვენ ბევრჯერ გაგიგიათ. განვაახლეთ საპარლამენტო მუშაობა და ვიყენებთ ნებისმიერ მშვიდობიან გზას იმისთვის, რომ შევამციროთ „ოცნების" ამომრჩევლები.

რაც შეეხება სხვა დათქმებს და პუნქტებს, რომელზეც ეუთოს წარმომადგენლები საუბრობენ, რა თქმა უნდა, დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ ამ დიალოგს ანგრევს ორი ძალა - „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა".

ოპონენტების პოზიცია

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადება შეაფასა. მისი თქმით, ეუთოს მხრიდან მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით შეიძლება.

"ეს არის გზავნილი არა მხოლოდ ჩვენი ოპოზიციისთვის ქვეყნის შიგნით, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის, ევროპარლამენტში და ევროკომისიაში მოკალათებული მათი მხარდამჭერებისთვის, რომ სიმართლე არ იმალება და რაც არ უნდა გაექცე რეალობას და რაც არ უნდა თვალი დახუჭო ძალადობრივი დამხობის მცდელობაზე, ვიღაც ობიექტური ადამიანი მაინც გამოჩნდება მსოფლიოში და ამხელს ამ ყველაფერს.

  • სამხარაძე: ...ეს ცრუ ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე ქართული საზოგადოებისთვის ისედაც არაფრისმთქმელია, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი მოწოდებაა, რომ მომავალი არჩევნებისთვის იქნებ მოემზადონ

მნიშვნელოვანი იყო ასევე ის განცხადება, რომ პარლამენტში საკუთარი მანდატების დატოვებით ოპოზიციამ მიიღო დემოკრატიისთვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება, რადგან დღეს ყველა საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი. რა თქმა უნდა, არ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი, რადგან პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგისთვის შექმნილია ინსტიტუტი, რომელსაც ჰქვია პარლამენტი. როდესაც შენ პარლამენტს ტოვებ და არ მუშაობ პარლამენტში, შემდეგ ვერ გექნება პრეტენზია იმაზე, რომ პოლიტიკურ დიალოგში შემოხვიდე ხელისუფლებასთან.

ამიტომ, ეს ჩანაწერიც ამ განცხადებაში მნიშვნელოვანია და მიუთითებს იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიციის სტრატეგია და გადაწყვეტილება იყო სრულიად მცდარი და მათთვისვე დამაზიანებელი.

...ეს ცრუ ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე ქართული საზოგადოებისთვის ისედაც არაფრისმთქმელია, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი მოწოდებაა, რომ მომავალი არჩევნებისთვის იქნებ მოემზადონ და ბრიუსელში და სხვადასხვა დედაქალაქში სირბილის ნაცვლად, იქნებ თავის მოსახლეობას და საკუთარ საზოგადოებას შეხვდნენ თელავში, ზუგდიდში და ახალციხეში. ეს არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადების მთავარი სულისკვეთება", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა რომ ოპოზიცია დიალოგს თავად უარყოფს.

"ვისაც დიალოგი და საპარლამენტო ტრიბუნა უნდა, ის შემოდის პარლამენტში, დებატობს და ა.შ. როდესაც შენ არ აღიარებ ქვეყანას, არ აღიარებ ინსტიტუტებს, არ აღიარებ მილიონ 200 ათასი ადამიანის გადაწყვეტილებას და გინდა ბომბები ქვეყანაში, სხვა ქვეყნის ჯარები ჩამოვიდეს და ინსტიტუტები დაემხოს, რა დიალოგზეა საუბარი? თვითონ უარყოფენ ამ დიალოგს, თორემ ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ეს და დიალოგი საერთოდ მათი ბუნება არ არის.

ჩვენ კი გადავდგით ნაბიჯი დიალოგისთვის, მაგრამ ეს ცალმხრივი ხომ არ არის? მაგალითად, როდესაც არჩევნები ჩატარდა და ხალხმა აირჩია „ქართული ოცნება", სხვა პარტიები და ა.შ. ვუთხარით, რომ შემოდით პარლამენტში და აქ იყოს ეს დებატები."

კითხვაზე, დღეს არსებობს თუ არა მოცემულობა, რომ დიალოგი შედგეს, მაჭარაშვილმა უპასუხა, რომ დიალოგში უნდა შეხვიდე პოლიტიკურ პარტიებთან, მაგრამ "რევოლუციონერებთან დიალოგში ვერ შეხვალ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×