რეზონანსი
16.03.2026

მიტანის სერვისის კომპანიები "ვოლტი", "გლოვო" და "ბოლტი" აცხადებენ, რომ საქართველოს პლატფორმაზე უცხოელ კურიერებს აღარ დაასაქმებენ - მიზეზი შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებებია, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში კურიერებად მუშაობა აეკრძალათ.

კომპანიების პოზიცია „ბიემ.ჯი"-მ გაავრცელა: 

„ვოლტი" საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საქართველოში უკვე 7 წელია ოპერირებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში. კომპანია საქმიანობას ახორციელებს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოსა და რეგულაციების სრული დაცვით, და, შესაბამისად, სრულად გაითვალისწინებს საქართველოში მიღებულ ნებისმიერ ახალ სამართლებრივ მოთხოვნას. მოგეხსენებათ, "ვოლტი" ოპერირებს მსოფლიოს 32 ქვეყანაში განსხვავებული კანონმდებლობის პირობებში, რაც კომპანიას, მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, საშუალებას აძლევს ეფექტიანად და ოპერატიულად მოახდინოს ადაპტაცია“, - აცხადებენ კომპანიაში.

„ჩვენთვის ცნობილია საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და „გლოვო საქართველო“ სრულ შესაბამისობაშია მოთხოვნილ წესებსა და ვადებთან. ბიზნესპროცესების კუთხით, „გლოვო“ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. რაც შეეხება ჩვენი უცხოელი პარტნიორი კურიერების წილს, ჩვენი შეფასებით, ეს მაჩვენებელი მცირეა. ჩვენ კვლავაც ადგილობრივ პარტნიორ კურიერებთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე გავაკეთებთ ფოკუსირებას, რათა მომხმარებლებს საუკეთესო მომსახურება და გამოცდილება შევთავაზოთ. აღსანიშნავია, რომ კურიერები ჩვენი პარტნიორები არიან და არა უშუალო დასაქმებულები და დიახ, „გლოვო“ სრულად დაემორჩილება მარეგულირებლის მიერ დადგენილ ყველა წესს“, - განაცხადებს კომპანიაში.

„ჩვენს პლატფორმაზე პარტნიორი მძღოლებისა და კურიერების უმრავლესობას ადგილობრივი მცხოვრებლები წარმოადგენენ. როგორც პლატფორმა, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის, იმ პირობით, თუ ისინი აკმაყოფილებენ ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს მუშაობის უფლებასა და ბინადრობის სტატუსთან დაკავშირებით. საქართველოს კანონმდებლობაში ბოლოდროინდელი ცვლილებების გათვალისწინებით, როგორც კანონმორჩილი კომპანია, ვემორჩილებით ამ მარეგულირებელ წესებს. ეს ნიშნავს, რომ 2026 წლის 1-ელი მარტიდან, საქართველოს ბაზარზე პლატფორმაზე რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ პარტნიორი მძღოლებისთვის, ანუ თვითდასაქმებული პირებისთვის, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. გვსურს განვმარტოთ, რომ ტაქსის მძღოლები და კურიერები არ არიან აყვანილნი შრომითი ხელშეკრულებებით და არ წარმოადგენენ დაქირავებულ დასაქმებულებს. თითოეული ტაქსის მძღოლი თუ კურიერი საქმიანობს როგორც პარტნიორი, რომელიც ჩვენი ელექტრონული პლატფორმისგან იღებს მომსახურებას და სანაცვლოდ პლატფორმას თავისი გამომუშავებული შემოსავლის ნაწილს უხდის“ - განაცხადეს კომპანიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×