
"ლელო - ძლიერი საქართველოს" განცხადებას მმართველ პარტიასთან დიალოგის აუცილებლობაზე ოპოზიციის გულისწყრომა მოჰყვა. არც ადრესატი არ შეეგება ამ განცხადებას ისე, როგორც სავარაუდოდ "ლელო" ელოდა - "ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ "კონსტიტუციის და სისხლის სამართლის დამნაშავეებთან" დიალოგს არ აპირებენ.
"სამაგიეროდ ბევრი სალაპარაკო გექნებათ ჰააგის ტრიბუნალთან",- ასე პასუხობს "ლელოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი "ოცნების" უარს დიალოგის თაობაზე.
ოპოზიციის ალიანსში ნაწილს მიაჩნია, რომ ეს "ბიძინა ივანიშნილთან შეთანხმებული თამაში არ ყოფილა", მათი შეფასებით, "ოცნების" პასუხი "ლელოსთვის" დამამცირებელი იყო.
„ლელო-ძლიერმა საქართველომ" 15 მარტს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების - ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა" და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს, მიუხედავად არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებისა და „ქართული ოცნების" მხრიდან ოფიციალური შედეგებით რეალობის გაყალბებისა".
განცხადების თანახმად, არსებული „პოლიტიკური კრიზისიდან" მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე. ამის პარალელურად ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით, „აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება".
როგორ უპასუხეს "ოცნებაში"
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მის პარტიას "ლელოსთან" სალაპარაკო არაფერი აქვს.
"რადიკალურ ჯგუფებს პრობლემა საქართველოს ხელისუფლებასთან არა აქვთ. მათ პრობლემა საქართველოს კონსტიტუციასთან აქვთ. ამიტომ თუკი მათ რაიმესთან დაკავშირებით უნდა ილაპარაკონ, კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საკითხებზე უნდა ილაპარაკონ, რომელიც ასე უხვად დაარღვიეს. რაც შეეხება "ლელოს", მათ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს - ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი - სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეები არის.
- შალვა პაპუაშვილი: "თუკი მათ რაიმესთან დაკავშირებით უნდა ილაპარაკონ, კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საკითხებზე უნდა ილაპარაკონ, რომელიც ასე უხვად დაარღვიეს"
"ასე რომ, პრობლემაა არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, არამედ პრობლემაა ის, რომ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები ითხოვენ.
"პარტიებმა პოლიტიკური განაჩენი გამოიტანეს მაშინ, როდესაც 2024 წლის არჩევნებზე ქართველი ხალხის ნება არ აღიარეს და უცხო ძალების ხელში საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ იარაღად იქცნენ. მათთან სალაპარაკო არაფერია - მთავარი პრობლემა არის, რომ ისინი დღეს ადამიანებითა და დემოკრატიით ვაჭრობენ",- ამბობს პაპუაშვილი.
რას ამბობენ ოპოზიციურ ალიანსში
"შარლ მიშელის სულის თეფშის ტრიალით გამოძახებას შეეშვით, მეგობრებო, მაინც არ მოვა", - წერს „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია "ლელოს განცხადებაზე.
"ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ "რეჟიმთან მოლაპარაკებები აუცილებლად დაიწყება. ოღონდ დაიწყება ძალაუფლების გადაბარებაზე და არა რეჟიმის გადარჩენაზე.
„ლელო" ნაღდად არ იქნება ამ დიალოგის ინიციატორი". მისი თქმით, „ამ დიალოგის ინიციატორი იქნება ქართველი ხალხი, რომელიც რეჟიმს სხვა გზას არ დაუტოვებს".
- ზურაბ ჯაფარიძე: "გუშინ რუსთაველზე ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს" ეს განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში"
"ლელოს" შეთავაზებას "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც ეხმიანება.
"როდესაც რუსული ტიპის რეჟიმს უკეთებ ასეთ შეთავაზებას, ასეთი დამამცირებელი პასუხი არის ბუნებრივი და ერთადერთი. შეუძლებელია ეს იყოს რაიმე პოზიტივის მომტანი საერთო ბრძოლისთვის ან თავად „ლელოსთვის". მიუხედავად ასეთი პასუხისა, როდესაც მსგავს პოლიტიკურ ნაბიჯს დგამ მეორედ, მესამედ, ეს ადამიანებში აჩენს ეჭვს, რომ „ოცნების" დე- ფაქტო მმართველობის მე-14 წელსაც არ გაქვს ბოლომდე გააზრებული რა ტიპის რეჟიმს ებრძვი და ყოველ ჯერზე, რატომღაც რეჟიმისგან ელი განსხვავებულ პასუხს.
"გუშინ რუსთაველზე ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს" ეს განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში. ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების" პასუხს. აგერ პასუხიც",- წერს ჯაფარიძე.
"ლელოს" პასუხი "ოცნების" უარზე
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ თუ "ოცნებას" "ლელოსთან" სალაპარაკო არ აქვს, სამაგიეროდ ბევრი სალაპარაკო ექნებათ ჰააგაში.
"სამაგიეროდ ბევრი სალაპარაკო გექნებათ ჰააგის ტრიბუნალთან. თუ დაამოკლებთ გზას ტრიბუნალისკენ, მხოლოდ მივესალმები. „ლელომ" დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რა არის გამოსავალი უმძიმეს კრიზისში შესული ქვეყნისთვის - პატიმრების გათავისუფლება, რეპრესიული კანონების გაუქმება და ახალი სამართლიანი არჩევნები.
- სალომე სამადაშვილი: "სამაგიეროდ ბევრი სალაპარაკო გექნებათ ჰააგის ტრიბუნალთან. თუ დაამოკლებთ გზას ტრიბუნალისკენ, მხოლოდ მივესალმები"
"მოლოდინი არავის ჰქონდა, ცხადია, რომ რაიმე რაციონალური გამოხმაურება ექნებოდა ამაზე რეჟიმს. ისტერიკა რამ გამოიწვია, არ ვიცი... ყველა ისტერიკა ყოველთვის ერთი შედეგით კი სრულდება - მისი მომწყობის უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნით... ვინც ფიქრობს, რომ ივანიშვილი დღეს „მიშელის შეთანხმების" მსგავს გამოსავალს ეძებს, მგონია, რომ სამწუხაროდ, აცდენილია რეალობას", - განაცხადა სამადაშვილმა.