თამთა ჩაჩანიძე
16.03.2026

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ქართული დელეგაციის ვაშინგტონში ვიზიტმა გარკვეული იმედები გააჩინა და კვლავ ელიან ურთიერთობის გადატვირთვასა და სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ნიშნულიდან დაწყებას, თუმცა, მეორეს მხრივ აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან "პასიურობაა".

ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ საქართველო აშშ-სთვის პრიორიტეტთა სიაში არაა. ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ სახდეპი არათუ პასიურობდეს, არამედ "ოცნებას" ისეთი ნაბიჯების გადადგმას სთხოვდეს, რომელიც ძველ ჩარჩოებში დააბრუნებს ურთიერთობებს, ასეთი ნაბიჯების გადადგმა კი მმართველ პარტიას არ აწყობდეს.

ამასთანავე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე თამარ ბაგრატიონი აშშ-ს პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში ჩავა, სადაც მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში "ერთად უკეთესი მომავლისთვის", რომლის მიზანია ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების გზით.

"ოცნება" აშშ-სთან ურთიერთობაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტით ურთიერთობის ახალი ნიშნულიდან დაწყება შესაძლებელი იქნება.

„მათ შორის, საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში ჩვენ გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობის გადატვირთვა და ახალი ნიშნულიდან დაწყება იქნება შესაძლებელი.

"მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პასიურობას, ჩვენ უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს და გარკვეულწილად, იმედგაცრუებაა იმის კვალობაზე, რომ ფაქტია, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით USAID-თან დაკავშირებით, ამერიკული ფულით საქართველოში ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ცვლილებების ხელშეწყობაზე, ეს ყველაფერი დაადასტურა თავად ტრამპის ადმინისტრაციამ. დახურა ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვა ქვეყნებში ჩართული იყვნენ ამგვარ მავნებელ საქმიანობაში.

  • შალვა პაპუაშვილი: "ვხედავთ გარკვეულ პასიურობას, ჩვენ უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს და გარკვეულწილად, იმედგაცრუებაა იმის კვალობაზე, რასაც ვსაუბრობდით"

"მეორე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით არაფორმალურ მმართველობაზე, ესეც დაადასტურა ტრამპის ადმინისტრაციამ და ფაქტობრივად, ტრამპი თავის პოლიტიკურ მტრებად აცხადებს იმ ძალებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მტრობენ საქართველოს.

"ამის ფონზე, რა თქმა უნდა, რომ ვერ ვხედავთ აქტიურ ნაბიჯებს, ეს გარკვეულწილად სამწუხაროა. თუმცა, ის მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება უფრო მჭიდრო კონტაქტები და ურთიერთობების გადატვირთვა, მაგრამ ჩვენ ველით ამჯერად ნაბიჯებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან", - განაცხადა პაპუაშვილმა.

"პასიურობა და იმედგაცრუება"

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პაპუაშვილის განცხადება უფრო მიანიშნებს იმაზე, რომ ამერიკული მხარე კი არ პასიურობს, არამედ ისეთ მოთხოვნებს უყენებს, რომელსაც "ოცნება" ვერ შეასრულებს.

"უფრო მგონია, რომ "ოცნება" არ ასრულებს მოთხოვნებს, რაც ვაშინგტონს აქვს და აქეთ ესენი აბრალებენ აშშ-ს რომ პასიურობას ვხედავთო, თითქოს ვალდებულები არიან.

  • ნიკა ჩიტაძე: "უფრო მგონია, რომ "ოცნება" არ ასრულებს მოთხოვნებს, რაც ვაშინგტონს აქვს და აქეთ ესენი აბრალებენ აშშ-ს რომ პასიურობას ვხედავთო, თითქოს ვალდებულები არიან"

"ალბათ, ამერიკული მხრიდან დემოკრატიულ პროცესებში დაბრუნების მოთხოვნები იქნება, თუნდაც პილიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნაზე და თუნდაც ის, რომ ოპოზიცია არ იდევნებოდეს. ლუკაშენკოც კი მიდის დათმობაზე და პოლიტპატიმრები გამოუშვა, ქართული მხარე ალბათ არ მიდის დათმობაზე.

"საზოგადოების წინაშე ისე ასაღებენ, თითქოს აშშ პასიურობს. შეიძლება არ პასიურობს და პირიქით, აქტიურობს და მოთხოვნებსაც უყენებს, უბრალოდ ქართული მხარე ამ მოთხოვნებზე არ რეაგირებს. ალბათ იმიტომ, რომ ნებისმიერი დათმობა ძალაუფლების დაკარგვად მიაჩნიათ, მათთვის ძალაუფლების შენარჩუნმებაა მთავარი. ამასობაში საქართველო ზიანდება",- განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ-სგან პასიურობის გარდა სხვა არაფერი იყო მოსალოდნელი, რადგან პრიორიტეტთა სიაში არ ვართ.

