
დღეს, ნიკო გვარჯალაძის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა. 15 წლის ბიჭი გასულ წელს ავტოავარიას ემსხვერპლა.
„მითენდება დღე, რომელიც შენთვის საბედისწერო დარჩა, დედი… მითენდება დღე - ყველაზე მძიმე და რთული ჩემს ცხოვრებაში… დღე, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება, ცხოვრება შენს გარეშე.
ერთი წელი გავიდა იმ საშინელ დღიდან, როცა შენ აღარ მყავხარ, შვილო…
როცა 5 წლის მერე დაბრუნებულს, მოტყუებულს გზად, ფიქრებად ჩახუტებულს, ტკივილების დასაოკებლად გამზადებულს, ჭიშკართან გავიგე, რომ აღარ მყავდი, დედი და გაყინულს ჩაგეხუტე, შვილო…
ორივე ტკივილი ერთად გამოვცადე, დედაც და შვილიც რა მწარეები იყავით, შვილო…
როგორ გამიმეტეს ამხელა ტყუილისთვის, ამხელა სიმწარისთვის, შვილო? რატო გავჩნდით ასეთი უიღბლო, ნიკო? რატომ მარგუნა ცხოვრებამ უშენობა, როგორ გავძლო მთელი ცხოვრება, შვილო? ან შენ როგორ ძლებ უჩვენოდ, ნიკო? ხვალ გესტუმრებით ბევრი სტუმრები, აბა, შენ იცი, გამაძლიერე, შვილო… რა ვქნა უშენოდ დარჩენილმა, სადღა გეძებო, შვილო“ - დაწერა 13 მარტს სოციალურ ქსელში ნიკოს დედამ ნინო ორაგველიძემ.
როგორც ცნობილია, ემიგრაციაში მყოფ დედას თავიდან უთხრეს, რომ დედა გარდაეცვალა.
„ორი დღე დედა მატირეს. იმ დღესვე წამოვედით. გზაში ვფიქრობდი, ამ სიმწარეს 5 წლის მონატრებული შვილების ჩახუტება გადამატანინებს-მეთქი. ჭიშკართან რომ მოვედი, უამრავი ადამიანი იყო, სასწრაფო დახმარების მანქანაც იდგა. დავინახე, ჩემი უფროსი შვილი _ გიორგი როგორ მორბოდა ჩემსკენ. თვალებს ვაცეცებდი და ნიკოს ვეძებდი. დავიწყე ტირილი, დედა-თქო. უცებ მომვარდნენ და მითხრეს, რომ
გარდაცვლილი დედაჩემი კი არა, ჩემი ნიკოლოზი იყო, შვილი, რომელიც 5 წელი არ მყავდა ნანახი“ - ამბობდა ნიკოს დედა სასაფლაოზე გადაღებულ ვიდეოში.
15 წლის ნიკო გვარჯალაძე 2025 წლის 14 მარტს, შუხუთში ავტოავარიას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ქუჩაში მყოფი დიდი ფიზიკური მონაცმების მქონე ძაღლისგან [ერთ-ერთი ვერსიით, გამოეკიდა კიდეც] შეშინებულმა ბიჭმა ქუჩაზე გადარბენა სცადა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.
გურია თუდეი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე