რეზონანსი
11.03.2026

სამდღიანი ვიზიტის შედეგები ერთ განცხადებაში ჩაიწერა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით გამოქვეყნდა. დელეგაციამ წასვლამდე მოისმინა ყველა მხარის პოზიცია, შეხვდა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ამის შემდეგ კი დატოვა მთავარი გზავნილი - რომ აუცილებელია დიალოგი და არჩევნები, და არა ბოიკოტი, ძალადობა და დამხობა.

ვიზიტის შემაჯამებელ ტექსტში მკაცრადაა დაგმობილი სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობა. მკაფიო შეფასებებთან ერთად წერია რეკომენდაციებიც და შენიშვნებიც. ნათქვამია, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება საერთაშორისო ორგანოების საქმე არ არის, პოლიტიკური თუ სამოქალაქო ორგანიზაციების აკრძალვა კი წინსვლის გზა არაა, თუმცა არც ბოიკოტის გზაა დიალოგის ალტერნატივა.

სიმართლე, რომელიც ობიექტურმა შემფასებელმა აღიარა - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც საერთაშორისო პარტნიორები მოვლენებს ფაქტებით აფასებენ და მკაცრად გმობენ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობას და დამხობას. ასევე ამხელენ ოპოზიციის მცდარ სტრატეგიას, რომელიც მანდატებზე უარს და რადიკალურ ქმედებებს გულისხმობს. ეუთოში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სწორედ ამ მოსალოდნელი გზავნილების გამო ჩაშალეს ხელისუფლების ოპონენტებმა და მათმა საერთაშორისო მხარდამჭერებმა ვიზიტი, რომელიც 1 წლის დაგვიანებით შედგა.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, თავადაც კარგად იციან, რომ პრობლემები ქვეყნის შიგნით, საარჩევნო ყუთებთან უნდა გადაწყდეს და რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა ამ პროცესში საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავენ. კონსტრუქციული კომუნიკაციის სივრცის ჩაკეტვაში პარტიები ერთმანეთს ადანაშაულებენ, დიალოგის დაწყების სანაცვლოდ კი კონკრეტულ პირობებს აყენებენ. ეუთოს კრიტიკული ტონი ოპოზიციამ საკუთარი მისამართით ვერ ამოიკითხა და საპარლამენტო ასამბლეის განცხადება ორგანიზაციის მანდატით ახსნა. სწორედ ამ მანდატის ფარგლებში მუშაობდა ეუთო კონფიდენციალურად პარტიებთან ბოლო 6 თვის განმავლობაში თუმცა, როგორც ჩანს, უშედეგოდ.

მმართველი პარტია ოპონენტებს მიუთითებს, გადახედონ საკუთარ ნაბიჯებს და წლების პრაქტიკას, როდესაც საპარლამენტო პროცესი ოპოზიციამ რადიკალიზმით ჩაანაცვლა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გზავნილები უნდა გაითვალისწინონ როგორც შიდა, ისე გარე აქტორებმა, რომლებიც საქართველოში პოლარიზაციას ხელოვნურად აღვივებენ.

რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოს სტაბილურობა და ერთიანობა სჭირდება - წერია განცხადებაში. რეგიონულ უსაფრთხოება და ეუთოსთან პარტნიორობის გაძლიერება განიხილებოდა ასამბლეის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზეც. ითქვა, რომ ვიზიტი, საქართველოსთან მუდმივი თანამშრომლობის ნაწილია, მათ შორის არჩევნებზე დაკვირვებისა და საპარლამენტო კოოპერაციის კუთხით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×