
ეუთოს დასკვნას პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია ეხმიანება და მას "უმძიმესს" უწოდებს.
"ეს არის უმძიმესი დასკვნა, სადაც აღწერილია პოლიტიკურად მოტივირებული დევნა პოლიტიკოსების წინააღმდეგ, პარტიების გაუქმების მცდელობა. ცხადია, არის ძალიან დეტალურად გაანალიზებული ყველა ის კანონი, რომლის მიზანიც არის საქართველოს სულ უფრო მეტად დაშორება ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობიდან, დაშორება ქრისტიან ერთა ოჯახიდან რაც არის, პრაქტიკულად, საბოლოო ვერდიქტი," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
ცნობისთვის, საქართველოზე მომზადებულ ანგარიშში წერია, რომ უნდა გაუქმდეს გამჭვირვალობის, ამერიკული FARA-ს ანალოგის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები. ანგარიშში განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები - მათ შორის, მოთხოვნილია დაკავებულების გათავისუფლება და საქმეების გამოძიება.
"მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში პოლიტიკურად მიკერძოებულია და სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს," - ასეთია ოფიციალური თბილისის პოზიცია ეუთოს დოკუმენტზე.