
გლობალურ ნავთობბაზარზე ისევ კრიზისია - ირანიდან მომავალი საფრთხის გამო, ჰორმუზის სრუტეში გადასვლა თითქმის შეუძლებელია. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს საზღვაო ძალები მალე უსაფრთხო ესკორტს უზრუნველყოფენ, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს რთული და რისკიანი ოპერაცია იქნება.
ბოლო კვირების განმავლობაში სპარსეთის ყურესა და არაბეთის ზღვაში ნავთობის ტანკერებსა და სხვა სატვირთო გემებზე ათზე მეტი თავდასხმა დაფიქსირდა. ირანის ოფიციალური პირები გემებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გადიან, ღიად ემუქრებიან.
- დონალდ ტრამპი: „აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს".
თავდასხმების შიშით, ნავთობმზიდებმა პრაქტიკულად ჰორმუზის სრუტის გავლა შეწყვიტეს. ამ გზაზე მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20% გადის. მიწოდების პრობლემის გამო, ზოგიერთმა მსხვილმა ნაავთობექსპორტიორმა წარმოებაც შეამცირა. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ნავთობის ფასები დაახლოებით 40%-ით გაიზარდა.
დასავლური მედიის შეფასებით, ამ შეფერხებამ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აიძულა განიხილოს ჰორმუზის სრუტის გავლით მოძრავი ხომალდების ესკორტით უზრუნველყოფა იმ იმედით, რომ სამხედრო დაცვა ხომალდების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.
„აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, თუ კონკრეტულად როდის შეძლებს აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში ტანკერების ესკორტირებას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „ეს ძალიან მალე მოხდება".
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ირანს შეთანხმების მიღწევა სურს".
„ფეიკ ნიუს" მედია არ აშუქებს, თუ რამდენად კარგად იმუშავა აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ, რომელიც ბოლომდე დამარცხებულია და შეთანხმების მიღწევა სურს, მაგრამ არა ისეთი შეთანხმების, რომელსაც მე მივიღებდი", - დაწერა ტრამპმა „თრუს სოუშელზე".
- „სტრატეგიული პრიორიტეტები, როგორიცაა ჰორმუზის სრუტის გახსნა და ირანის დარჩენილი ბირთვული მარაგი, სავარაუდოდ, სახმელეთო ჯარების განლაგებას მოითხოვს, თუ დიპლომატიური ვარიანტები არ იქნება გამოყენებული".
აღსანიშნავია, რომ წინა დღეებში ვაშინგტონში ჰორმუზის სრუტის დებლოკაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით უფრო პესიმისტური განცხადებები კეთდებოდა.
ბოლო მონაცემებით, 1 000-ზე მეტი სატვირთო ხომალდი, ძირითადად ნავთობისა და გაზის ტანკერი, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაადგილებას ისევ ვერ ახერხებს.
დასავლელი ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ აშშ-ს რთული მისია აკისრია და ჰორმუზის სრუტის გახსნა, მისი მასშტაბურობის გამო, ურთულეს ოპერაციას წარმოადგენს.
„სტრატეგიული პრიორიტეტები, როგორიცაა ჰორმუზის სრუტის გახსნა და ირანის დარჩენილი ბირთვული მარაგი, სავარაუდოდ, სახმელეთო ჯარების განლაგებას მოითხოვს, თუ დიპლომატიური ვარიანტები არ იქნება გამოყენებული", - განუცხადა „უოლ სტრიტ ჯორნალს" ბრაიან კატულისმა, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა.
ირანის სანაპიროდან ჰორმუზის სრუტის მთავარი სატრანზიტო მარშრუტები მხოლოდ 3-4 მილის დაშორებით გადის. შესაბამისად, დრონებისა და რაკეტების ფრენის დრო ძალიან მოკლეა, რაც გემებს რეაგირებისთვის ორ წუთზე ნაკლებ დროს აძლევს.
გასულ კვირას ირანმა ერაყის წყლებში ჩარჩენილი ნავთობის ტანკერის დასაზიანებლად ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დისტანციური მართვის ნავიც გამოიყენა.
„მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს აქვს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და ძლიერი საზღვაო ფლოტი, ეს არ ნიშნავს, რომ ესკორტის უზრუნველსაყოფად საკმარისი რესურსები გააჩნია", - ვკითხულობთ „გარდიანის" სტატიაში.
„არც საფრანგეთი, არც შეერთებული შტატები, ან ვინმე არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება უზრუნველყოს ", - განაცხადა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის კვლევების ევროპული ინსტიტუტის დირექტორმა ადელ ბაკავანმა.