რეზონანსი
16.03.2026

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს. საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს პირველი მოსმენით განიხილავს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ფიზიკური პირი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური პარტიის წევრის, საარჩევნო სუბიექტის, ან გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნების მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაცია და რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არ გამოცხადდება, შეიძლება, მაგისტრი მოსამართლის მიერ დაიკითხოს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, რიმა ბერაძის განცხადებით, ცვლილებების შემდეგ, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხს აუდიტის სამსახური გააკონტროლებს.

"ამ კანონის მიღების შემდეგ მოხდება კანონში ცვლილებები. თვითონ ეს კანონი ითვალისწინებდა, რომ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები საჯარო რეესტრში უნდა დაფიქსირებულიყვნენ. ცვლილებების შემდეგ, ამას გაკონტროლებს აუდიტის სამსახური.

ის ორგანიზაციები, რომლის შემოსავალი საზღვარგარეთიდან 20%-ზე მეტია, აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ", - განაცხადა რიმა ბერაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×