რეზონანსი
16.03.2026

თურქეთში 27 წლის მოდელისა და ტელევარსკვლავის აიშეგიულ ერასლანის ტრაგიკულ გარდაცვალებას განიხილავენ. ქალი, რომელმაც პოპულარობა ცნობილ სატელევიზიო შოუში „ჩემი სტილი“ მონაწილეობის წყალობით მოიპოვა, სტამბოლში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცავი ორგანოები ამჟამად ინციდენტის გარემოებებს იძიებენ.

თურქული მედიის ცნობით, გოგონას ახლობლებმა ატეხეს განგაში - ისინი დიდი ხნის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ აიშეგიულს, ის არ პასუხობდა ზარებსა და შეტყობინებებს. ნათესავებმა და მეგობრებმა გადაწყვიტეს სახლში მისვლა, მაგრამ როდესაც კარზე დააკაკუნეს და ზარი დარეკეს, არავინ უპასუხა. შემდეგ პოლიციას დაუკავშირდნენ. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა კარი ძალის გამოყენებით გააღეს და მოდელი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ექიმებმა მოგვიანებით ის გარდაცვლილად გამოაცხადეს.

სიტუაციამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა მას შემდეგ, რაც ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელში დატოვებული პოსტი გამოჩნდა. აიშეგიულის ისტორიებში გამოქვეყნდა ჩანაწერი, რომელიც გამომძიებლების აზრით, გამოსამშვიდობებელი შეტყობინება იყო:

„მგრძნობიარე ვარ თუ ცხოვრებაა ნამდვილად სასტიკი? ერთადერთი, რასაც გთხოვთ, არის ის, რომ იზრუნოთ ჩემს ძაღლებზე. ამ ცხოვრებაში არასდროს მინახავს დედობრივი ან მამობრივი სიყვარული; სისასტიკით გარშემორტყმული გავიზარდე. არის ისეთი რამ, რაც თქვენ არ იცით და რაზეც მე არ მისაუბრია. ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ ძალიან კარგი ადამიანი ვიყავი. არასდროს არავისთვის ზიანი არ მიმიყენებია“, - ნათქვამია ტექსტში.

მოდელის გარდაცვალების გარემოებები კვლავ გამოძიების პროცესშია. მოდელის მეგობრები და ნაცნობები დარწმუნებულები არიან, რომ მომხდარი შესაძლოა არ იყოს ის, რაც თავიდან ჩანს. ერთ-ერთი მათგანი, ვინც საჯაროდ ისაუბრა ამ სიტუაციაზე, გოგონას ახლო მეგობარი, სემიჰ პალანდშია. მან განაცხადა, რომ სერიოზული ეჭვები აქვს მოვლენების ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ აიშეგიულის მეგობრებმა ნახეს ჩანაწერის ტექსტი და ეჭვობდნენ, რომ ხელწერა შესაძლოა მისი არ ყოფილიყო. სწორედ ამიტომ დაუკავშირდნენ პოლიციას და დაელოდნენ გამოკვლევისა და სამედიცინო დასკვნის შედეგებს.

პალანჩის თქმით, წინასწარი ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც მან ნახა, აღნიშნული იყო დაზიანებები, რომლებიც სხვა ადამიანების შესაძლო ზემოქმედებაზე მიუთითებდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ამ გარემოებებმა გამოიწვია გარდაცვლილის მეგობრების ეჭვი, რომ ინციდენტი შეიძლებოდა არ ყოფილიყო თვითმკვლელობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×