მარიამ ვეკუა
16.03.2026

ოპოზიციური „ალიანსის" მომავალი, „მოსკოვის მექანიზმის" ანგარიში და ეუთოს კრიტიკული დოკუმენტი - ეს იმ საკითხების ნაწილია, რომლებზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება. მთავრობის მეთაურმა ოპოზიციის გაერთიანება „დისკრედიტირებულად" შეაფასა, ხოლო საერთაშორისო ანგარიშების ნაწილი პოლიტიკურად მოტივირებულად და რეალობას მოწყვეტილად მიიჩნია.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი ისევ ეუთოს კრიტიკული დოკუმენტია, პრემიერის თქმით, ანგარიშის ავტორს დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე ზედიზედ მეორედ თქვა უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, რითაც სცადა ძირი გამოეთხარა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული სისტემისთვის.

„რაც შეეხება ანგარიშში განხილულ კონკრეტულ საკითხებს: პირველი - არჩევნები. საქართველოში შემდგარი არჩევნების მიმოხილვისას, ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო/ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას" არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია ეუთოს და ოდირს არაერთგზის უხეშად დაესხა თავს.

ანგარიშში ვერ ამოიკითხავთ ვერცერთ უარყოფით შეფასებას ოპოზიციის ამ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო.

  • კობახიძე: რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანებას, ამასაც არავითარი ფასი არ აქვს, მთლიანად დისკრედიტირებულია ოპოზიცია, შესაბამისად, შეუძლიათ გააკეთონ იმის კეთება, რასაც აკეთებენ, აბსოლუტურად ნულია მათი წარმატების შანსი",

ანგარიშის ავტორს გამორჩა იმის აღნიშვნაც, რომ ბოლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც სამუშაო ჯგუფებში მრავალთვიანი სამუშაო პროცესის შედეგად ოპოზიციასთან შეჯერდა და რომელიც არჩევნების გაყალბებას სრულიად შეუძლებელს ხდის, რაზეც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წაგებამდე რადიკალური ოპოზიციაც ღიად საუბრობდა. მთლიანობაში, 2024 და 2025 წლის არჩევნების დემოკრატიულობის ეჭვქვეშ დაყენება ვერც მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორმა შეძლო", - განაცხადა პრემიერმა.

ოპოზიციური ალიანსი

ეს არის კრიმინალების განცხადება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ოპოზიციის ალიანსის" განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საზოგადოებას კონკრეტული ინიციატივები გააცნეს, რა მიმართულებითაც იმუშავებენ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის გაერთიანებას არავითარი ფასი არ აქვს, რადგან „მთლიანად დისკრედიტირებულია".

„თქვენ იცით, რით გამოირჩეოდნენ ეს ადამიანები, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და რით გამოირჩევიან ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში.

როდესაც საუბარია ძალადობაზე, თქვენ გახსოვთ მათი ძალადობა მედიასაშუალებებზე, თქვენ გახსოვთ მათი ძალადობა 26 მაისს, როდესაც მშვიდობიან შეკრებას შეეწირა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე და ახლა ეს კრიმინალები, ეს დამნაშავეები,რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიების 20% გადააბარეს, საუბრობენ ასეთ რაღაცებზე.

კრიმინალს გამოუტანა განაჩენი ქართულმა საზოგადოებამ, შესაბამისად, მათ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს საზოგადოების თვალში. ქართულის საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს ერთმანეთისგან შავსა და თეთრს.

რაც შეეხება მათ გაერთიანებას, ამასაც არავითარი ფასი არ აქვს, მთლიანად დისკრედიტირებულია ოპოზიცია, შესაბამისად, შეუძლიათ გააკეთონ იმის კეთება, რასაც აკეთებენ, აბსოლუტურად ნულია მათი წარმატების შანსი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"მოსკოვის მექანიზმი"

პრემიერმა ისაუბრა "მოსკოვის მექანიზმზეც", განაცხადა რომ ასეთი დოკუმენტების არავის ეშინია. მისივრ თქმით, ერთი ექსპერტის მიერ 14 დღეში დაწერილ 100-გვერდიან დოკუმენტს სამართლებრივი დასკვნის პრეტენზია ვერ ექნება.

"რაც შეეხება "მოსკოვის მექანიზმს, ჰააგას და ა.შ. ეს ჩვენთვის ვერ იქნება საინტერესო გამომდინარე იქიდან, რომ ის, რაც არის ასახული "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშში, თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია სიცრუეზე. ეს არ გვაინტერესებს, ჩვენ ერთი რამ გვაინტერესებს, მაგალითად ის, რომ ამ ანგარიშის ავტორს პირი უბრუნდება და საუბრობს მედიის თავისუფლებაზე, როდესაც ამ მექანიზმის ერთ-ერთი ინიციატორია დიდი ბრიტანეთი, რომელმაც პირდაპირ და უხეშად სცადა საქართველოში მედიის გაჩუმება. ეს არის მთავარი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, დანარჩენი ყველაფერი არის უინტერესო.

ვერავის ვერ შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის. არც ჰააგის მექანიზმი არ გვაინტერესებს."- განაცხადა პრემიერმა

"ლელოს" ინიციატივა

ირაკლი კობახიძე „ლელოს" მიერ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, როგორც კობახიძე განმარტავს, ოპოზიციური პარტიები გარე ძალების კარნახით მოქმედებენ.

„აქ შესაძლოა, იგვე მცდელობა ჰქონდეს „ლელოსაც", მაგრამ მეეჭვება, მათ თავი დაიხსნან საკონსტიტუციო სარჩელისგან. ჩვენთვის ეს პარტიები აბსოლუტურად ერთი და იგივეა - „ნაცმოძრაობა", „ახალი", „ლელო", გახარია, ყველა სხვა - ესენი არიან სინამდვილეში ერთი ძალა და მათ აერთიანებთ ერთი საერთო რამ, რომ ყველა მათგანი არის აგენტურა და ისინი გარე ძალების კარნახით მოქმედებენ ჩვენს ქვეყანაში.

ასევე, რაც შეეხება ბოკერიას და მსგავსი ე.წ. პოილტიკოსების განცხადებებს, ასეთ განცხადეებს ისინი უკვე მრავალი წელია აკეთებენ, მათ უყვართ ბაქი-ბუქი და ვერ ელევიან ამ ყველაფერს მიუხედვად იმისა, რომ ვერც ერთ შემთხვევაში მათი ასეთი განცხადებები ვერ აღმოჩნდა წარმატებული. შეუძლიათ რაც უნდათ, ის ილაპარაკონ, საქართველო არის დემოკრატია და სისულელეების ლაპარაკიც შედის დემოკრატიის პრინციპის სივრცეში", - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რა პასუხი აქვს მას „ლელოს" შეთავაზებაზე, კობახიძე პასუხობს, რომ ის ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×