
იაპონიას ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარების შესახებ ოფიციალური თხოვნა არ მიუღია, თუმცა განიხილავს, თუ როგორ უპასუხოს სათანადოდ, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დახმარება სთხოვა ქვეყნებს, რომლებიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დახურვის მცდელობით ზარალდებიან და დასძინა, რომ თუ რეაგირება არ მოჰყვება, ნატოს მომავლისთვის „ცუდი იქნება".
ტაკაიჩიმ, რომელიც მომავალ კვირას აშშ-ში ვიზიტისთვის ემზადება, აღნიშნა, რომ ტოკიო ასევე იკვლევს, თუ როგორ არის შესაძლებელი გემების და მათი ეკიპაჟების სიცოცხლის დაცვა და რა ზომების მიღება შეუძლია.
„უნდა განვიხილოთ, რა არის საუკეთესო შესაძლო ზომა, რომლის მიღებაც შეგვიძლია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში", - განაცხადა იაპონიის პრემიერმა.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დახმარება სთხოვა ქვეყნებს, რომლებიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დახურვის მცდელობით ზარალდებიან. იმ ქვეყნებს შორის, რომელთა დახმარების იმედიც აქვს, ტრამპმა ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და გაერთიანებული სამეფო დაასახელა.
ტრამპის მტკიცებით, ევროპა და ჩინეთი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ნავთობზე, რომელიც სპარსეთის ყურეში მოიპოვება. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ თუ სხვა ქვეყნებისგან რეაგირება არ იქნება, ეს შეიძლება ძალიან ცუდი იყოს ნატო-ს მომავლისთვის.
„თუ პასუხი არ იქნება ან თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი იქნება ნატო-ს მომავლისთვის", - განაცხადა ტრამპმა Financial Times-თან.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ამერიკას ჰორმუზის სრუტის გახსნაში საფრანგეთი და ბრიტანეთი დაეხმარება.
„ძნელი სათქმელია, თუ ვინ შეიძლება ჩაერთოს ჰორმუზის სრუტის გახსნაში. საერთოდ რთული საკითხია. თუმცა შესაძლოა ესენი იყვნენ საფრანგეთი და ბრიტანეთი, ვინაიდან მათ გააჩნიათ ძლიერი სამხედრო საზღვაო ფლოტი. ასევე, თურქეთს აქვს ძლიერი საზღვაო პოტენციალი, მაგრამ არამგონია ის ჩაერიოს.
ისევ ეს დიდი სამეული იქნება ჩართული - ამერიკა, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. ასეთი მასშტაბური სამხედრო საზღვაო ოპერაციის განხორციელების რესურსი მათ გააჩნიათ",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".