მარიამ ვეკუა
14.03.2026

დე ფაქტო აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტყვარჩელის რაიონში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. უწყება ამტკიცებს, რომ იგი ქართულ დაზვერვას რეგიონში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებასა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილებაზე ინფორმაციას აწვდიდა. ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ ეს აბსურდული ბრალდებაა და ასეთი „ჯაშუშური სკანდალების" მთავარი მიზანია აფხაზეთში ანტირუსული განწყობების გადაფარვა.

დაკავებული 58 წლის ემზარ ბაგიშვილია. დე უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, იგი 10 მარტს ტყვარჩელის რაიონში დააკავეს, ხოლო 12 მარტს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

უწყების მტკიცებით, საქართველოს მოქალაქე აგროვებდა და საქართველოს დაზვერვის წარმომადგენლებს გადასცემდა ინფორმაციას რესპუბლიკაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტებზე.

გავრცელებულ ვიდეოში ბაგიშვილი აცხადებს, რომ მისი ორი შვილი საქართველოში ცხოვრობს, ხოლო ერთი - აშშ-ში.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეების ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების შემთხვევები პერიოდულად ფიქსირდება.

2025 წლის ოქტომბერში გალის რაიონის მცხოვრები შალვა ხიზანიშვილი დააკავეს. იმავე წლის იანვარში კახა მურადოვს სახელმწიფო ღალატისა და იარაღის უკანონო ბრუნვის ბრალდებით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2023 წელს საქართველოს მოქალაქე ქრისტინა ტაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. 2026 წლის იანვრის ბოლოს კი დააკავეს და აფხაზეთიდან გააძევეს დიდი ბრიტანეთის მოქალაქე კულდიპ სინგი, რომელაც უცხოურ სადაზვერვო სამსახურთან შესაძლო კავშირში იყო ეჭვმიტანილი.

  •  პაატა ზაქარეიშვილი: „ისინი აჩვენებენ, რომ, თითქოს, საქართველო აგრესიულ პოლიტიკას ახორციელებს. არადა საქართველო არანაირ პოლიტიკას არ ახორციელებს - არც აგრესიულს და არც არააგრესიულს.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს აბსურდულ ბრალდებასთან, რადგან ის ინფორმაცია, რომლის შეგროვებასაც ბაგიშვილს ედავებიან, ისედაც ხელმისაწვდომია ღია წყაროებში.

„უცნაურია პირდაპირ, ბრალი არის ის, რომ ბრალდებული აგროვებდა ინფორმაციას აფხაზეთში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკურ მდგომარეობაზეო და ეს საჯარო ინფორმაციაა - შესაძლებელია შეხვიდე ნებიმიერ „ტელეგრამ" არხზე და ყველაფერი წერია. ანუ აბსურდული ბრალდებაა, რა უნდა გაეგო ასეთი უცნაური?!

„ეტყობა რაღაც გეგმა აქვთ - შექმნან მუდმივი განცდა აფხაზურ საზოგადოებაში, რომ საქართველოდან საფრთხე მოდის. რეალურად კი არავითარი საფრთხე საქართველოდან არ ჩანს, რადგან საქართველო საერთოდ ამოვარდნილია ნებიმისიერი კონტექსტიდან და არ აპირებს აფხაზეთის მიმართულებით რაღაც მოქმედებები განახორციელოს,

„ამ ფონზე აშკარად ჩანს, რომ არაფერი ხდება და ისინი აჩვენებენ, რომ, თითქოს, საქართველო აგრესიულ პოლიტიკას ახორციელებს. არადა საქართველო არანაირ პოლიტიკას არ ახორციელებს - არც აგრესიულს და არც არააგრესიულს. არაფერს, საერთოდ დაავიწყდა აფხაზეთი მგონია", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, მაშინ რისთვის სჭირდება დე ფაქტო ხელისუფლებას ისეთი სურათის შექმნა, რომ „საქართველოდან მუდმივად საფრთხე მოდის", ანალიტიკოსი გვპასუხობს:

„მათ სურთ ტემპერატურა აწიონ, რადგან აფხაზეთში აშკარად იგრძნობა ანტირუსული განწყობების ზრდა. აშკარად აფხაზეთში ნერვიულობაა იმაზე, რომ რუსეთი უკრაინაში მიზნებს ვერ აღწევს და ან აფხაზეთზე იყრის ჯავრს, ან აფხაზეთს საერთოდ უპერსპექტივობა აქვს იქედან გამომდინარე, არ იციან თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ფონზე, მათ სურთ რომ ყურადღება რუსეთიდან საქართველოზე გადაიტანონ და რაღაც ზღაპრებს იგონებენ."

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×