რეზონანსი
13.03.2026

სომხეთის მთავრობამ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების სხელმწიფო ბანკ KfW-სთან საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის წინადადება დაამტკიცა, რომელიც პროექტს - „კავკასიის ენერგეტიკული ქსელი - მეორე ფაზა“, ეხება. ასევე, დამტკიცდა სესხის ხელშეკრულების ხელმოწერის წინადადება ევროკავშირის პროგრამის, „კავკასიის ენერგეტიკულ ქსელ მეოთხე ფაზასთან“ დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ArmInfo ავრცელებს. ორივე დოკუმენტი დამატებით 120 მლნ ევროს საკრედიტო სახსრებისა და 15 მლნ ევროს საგრანტო რესურსის მიზიდვას ითვალისწინებს.

„კავკასიის ენერგეტიკული ქსელის“ პროექტი სომხეთ-საქართველოს ელექტროგადამცემ ხაზებსა და ქვესადგურებს ეხება. პროექტის მიზანია სომხეთისა და საქართველოს ენერგოსისტემების დაკავშირება 500/400/220 კვ მაღალი ძაბვის მუდმივი დენის გადამყვანი ქვესადგურის გამოყენებით, რომლის საბოლოო სიმძლავრე 1050 მეგავატს შეადგენს. ის საქართველოს საზღვართან, სომხეთის აირუმში აშენდება.

საქართველოს მხრიდან კავშირი მარნეულის ქვესადგურიდან 500 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზით განხორციელდება, ხოლო სომხეთის მხრიდან 400 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზით დმაშენში მდებარე 400/220 კვ ძაბვის ქვესადგურიდან მოხდება.

შედეგად, სომხეთსა და საქართველოს შორის ელექტროენერგიის გაცვლის სიმძლავრე პირველ ეტაპზე ამჟამინდელი 200 მეგავატიდან 350 მეგავატამდე, ხოლო შემდგომში, რეგიონული ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, 1050 მეგავატამდე გაიზრდება.

ახალი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. პროექტის ფარგლებში, კომპანია Fichtner GmbH & Co. KG-სთან საკონსულტაციო ხელშეკრულება გაფორმდა. მისი მხარდაჭერით გენერალური კონტრაქტორების შესარჩევად ტენდერები პროექტის სამი ლოტისთვის მიმდინარეობს, როგორიც არის დმაშენის ქვესადგურის მშენებლობა, გადამცემი ხაზები და მაღალი ძაბვის მუდმივი დენის გადამყვანი სადგური.1-ლი ლოტისთვის წინადადებები კომპანიებმა, Andritz Hydro GmbH-მ და China National Electric Engineering-მა წარადგინეს. ამჟამად ტექნიკური წინადადებების განხილვა მიმდნიარეობს, რის შემდეგაც დადგენილი პროცედურის შესაბამისად ფინანსური წინადადებები გაიხსნება.

მე-2 ლოტთან დაკავშირებით ტენდერის შედეგების საფუძველზე დადგენილი წესით კონტრაქტი ინდურ კომპანია KEC International Limited-ს (KEC)-სთან გაფორმდა, რომლის ოდენობაც დღგ-ს გარეშე 70 მლნ ევროს შეადგენს. KEC-ს ავანსის სახით 17.5 მლნ ევრო გადაეცა, რომელიც ხელშეკრულების დაწყების თარიღისთვის იქნა გადახდილი. ამჟამად ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარეობს.

მე-3 ლოტთან დაკავშირებით შეთავაზება ჩინეთის სახელმწიფო ელექტროგადამცემი ქსელის კორპორაციამ (State Grid Corporatin of China-CET) წარადგინა. ამჟამად განაცხადის ტექნიკური განხილვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც დადგენილი პროცედურის შესაბამისად განაცხადის ფინანსური ვერსია გაიხსნება.

პროექტისთვის გამოყოფილი სესხისა და საგრანტო სახსრების მთლიანი ხელმისაწვდომი ბიუჯეტი (გადასახადების გარეშე) 188.75 მლნ ევროს შეადგენს, მაშინ, როცა კონსულტანტის მიერ 2024 წლის ნოემბერში წარმოდგენილი პროექტის ღირებულების განახლებული შეფასება 542.75 მლნ ევროა.

ამდენად, „კავკასიის ელექტროგადამცემ ქსელ IV-ის“ პროექტში, ფინანსური ხარვეზის შესავსებად და მისი შეუფერხებელი რეალიზებისთვის სომხეთსა და KFW-ს შორის 120 მლნ ევროს ოდენობის სესხის ხელშეკრულების გაფორმება გახდა საჭირო. ასევე, KFW-სთან უნდა გაფორმდეს 15 მლნ ევროს ოდენობის საგრანტო ხელშეკრულება, რომელიც ევროკავშირის „კავკასიის ელექტროგადამცემი ქსელის მეორე ფაზის“ პროექტს შეეხება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×