მარიამ ვეკუა
16.03.2026

უკრაინაში ომის დასრულებისა და ევროპისთვის იაფი ენერგომომარაგების აღდგენის მიზნით, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი ევროკავშირს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ბევრი ევროპელი ლიდერი ამ პოზიციას პირად საუბრებში იზიარებს, თუმცა, საჯაროდ ამის თქმას ვერ ბედავს, მაშინ როდესაც ევროკავშირში საკითხზე მკვეთრად განსხვავებული პოზიციები იკვეთება.

როგორც „ევრონიუსი" წერს, ბელგიურ გაზეთ L Echo-სთან ინტერვიუში ბარტ დე ვევერმა ევროპას მოუწოდა, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით რუსეთთან შეთანხმებას მიაღწიოს. ამასთან, მისივე თქმით, მოლაპარაკებები ასევე აუცილებელია იაფი ენერგომომარაგების აღდგენისთვის.

როგორც „ევრონიუსი" წერს, ევროკავშირში ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ. კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მხარს უჭერენ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას, მაშინ როცა პოლონეთი და ბალტიის სამი ქვეყანა კატეგორიულად წინააღმდეგია.

როგორც დე ვევერმა აღნიშნა, ბევრი ევროპელი ლიდერი პირად საუბრებში ეთანხმება მის აზრს, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ამბობს.

„პირად საუბარში ევროპელი ლიდერები მეთანხმებიან, მაგრამ ხმამაღლა ამის თქმას ვერავინ ბედავს. ჩვენ უნდა დავასრულოთ კონფლიქტი ევროპის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.

ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ ევროპამ არ უნდა გაიმეოროს წარსული შეცდომები რუსეთთან ურთიერთობაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია აღმოსავლეთ საზღვრებზე ჯარების განლაგება.

„ამავდროულად, ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან და დავიბრუნოთ წვდომა იაფ ენერგიაზე. ეს საღი აზრია", - განაცხადა დე ვევერმა.

შეგახსენებთ, რუსეთი ადრე ევროპას გაზის დაახლოებით 40-45%-ს აწვდიდა.უკრაინაში ომის შემდეგ ევროპამ ეს დამოკიდებულება მკვეთრად შეამცირა. ახლა რუსული გაზი ევროკავშირის მოხმარების დაახლოებით 10%-მდეა შემცირებული.

აქვს პერსპექტივა?

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ამ ინიციატივის განხილვას პერსპექტივა არ აქვს.

"ჩემის აზრით, პერსპექტივა არ გააჩნია ამ ინიციატივას, რადგან რუსეთი მოითხოვს რომ უკრაინამ დონბასიდან გაიყვანოს ჯარები, უკრაინა ამას არ დათანხმდება, ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთი დათმობაზე არ წავა, რომ სიტყვაზე ენერგეტიკული რესურსების ექსპორტი განახორციელოს ევროპაში."

  • ჩიტაძე: "ჩემის აზრით, პერსპექტივა არ გააჩნია ამ ინიციატივას, რადგან რუსეთი მოითხოვს რომ უკრაინამ დონბასიდან გაიყვანოს ჯარები, უკრაინა ამას არ დათანხმდება"

როგორც ჩიტაძე ამბობს, რუსეთთან დათმობებზე წასვლა არ შეიძლება.

"ომის დასრულება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ჯარს საბოლოოდ გაიყვანს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათ შორის, დონბასიდან.

არ მივესალმები ამ განცხადებას, არც მგონია, რომ ეს იყოს მთლიანად ევროკავშირის პოზიცია, რადგან ამას პერსპექტივა არ გააჩნია და რუსეთთან დათმობები არ შეიძლება"- განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×