"მე მაგალითად იმედგაცრუებული სრულიად არ ვარ, რადგან სხვას არც არაფერს ველოდი. პირიქით,კმაყოფილი ვარ იმით, რომ ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, თითქმის ნულამდე დავიდა ის სრულიად ანტიქართული განცხადებები, რასაც აქ საელჩო აწარმოებდა. ეს უკვე დიდი ამბავია. ასევე არ ყოფილა სახელმწიფო დეპარტამენტიდან განცხადებები.

"თუმცა, მეორე მხრივ წარმოუდგენელია, რომ აშშ-ს სახდეპმა გამოაცხადოს, რომ იმას, რასაც მათ შორის რესპუბლიკელი სენატორები აკეთენდნენ, მათ შორის უილსონი, რომელსაც პეტრე ცისკარიშვილი უხდის ფულს, ვნახეთ ერთჯერადად 87 ათასი დოლარი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს თურმე ჩინეთის კომუნისტური პარტია და ირანი მართავს, ვინმემ უსაყვედურა? გააჩერა? ამ ფონზე, ის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვას, რომ საქართველო მართალიაო, ამას ნამდვილად არ ველი, ამიტომაცაა პასიურობა.

  • პეტრე მამრაძე: "აშშ-ს ახლანდელი პრიორიტეტები რომ დავლაგოთ, საქართველო რომელ ასეულში მოხვდება კაცმა არ იცის. პრიორიტეტთა სიაში კარგა ხანს ვერ დაგვინახავენ"

"მეორეც, აშშ-ს ახლანდელი პრიორიტეტები რომ დავლაგოთ, საქართველო რომელ ასეულში მოხვდება კაცმა არ იცის. პრიორიტეტთა სიაში კარგა ხანს ვერ დაგვინახავენ, რუსეთის სამხედრო ბაზებია და ა.შ. არანაირად არ ველი ამერიკის მხრიდან საქართველოს საკითხის ფორსირებას, თუ ერთიორჯერ დაიწერა, რომ ისინი ელოდებიან რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველო, საქართველომ ნაბიჯები გადადგა",- განაცხადა მამრაძემ.

თამარ ბაგრატიონის ვიზიტი ვაშინგტონში

ნიკა ჩიტაძე გვეუბნება, რომ თამარ ბაგრატიონის ვიზიტი "ოცნებას" არაფერს არ მოუტანს, უბრალოდ კარგ ნიუსად გამოიყენებენ.

"ეს ვიზიტი "ოცნებისთვის" არაფერს არ მოიტანს. მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს ეპატიჟება, უბრალოდ ფორუმია - ქალები მშვიდობისთვის. უბრალოდ "ქართული ოცნების" პროპაგანდისთვის კარგი სანიუსე თემაა, რომ თითქოს ჩვენს ხელისუფლებას აღიარებენ და ა.შ."- განაცხადა ჩიტაძემ.

პეტრე მამრაძის თქმით, ყაველაშვილი არ ეცადა ეს ვიზიტი ზედმეტად შეეფასებინა.

"პრეზიდენტ ყაველაშვილს პატივს ვცემ და ძალიან მომეწონა ის, რომ არანაირად არ ეცადა და არც მოსინჯა, რომ ეს ვიზიტი ზედმეტად შეეფასებინა. მან ეს ახსენა მხოლოდ როგორც მაგალითი. ვიზიტი არავითარ რადიკალურ ცვლილებას არ მოიტანს, კარგად ვიცით აშშ-ში პირველი ქალბატონები რითი არიან დასაქმებულები, ეს ძალიან კარგი ჰუმანიტარული მისიაა - ქალთა, ბავშვთა და სხვათა უფლებები.

"თავისთავად კარგია, რომ ჩვენი პირველი ქალბატონი ჩადის, ბაგრატიონის ქალი და ოთხი შვილის დედა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში დიდი გავლენა ექნება. რაღაც თვისობრივი ცვლილება ამას არ მოჰყვება, მაგრამ ასეთი კონტაქტები, ასევე, ჯეი დი ვენსთან ფეხზედგომით შეხვედრა და ა.შ. ესეც კარგია იმ იზოლაციის პირობებში, რაც იყო მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაძაბა ურთიერთობა",- განაცხადა მამრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×