
პარასკევს ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებშისაქართველოზე მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციაში დაიწყო საუბარი, რომ ამით ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობა იქმნება. „ნაცმოძრაობაში" ამბობენ, რომ ეს დასკვნა დამოკლეს მახვილია „ოცნებისთვის", თუმცა თავად ენმ დასკვნის ზოგიერთ პუნქტს არ ეთანხმება. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი ამბობს, რომ მხოლოდ ეს დოკუმეტი ვერაფერს შეცვლის, თუკი ოპოზიციამ ხელი არ გაანძრია.
12 მარტს, ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები.
რას ამბობენ ოპოზიციაში
„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში „ოცნებისთვის" არის დამოკლეს მახვილი. თუმცა გარკვეულ პუნქტებს არ ეთანხმება.
„საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლებამ ან ეროვნულ დონეზე შეასრულოს რეკომენდაციები და ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანოს, ან გაჯიუტდეს და მიიღებს საერთაშორისო გამოძიებას. საუბარი მხოლოდ საერთაშორისო სანქციებზე არ არის, საუბარია საერთაშორისო გამოძიებაზეც, რომელიც შესაძლოა, ჰააგამდეც კი მივიდეს, რაც, ცხადია, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება.
„ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა ივანიშვილი და მისი გუნდია. ამ გუნდის ჩამოცილების გარეშე ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა. „ქართული ოცნების" გუნდში თუ ვინმეს კიდევ შერჩა გონიერება, საჭიროა ოპონენტების გათავისუფლება და კონკრეტულ საქმეებზე გამოძიების დაწყება - ოპოზიციის წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და ახალგაზრდების მიმართ ძალადობის ფაქტებზე, რომელთა შესახებაც დღემდე არათუ გამოძიების რეალური შედეგები არ გვინახავს, არამედ არავინ არის დაკითხული.
„რაც შეეხება კანონებს, „ოჯახური ღირებულებების" ნაწილი ჩვენთვის საკამათოა, ვინაიდან ჩვენ ვართ კონსერვატიული პარტია და ჩვენთვის ქრისტიანული ღირებულებები უმთავრესია. თუმცა, საერთო ჯამში, ეს დასკვნა ასახავს იმ პრობლემებსა და იმ ძირითად მიზეზებს პოლიტიკური კრიზისისა, რომელიც არის ქვეყანაში", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
- ნიკა ჩიტაძე: „ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ, რომ ქუჩაში გამოვიდნენ, რადგან ბოლო დროს მოტივაცია დაუქვეთათ იმიტომ, რომ ოპოზიცია ვერ ერთიანდებოდა და საერთაშორისო საზოგადოება ზომებს არ იღებდა. ახლა კი ორივე ეს პირობა სრულდება."
ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი მიიჩნევს, რომ თავად ეს დასკვნა ვერ გახდება ოპოზიციისათვის რაიმე ხელშესახები შედეგის მიღწევის წინაპირობა, თუკი თავად ოპოზიცია არ გააქტიურდა.
„ზუსტად ამ მექანიზმის გამოყენების შემდეგ დაესვათ რუსულ და ბელარუსულ რეჟიმებს საბოლოო დიაგნოზი. პრინციპში, ეუთო-ს ეს ყველაზე რადიკალური მექანიზმი სხვა არავის მიმართ არც გამოყენებულა.
„მოკლედ, დემოკრატიული სამყარო გარედან კონსოლიდირდება და შიგნიდან - ოპოზიცია. დიქტატორის თავზე შავი ღრუბლები გროვდება, იმედია, მალე დაიქუხებს კიდეც.
იმ ადამიანებს, ვინც იკითხავს, მიიღეს მორიგი დოკუმენტი და მერე რაო? ვუპასუხებ, რომ არც არაფერი, თუ თითოეული არ გაანძრევთ ხელს. ხელი გაანძრიე და გეშველებაო", - წერს სააკაშვილი.
გავლენა შიდა პროცესებზე
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ ეს „დროებითი დოპინგია" ოპოზიციისათვის და მას არავითარი გავლენა არ ექნება ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ სიტუაციაზე.
„მე ვფიქრობ, ოპოზიციისთვის „მოსკოვის მექანიზმი" მორიგი დროებითი დოპინგია, როგორც თავის დროზე იყენებდნენ ე.წ. მეგობარ აქტს და ევროპის სხვადასხვა რეზოლუციებს, რაც ასევე ტყუილებით იყო გაჯერებული. ესეც ასეთივეა. თუმცა, ამ პოლიტიკურ ოპოზიციაში იმდენად არაკომპეტენტურ განცხადებებს ვხედავთ, რომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ჰააგის სასამართლოში მოითხოვეს საქმის აღძრა, არადა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურიდიქციაში შედის ოთხი ტიპის დანაშაული - გენოციდი, ომის, აგრესიის და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებები. აი, ახლა ეს ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებმაც ეუთოს ეგიდით დასკვნა შექმნეს, როგორ აპირებენ იმის წარმოჩენას, რომ „ქართულმა ოცნებამ" მმართველობის პერიოდში აქედან რომელიმე გააკეთა? იმდენად ტრაგიკომიკური პასაჟებია დოკუმენტში, რომ ეჭვი მეპარება თავად ხელის მომწერებმა წაიკითხეს.
- გია აბაშიძე: „მოსკოვის მექანიზმს" ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისეთივე გავლენა ექნება, როგორც ევროპარლამენტის რეზოლიციებსა და იმ გაყინულ ე.წ. მეგობარი აქტს ჰქონდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე კი ისეთივე გავლენა ექნება, როგორც ამ ვითომ შაბათის აქციებს".
„საშუალო და ხანგრძლივ პერიოდში რადიკალური ოპოზიცია კიდევ უფრო დაზარალდება, რადგან ძალიან არარეალური დოკუმენტი შექმნეს. ეს დარჩება დროებით ნიუსებად და გარკვეული პერიოდის მერე კიდევ იქ დაბრუნდებიან. გაშმაგებით ცდილობენ საქართველოზე გარედან შეტევას, მაგრამ არაფერი გამოსდით.
„მოსკოვის მექანიზმს" ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისეთივე გავლენა ექნება, როგორც ევროპარლამენტის რეზოლიციებსა და იმ გაყინულ ე.წ. მეგობარი აქტს ჰქონდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე კი ისეთივე გავლენა ექნება, როგორც ამ ვითომ შაბათის აქციებსა და ე.წ. მასობრივ მარშს აქვს", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ „მოსკოვის მექანიზმის" დასკვნა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენას მაინც მოახდენს.
„მოსკოვის მექანიზმი" შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენას მოახდენს და ალბათ, ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს, რადგან ხელისუფლება განაცხადებს, რომ არაფერს გაითვალისწინებენ და თავს იმართლებენ. ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ, რომ ქუჩაში გამოვიდნენ, რადგან ბოლო დროს მოტივაცია დაუქვეთათ იმიტომ, რომ ოპოზიცია ვერ ერთიანდებოდა და საერთაშორისო საზოგადოება ზომებს არ იღებდა. ახლა კი ორივე ეს პირობა სრულდება.
„არ მგონია თავიდან ხელისუფლებამ უკან დაიხიოს, მაგრამ თუ უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციები ამოქმედდა, იძულებული იქნებიან დათმობაზე წავიდნენ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".