
პოლონეთის მთავრობის მეთაურმა, დონალდ ტუსკმა ევროკავშირიდან პოლონეთის გამოსვლის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ განაცხადა. შესაბამისი პოსტი მან სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.
ტუსკმა აღნიშნა, რომ Polexit დღეს „რეალური საფრთხეა“, რადგან მისკენ ისწრაფვის როგორც უკიდურესად მემარჯვენე „კონფედერაცია“, ისე პარტია „კანონისა და სამართლის“ წევრების უმრავლესობა.
„ნავროცკი მათი მფარველია. ევროკავშირის დაშლა სურთ: რუსეთს, ამერიკულ MAGA მოძრაობას და ევროპულ მემარჯვენე ძალებს ორბანის წინამძღოლობით“, - დაწერა ტუსკმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთისთვის ევროკავშირიდან გასვლა კატასტროფა იქნებოდა და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს ამის მსურველი ძალების შესაჩერებლად.
12 მარტს პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ გამოაცხადა, რომ გადაწყვიტა ვეტო დაადოს კანონს ევროკავშირის SAFE პროგრამაში მონაწილეობის შესახებ, რომლის მიხედვითაც პოლონეთი გადაიარაღებისთვის დაახლოებით 44 მილიარდ ევრო კრედიტზე აცხადებს პრეტენზიას.
ეს პროგრამა გახდა დავის მთავარი საგანი ნავროცკის (რომელსაც მხარს უჭერს მთავარი მემარჯვენე ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართალი“) და პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ცენტრისტულ კოალიციას შორის.
ამის ნაცვლად, ნავროცკიმ წარადგინა გადაიარაღების პროგრამის საკუთარი ვერსია - SAFE 0%, რომლის სახსრებიც პოლონეთის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.