
პოლონეთის საგარეო საქმე სამინისტროსთან დაკავშირებული ე.წ. ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თვალნათლივ ვნახეთ, რომ ეუთო-ს ფორმატი საქართველოზე კვლავ თავდასხმისთვის იყო გამოყენებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებული დასკვნა ტყუილებით არის გაჯერებული.
„სულ რაღაც ორ დღეში მომზადებული დასკვნა, რომელიც არის აბსოლუტურად დაცლილი ყოველგვარი ობიექტურობისგან, თითიდან გამოწოვილი, ტყუილებით გაჯერებული ინფორმაციაა. თავიდანვე გვქონდა დასაბუთებული ეჭვი, რომ საქართველოს წინააღმდეგ თავდასხმა ტყუილებით იქნებოდა გაჯერებული, თუმცა ჩვენმა სახელმწიფომ სრულიად ღიად, გახსნილად, საჯაროდ ითანამშრომლა ამ ე.წ. ექსპერტთან, ვისაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონია მანამდე საქართველოსთან, მიაწოდა ყველა ინფორმაცია, რაც იყო საჭირო დასკვნის ობიექტურად მომზადებისთვის. ნაცვლად იმისა, რომ დასკვნა მომზადებულიყო ფაქტებზე დაყრდნობით, ჩვენ ვიხილეთ ორ დღეში, ალბათ უკვე გამზადებულ დასკვნაზე ხელმოწერით გამოქვეყნებული დოკუმენტი, სადაც არის სრული ტყუილი და აბსურდი. საქართველოს მიმართ წაყენებული მოთხოვნები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
პრაქტიკულად, გვთხოვენ, რომ სახელმწიფო გავაუქმოთ, გვთხოვენ, გავაუქმოთ ის საკანონმდებლო დანაწესები, რომლებიც იცავს არასრულწლოვნებს ლგბტ პროპაგანდისგან, რომელიც იცავს ქვეყანას გარე შავი ფულის შემოდინებისგან. მთელი ეს დოკუმენტი წარმოადგენს კიდევ ერთ აშკარა, ცალსახა დასტურს, როგორ იყენებენ ცალკეული ძალები სხვადასხვა ფორმატს, ამ შემთხვევაში, უკვე ეუთო-ს ფორმატს, რათა საქართველოს წინააღმდეგ მოაწყონ თავდასხმა. რაც შეეხება პოლონეთს, პოლონეთი, სამწუხაროდ, გამოირჩეოდა საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ აქტიურობით. შეგვიძლია, მოვიყვანოთ არაერთი ფაქტი, როგორ ცდილობდნენ, პოლონეთიდან მომხდარიყო ჩვენი სახელმწიფოს შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება სააკაშვილთან დაკავშირებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტექსტში და ა.შ. დღეს უკვე ე.წ. ექსპერტი, რომელსაც, პრაქტიკულად, პირდაპირი კავშირი აქვს პოლონეთის სახელმწიფოსთან, მოგვევლინა დამოუკიდებელ ფიგურად. სინამდვილეში კი, ის არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული, რათა ქართველ ხალხზე კვლავ თავდასხმა განეხორციელებინა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მათიკაშვილის განმარტებით, დასკვნა მთლიანად ეყრდნობა არაობიექტურ მონაცემებს.
„ის წიაღსვლები, რასაც შეიცავს დასკვნა, რა თქმა უნდა, წარმოადგენს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უხეშ მცდელობას. პრაქტიკულად, ყველა იმ ნაბიჯის გადადგმა, რასაც მოგვიწოდებენ, არის სახელმწიფოს მართვაში უცხო ძალების ჩართვის და ხელის ფათურის მცდელობა. სურვილი, რომ სახელმწიფომ გააუქმოს საკანონმდებლო დანაწესები, რომლებიც არის უშუალოდ ქართველი ხალხის, საქართველოს საქმე და ის, რა თქმა უნდა, არავის არ ეხება. ეს არის ის საკანონმდებლო სივრცე, სადაც საქართველომ ჩვენი პოლიტიკური მდგენელი დაიცვა გარე შემოდინებებისგან, გარე შავი ფულისგან, ასევე, მრუდე პროპაგანდისგან, რომელმაც წალეკა მთელი მსოფლიო. ჩვენ ვიქნებით პრინციპული. ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, ამომავალი წერტილი არის ქართველი ხალხის ინტერესი და არა სურვილები, ქართველ ხალხზე, საქართველოზე კვლავ მოახდინონ რაიმე ფორმით თავდასხმა და რეაგირება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები. ამასთან, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ „უნდა გაუქმდეს ოჯახური ღირებულებების, გამჭვირვალობის, აგენტების რეგისტრაციის კანონები და უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები".