
საქართველოში სამშენებლო-სარემონტო მასალების ფასები შესაძლოა 20%-ით გაიზარდოს, რასაც ირანიდან პროდუქციის მიწოდების შემცირება, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირება და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა განაპირობებს.
როგორც „გორგიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გურულმა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას განაცხადა, ცვლილება ბაზარს დაახლოებით 1-თვიან ჭრილში, არსებული მარაგების ამოწურვის შემდეგ დაეტყობა.
„ვაკვირდები მიმდინარე ტენდენციებს და ვხედავ, რომ ბევრი დეველოპერული კომპანია საკუთარ პროექტებში ირანულ კერამიკულ ფილებს იყენებს. ეს პროდუქტი შედარებით ხელმისაწვდომი იყო და პრაქტიკულად ყველა ტიპის მშენებლობას სჭირდება, იქნება ეს მცირე თუ დიდი საცხოვრებელი კორპუსი, სასტუმრო თუ კერძო სახლი. თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო ირანიდან პროდუქციის მიწოდება მნიშვნელოვნად შემცირდა. ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი შეკვეთა გვქონდა, მაგრამ მათი დიდი ნაწილი გაუქმდა, რამაც ბაზარზე სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალა.
ეს ცვლილება, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ფასებზეც. უკვე დღესვე შეინიშნება გაძვირების ტენდენცია და ვფიქრობ, რომ მომავალშიც გაგრძელდება. ამ პროცესზე მხოლოდ ირანში არსებული ვითარება არ მოქმედებს. მნიშვნელოვანი ფაქტორია მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდაც, რადგან ნავთობის გაძვირება პირდაპირ ზრდის ტრანსპორტირების ხარჯებს. მაგალითად, სატრანსპორტო კომპანიებთან ფასების გადამოწმებისას დავინახეთ, რომ ზოგ შემთხვევაში ტარიფები დაახლოებით 50%-ით არის გაზრდილი.
გარდა ამისა, საინტერესო ტენდენცია შეინიშნება ჩინეთის მიმართულებითაც. ჩინეთში გარკვეული პროდუქციისთვის არსებული სახელმწიფო სუბსიდიები ეტაპობრივად მოიხსნა, რის შედეგადაც პროდუქციის ფასები გლობალურად იზრდება. ამას ემატება სავალუტო კურსების ცვლილებაც, განსაკუთრებით იუანსა და დოლარს შორის, რაც ასევე გავლენას ახდენს იმპორტირებულ პროდუქციაზე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პროგნოზები მიუთითებს, რომ სამშენებლო-სარემონტო მასალების ფასები საქართველოში აუცილებლად გაიზრდება. ჩვენი შეფასებით, გაძვირება შეიძლება დაახლოებით 20%-ის ფარგლებში იყოს, თუმცა შესაძლებელია ოდნავ მეტი ან ნაკლებიც აღმოჩნდეს. სავარაუდოდ, ფასების ზრდა უკვე დაახლოებით ერთ თვეში უფრო მკაფიოდ გამოჩნდება, რადგან ამ ეტაპზე კომპანიებს ჯერ კიდევ აქვთ გარკვეული მარაგები, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ეს მარაგები ამოიწურება,“ – განაცხადა გურულმა.
bm.ge